ევროკავშირის საბჭოს წევრებმა საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე შეთანხმებას მიაღწიეს
რამდენიმე წუთის წინ დასრულდა ევროპის საბჭოს მუდმივი წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც საქართველოს საკითხს მწვანე შუქი აუნთეს.
ევროპული საბჭოს მუდმივმა წარმომადგენლებმა გადაწყვეტილება მიიღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოკლე ვადიანი, ანუ 90 დღიანი უვიზო მიმოსვლის შესახებ შენგენის ზონაში.
ეს ნიშნავს, რომ უკვე ოფიციალურად დაიწყება ინტერ ინსტიტუციური მოლაპარაკებები ევროპული საბჭო, ევროპარლამენტის და ევროკომისიის წარმომადგენლებს შორის იმისათვის, რომ დაიგეგმოს ევროპარლამენტში საბოლოო კენჭისყრის თარიღი.
იმისათვის, რომ ევროკაშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეებს უვიზოდ შეეძლოთ გადაადგილება შენგენის ზონაში, საჭიროა სამი ევრო სტრუქტურის – კომისიის, საბჭოს და პარლამენტის თანხმობა. საქართველოს, დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რჩება ბოლო ნაბიჯი – ანუ პარლამენტში კენჭისყრა.