“ფასიანი ტაიმბოლები” ანუ აფიორა ქართულად
გთავაზობთ “სარბიელში” გამოქვეყნებულ წერილს, უკვე საკმაოდ ფართოდ გავრცელებულ პრობლემაზე…
ჩემი აზრით, ფეხბურთი სპორტის ყველაზე ლამაზი სახეობაა. ფეხბურთი რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სპორტი მთავარ ხიბლს დაკარგავდა. ზუსტად 22 ადამიანის მოედანზე სირბილით დაიწყო ის თავგადასავალი, რასაც გულშემატკივრობა ჰქვია. საყვარელი გუნდის მოგება ან წაგება დიდი სიხარულის ან მწუხარების მომტანია.
თუმცა, 21ე საუკუნეში ფეხბურთი სულ უფრო ემსგავსება ბიზნესსაქმიანობას მათთვის, ვისთვისაც ეს არ უნდა იყოს ბიზნესი. საფეხბურთო სამყაროში დიდი ფინანსური რესურსია მობილიზებული და კიდევ უფრო მეტის გამომუშავებას ცდილობენ. რამდენად კანონიერი გზებით ხდება ეს მოქმედებები, სხვა კომპეტენციის ხალხმა უნდა გამოავლინოს, დღეს კი ერთ ისტორიას მოგიყვებით, რომელიც უშუალოდ ჩვენს რეალობაში ხდება: “ფასიანი ტაიმბოლები,” ანუ აფიორა ქართულად.
სოციალური ქსელი ადამიანებისთვის ვირტუალური ურთიერთობის ადგილია. აქ უამრავ ინფორმაცია მიიღება და გაიცემა. ბოლო დროს Facebook-ზე ძალიან მომრავლდა ისეთი შინაარსის მქონე გვერდები, რომლებიც მომხმარებლებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გარიგებული თამაშის შესახებ ინფორმაციას ჰპირდება. წესი მარტივია ჯერ იხდით ფულს და შემდეგ გაწვდიან თამაშის ინფოს. ამის შესახებ მეგობრისგან გავიგე, რომელიც ასეთი გვერდების მორიგი მსხვერპლი იყო და გადამოწმებაც გადავწყვიტე. გადავიდეთ კონკრეტულ საუბარზე. დავუკავშირდი გვერდს და მივიღე პირობა: ერთერთი ტოტალიზატორის ანგარიშზე 70 ლარის ჩარიცხვის შემდეგ მომცემდნენ 66 კუშს. მათი თქმით, პროგნოზის გამართლების ალბათობა 98% იყო. სხვა გვერდმა კი 40 ლარის სანაცვლოდ 24 კოეფიციენტი შემომთავაზა.
ამ თემის უფრო საფუძვლიანად დაიტერესების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ გვერდებმა უკვე უამრავი მოქალაქე მოატყუეს და არც ერთი მათი მოცემული პროგნოზი არ გამართლებულა. გადახდილი ფული კი დაკარგულია და უკვე სხვის ჯიბეში დევს. აღსანიშნავია, რომ დაზარალებულის უმრავლესობა უარს აცხადებს თემაზე ოფიციალურად ისაუბროს. გვერდების ზუსტ სახელწოდებებს კი ავტორი, ჯერჯერობით, შეგნებულად არ გისახელებთ.
და ბოლოს: გარიგებული თამაშების არსებობაში, ალბათ ეჭვი არავის არ გვეპარება, მაგრამ ის მაინც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენამდე ამ გზით ვერასოდეს მოაღწევს. არ მოტყუვდეთ და არ ენდოთ მსგავსი შინარსის შემოთავაზებებს. გამდიდრების ეს გზა ახალ ქართულ აფიორას უკავშირდება. კაცმა რომ თქვას, არც ისე ახალს და არც ისე ქართულს, უბრალოდ, ქართულ რეალობაშია ახალი, შედარებით. ჩემი აზრით, სჯობს, ვუყუროთ ფეხბურთს, როგორც სპორტის გამორჩეულ სახეობას და მივიღოთ მისგან სიამოვნება.