საზოგადოება

ორმხრივი საავტომობილო გზის პროექტი ალექსანდრე პუშკინის ქუჩაზე

პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის მიზნით გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტების პრეზენტაცია თბილისის მერიაში, კონკურსში მონაწილე პირებისა  და კომისიის წევრების თანდასწრებით გაიმართა. პროექტების პრეზენტაციას თბილისის მერი დაესწრო. დავით ნარმანიას განცხადებით, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 17-მა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. 17 პროექტიდან ძირითადი მოთხოვნები 11-მა დააკმაყოფილა და მათგან საუკეთესოს კომისია შეარჩევს.

„ამ ინიციატივამ გაამართლა, ძალიან საინტერესო განხილვა იყო. მე პირადად რამდენიმე პროექტი მომეწონა, თუმცა კომისია ხმათა უმრავლესობით მიიღებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ ტენდერი დეტალურ პროექტირებაზე გამოცხადდება. მე ვფიქრობ, რომ საბოლოო პროექტი  გაზაფხულზე გვექნება და დავიწყებთ სამშენებლო სამუშაოებს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

პუშკინის ქუჩაზე, ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენის კონცეფციის შექმნაზე თბილისის მერიის სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურმა“ კონკურსი მიმდინარე წლის 30 ოქტომბერს გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის უფლება ჰქონდა ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, გარდა შემსყიდველი ორგანიზაციის თანამშრომლების და აღნიშნული კონკურსის ორგანიზებაში ჩართული პირებისა.

მიზანი არის პუშკინის ქუჩაზე ორმხრივი სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა და საპროექტო ტერიტორიის დაცვა-განვითარებაზე ორიენტირებული არქიტექტურულ-ქალაქგეგმარებითი კონცეფციის შემუშავება, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესაბამისი მშენებლობის პროექტის დამუშავებას.