02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოებას აქვს განვითარების მეტი რესურსი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში მეტ დასაქმებულს”  

ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების და მანგანუმის მოპოვების ისტორია საქართველოში გასულ საუკუნეში დაიწყო და იგი ისეთი საზოგადო მოღვაწეების სახელებს უკავშირდება, როგორებიც იყვნენ აკაკი წერეთელი, ნიკო და გიორგი ნიკოლაძეები. აკაკი წერეთლის აქტიურობის შედეგად გაჩნდა საერთაშორისო ინტერესი ქართული მანგანუმისადმი, 1879 წელს კი დაიწყო მანგანუმის ფართომასშტაბიანი მოპოვება და ექსპორტი. ჭიათურიდან მანგანუმის პროდუქციის სწრაფი და იაფი ტრანსპორტირებისთვის ნიკო ნიკოლაძის ინიციატივითა და მეთაურობით გაიყვანეს შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო გზა. მისივე დამსახურებით, პირველმა ამერიკელმა ინვესტორმა ავერილ ჰარიმანმა პირველი ამერიკული ინვესტიცია განახორციელა საქართველოში. გიორგი ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ზესტაფონში ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების საფუძვლის ჩაყრა და პირველი საწარმოს შექმნაც.

დარგის განვითარების ოქროს ხანად საქართველოში 80-იანი წლებია მიჩნეული. 90-იანი წლების მოვლენებმა დარგი თითქმის მოშალა და მისი აღდგენა მხოლოდ XXI საუკუნის დასაწყისში დაიწყო. დღეისთვის ქვეყანაში ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელი 30–მდე კომპანია ფუნქციონირებს. რამოდენიმე დღის წინ სასტუმრო რედისონში “ფერო შენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა” ასოციაციაციის პრეზენტაცია გაიმართა. რა მიზნით შეიქმნა ასოციაცია და როგორია დარგის სამომავლო განვითარების პერსპექტივა, ამ და სხვა საკითხებზე ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაციის თავმჯდომარეს სულხან ხვედელიძეს ვესაუბრეთ:

– ბატონო სულხან, სულ რამდენიმე დღის წინ “ფერო შენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა” ასოციაცია დაფუძნდა. რამდენ კომპანიას და ვის აერთიანებს ასოციაცია?

– ასოციაცია დღეისთვის, დაახლოებით, 20-მდე კომპანიას აერთიანებს. დამფუძნებელია, საქართველოში მოქმედი ისეთი 5 დიდი კომპანია, როგორებიცაა “ჯორჯიან ამერიკან ელოისი”, “ჭიათურმანგანუმ ჯორჯია”, “რუსმეტალი”, “ჯი-თი-ემ გრუპი” და “ჯორჯიან მანგანეზი”.

– საიდან წარმოიშვა ასოციაციის შექმნის იდეა, რამ განაპირობა ამ კომპანიების გაერთიანება და რას მოუტანს დარგს ბიზნესკომპანიების ასოციაციად გაერთიანება?

წლების განმავლობაში ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების და მანგანუმის მოპოვების დარგში სულ რამდენიმე კომპანია საქმიანობდა. სფეროს განვითარებას თან მოჰყვა საწარმოთა რაოდენობის ზრდაც. დღეისათვის სფეროში უკვე 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს. ვფიქრობთ, დარგის განვითარებას სჭირდება ერთიანი ხედვა, რამაც დააყენა საჭიროება ერთიანი ასოციაცია შეგვექმნა.

ასოციაციის შექმნა ხელს შეუწყობს მთავრობასთან და პარლამენტთან კომუნიკაციის გაძლიერებას, რათა მოხდეს დარგში მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა. ასევე ვაპირებთ ვითანამშრომლოთ  საგანმანათლებლო სექტორთან, რათა მოხდეს დარგთან დაკავშირებული პროფესიების პოპულარიზაცია.  დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ, მთავრობასთან, პარლამენტთან, საერთაშორისო ინსტიტუტებთან, სამოქალაქო და საგანმანათლებლო სექტორთან ერთად შევძლებთ, დავძლიოთ არსებული გამოწვევები, განვავითაროთ დარგი, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები, გავზარდოთ ექსპორტის მოცულობა და გავაძლიეროთ საქართველოს ეკონომიკა.

– რა ადგილი უკავია “ფერო შენადნობი პროდუქციის ბიზნესს ქართულ ეკონომიკაში და რამდენად მნიშვნელოვანია დარგის განვითარება ექსპორტის კუთხით?

– თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ეკონომიკაში ფერო შენადნობ პროდუქციის წარმოებას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია. წლიურად ქვეყანაში დაახლოებით 300 000 ათას ტონამდე პროდუქცია იწარმოება. ფეროშენადნობი პროდუქციის წლიური ექსპორტი კი 700 მლნ ლარს აჭარბებს. დარგი ქვეყანაში უცხოური ვალუტის ერთ-ერთი მთავარი შემომტანია. მთლიანობაში მის მიერ ეკონომიკაში შეტანილი წვლილი წლიურად 1.1 მლრდ ლარს აღემატება.

ამ ეტაპზე სფეროში დასაქმებულია 15 000 ადამიანი, თუმცა დარგს აქვს პოტენციალი გაზარდოს წარმოება და შესაბამისად დასაქმებულთა რაოდენობაც. საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებზე დაყრდნობით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენს წარმოებაში დასაქმებული ყოველი ადამიანი, დამატებით კიდევ 4.7 ახალ სამუშაო ადგილს ქმნის.

– რა პერსპექტივები გააჩნია ქართულ პროდუქციას მსოფლიო ბაზარზე და რა გამოწვევების წინაშე დგას დარგი?

– ბუნებრივია, ბიზნესი ცოცხალი პროცესია, რომელსაც თან ახლავს მიღწევებიც და გამოწვევებიც. მსოფლიო ფეროშენადნობი პროდუქციის ბაზარზე წლების განმავლობაში ხდება ფასის ვარდნა, რაც რკინაზე მოთხოვნის შემცირებითაა განპირობებული. ამის მიუხედავად საქართველოს აქვს მსოფლიო ბაზარზე მეტი წარმატების პერსპექტივა, რისთვისაც დარგს სახელმწიფოს ხელშეწყობაც სჭირდება. ხელშეწყობის ერთ-ერთი კარგი მაგალითია ამერიკის შეერთებულ შტატებთან არსებული სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქართული ფეროშენადნობი პროდუქცია ამერიკის ბაზარზე განთავისუფლებულია იმპორტის გადასახადისაგან. მაშინ როცა შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დამატებითი გადასახადი დაუწესა ისეთ დიდ მწარმოებელ ქვეყნებს, როგორებიცაა ინდოეთი, ავსტრალია, აფრიკის ქვეყნები. ეს ყველაფერი ქართველ მწარმოებლებს საშუალებას გვაძლევს ვიყოთ უფრო კონკურენტუნარიანები და უფრო მეტად ავითვისოთ ამერიკის ბაზარი, ისევე, როგორც ვეძებოთ ალტერნატიული ბაზრები. მსოფლიო ბაზარზე კონკურენტუნარიანობას ფასი განსაზღვრავს, ფასს კი თვითღირებულება. საჭიროა გონივრული ნაბიჯების გადადგმა იმისათვის, რომ დარგმა უკვე მოპოვებული ნიშა შეინარჩუნოს და გააძლიეროს თავისი პოზიციები ბაზარზე.

– ვისთან აპირებთ ამ საკითხებზე თანამშრომლობას და აწარმოებთ თუ არა მოლაპარაკებებს?

– როგორც უკვე მოგახსენეთ, ასოციაცია ჩამოაყალიბებს კონკრეტულ მიზნებსა და ხედვებს, რის შემდეგაც ვაპირებთ ვითანამშრომლოთ, როგორც მთავრობასთან, ისე არასამთავრობო სექტორთან. ერთიანი მიზნების და კომპრომისების მოძებნით კი დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ საერთო მიზანს. გარდა ამისა მსოფლიოში არსებობს მსგავსი ასოციაციები, რომლებთანაც მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება იგეგმება, რაც საბოლოოდ დარგში თანამედროვე სტანდარტების დანერგვით აისახება. ასოციაციის შექმნის პირველივე დღეს თანამშრომლობის წინადადება მივიღეთ უკრაინის მსგავსი ტიპის ასოციაციისგან. დიდი იმედი მაქვს, რომ შემოთავაზებების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

– დასაქმება, როგორც სოციალური პასუხისმგებლობა, – როგორ იზიარებს მას ბიზნესასოციაცია?

– ქართული ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელ ყველა კომპანიაში უკვე დანერგილია მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი უახლესი ტექნოლოგიები, რაც თავისთავად უკვე უზრუნველყოფს დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას. დღეისათვის დარგში 15 000-მდე ადამიანია დასაქმებული, მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ ქარხნები მდებარეობს რეგიონებში და დასაქმების წილიც სწორედ რეგიონებზე მოდის, იქ სადაც უმუშევრობის პრობლემა დედაქალაქთან შედარებით  ყველაზე მძაფრადაა გამოხატული. გავმეორდები, რომ დარგს აქვს განვითარების მეტი რესურსი, რაც თავისთავად ნიშნავს ქვეყანაში მეტ დასაქმებულს.

– დარგის შემდგომი განვითარებისთვის აუცილებელია არა მარტო ტექნოლოგიები, არამედ კადრებიც. რამდენად პოპულარულია ეს დარგი ახალგაზრდებში და რას გააკეთებს ასოციაცია მისი პოპულარიზაციისათვის?

–  ჩვენი ერთ-ერთი პირველი საზრუნავი სწორედ დარგის პოპულარიზაციაა. დარგი ვითარდება და იგი მოითხოვს კვალიფიციური კადრების არსებობას. იმისთვის, რომ არ შეიქმნას საკადრო დეფიციტი სფეროში, ვაპირებთ ვითანამშრომლოთ საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან. ვფიქრობთ გავაფორმოთ მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას შევუწყობთ ხელს, მაგალითისთვის, შესაძლებელია სფეროს წამყვანი სპეციალისტების მოწვევა და მასტერკლასის ჩატარდება სტუდენტებისათვის, ასევე შესაძლებელია მათი სტაჟირება ადგილობრივ და უცხოეთში არსებულ საწარმოებშიც. სფეროს განვითარება თავისთავად აჩენს დამატებითი სამუშაო ადგილის რესურსს, რაც წარმატებული სტუდენტების დასაქმებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ წარმოებებში.