03/05/2024
Latest:
საზოგადოება

ფონდი “ქართუ” კვიპროსში, ღალიის ქართველთა მონასტრის რესტავრაციას ახორციელებს

2015 წლის მონაცემების მიხედვით, ფონდი “ქართუ” 65 ეკლესია მონასტრის რეკონსტრუქცია-რესტავრაციას ახორციელებს. ინფორმაცია ამის შესახებ “აიპრესმა” ფონდი “ქართუდან” გამოითხოვა. ჩამონათვალს შორის ყურადღებას იქცევს ღალიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, რომლის ისტორიაც მე-10 საუკუნიდან იწყება.

ღალიის ქართველთა მონასტერი, როგორც ამას ქართულ-კვიპროსული წერილობითი წყაროები და მდიდარი არქეოლოგიური მონაპოვარნი გვიჩვენებენ, უწყვეტად მოქმედებდა მეათედან მეთექვსმეტე საუკუნის ჩათვლით. მონასტრის კათოლიკე ტაძარი ყოველთა ქრისტიანთა დედის ღვთისმშობლის სახელობისა იყო (ციკნოპულოს „პაფოს ეკლესიის ისტორიაში“ მას „ხრისოიალიოტისა“ ეწოდება). ჩრდილოეთიდან მას ეკვრის წმინდა გიორგის სახელობის მცირე ეკლესია, რომლის შესასვლელთან მარჯვენა მხარეს შემორჩენილია წმინდანის ფრესკის (XI-XII სს.) ნაწილი. ორასიოდე მეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებობს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, რომლის მიწისქვეშა სართული ბერთა საძვალეს (კრიპტას) წარმოადგენს. ღალიის მონასტერს მჭიდრო კავშირი ჰქონდა წმინდა მიწისა და საქართველოს სხვა მონასტრებთან. მის კეთილდღეობაზე ზრუნავდნენ საქართველოს დიდი მეფენი დავით აღმაშენებელი (1089-1125) და თამარი (1184-1213). მონასტერში ცხოვრობდა ქართველი წმინდანი ნიკოლოზ დვალი (†1314), რომელიც წმინდა მიწიდან აქ გამოხიზნეს იერუსალიმის წმინდა მამებმა, რადგან იქ საფრთხე ემუქრებოდა.

ბუნებრივია, ღალიის სამონასტრო კომპლექსის ტაძრებში მრავალი წმინდა ხატი ინახებოდა. სამწუხაროდ, ჩვენამდე არც ერთ მათგანს არ მოუღწევია.

საქართველოსა და კვიპროსის მთავრობებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, კვიპროსის რესპუბლიკის სიძველეთა განყოფილების მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე და სრულიად საქართველოს კათილიკოს-პატრიარქის ილია მე-II ლოცვა-კურთხევით საქართველოს კულტურის სამინისტრომ 2006 წლის 5 სექტემბერს კვიპროსზე მოავლინა მისი პირველი დელეგაცია, რომლის მიზანი იყო ღალიას ქართულ მონასტერში არქეოლოგიური გათხრების ჩატარება.

ოთხი კვირის განმავლობაში დელეგაციამ განახორციელა ფართო მასშტაბის არქეოლოგიური სამუშაოები. იალიის (ღალიის) მონასტრის ფართი ნანგრევების მიხედვით განისაზღვრა 500 მ2, დაზუსტებულ იქნა მისი საზღვრები და სამშენებლო ფაზები, ასევე ზუსტად განისაზღვრა მისი ქრონოლოგია.

წყარო: Ipress