03/05/2024
Latest:
საზოგადოება

ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატი: პატარკაციშვილებთან სასამართლო დავა გრძელდება

პატარკაციშვილების ოჯახსა და ვანო ჩხარტიშვილს შორის თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს მედიაში არასწორი გამოხმაურებები მოჰყვა, რის გამოც მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ შემდეგი:

ჩვენ არასდროს, არც წარსულში და არც ახლა, არ შეგვითავაზებია პატარკაციშვილების ოჯახისთვის რაიმე სახის კომპენსაცია და დაინტერესებულ მედია საშუალებებში ამ დღეებში გახმაურებული თანხა და პოზიცია არის კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატებისა და ფაქტების არასწორი ინტერპრეტაციის შედეგი.

ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების შემდეგ, მისი ოჯახი, საერთო აქტივების არსებობის თაობაზე, პირადად ვანო ჩხარტიშვილის მიერ იქნა საქმის კურსში ჩაყენებული. ასევე შეთავაზებულ იქნა წინადადება დროულად დათვლილიყო ურთიერთვალდებულებები. სააკაშვილის რეჟიმის დროს ამის გაკეთება შეუძლებელი გახდა, 2012 წლიდან კი დაიწყო სასამართლო პროცესები.

დავის დაწყების პირველი დღიდანვე, ჩვენ ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ მზად ვიყავით მოლაპარაკებისთვის და მოწინააღმდეგე მხარეს შევთავაზეთ, ჩვენი აზრით, მორიგების ყველაზე სამართლიანი მოდელი. კერძოდ, მათ უნდა აერჩიათ მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტული 5 აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთი, რომელიც სადაო აქტივების შესწავლას მოახდენდა. ჩვენ მზად ვიყავით, უპირობოდ გაგვეზიარებინა აუდიტორის დასკვნა და მათი მომსახურების თანხაც გადაგვეხადა. სამწუხაროდ, პატარკაციშვილებმა სასამართლოს გზა არჩიეს და უკვე წლებია სასამართლო დავები საქართველოს და ინგლისის სამართლებრივ სივრცეში მიმდინარეობს.

დღემდე დასრულებულია მხოლოდ ერთი სასამართლო დავა. ინგლისის სასამართლოზე ოჯახმა აღიარა, რომ ყველაზე ღირებული სადაო აქტივი-ყულევის ტერმინალის წილი, მათ არ ეკუთვნოდათ და ამ თემაზე ვანო ჩხარტიშვილთან აღარ გააგრძელებდნენ დავას.

სხვა აქტივებზე პირველი ინსტანცია ჩვენ წავაგეთ ინგლისში, მოვიგეთ თბილისში. არცერთი ეს გადაწყვეტილება არ არის შესული ძალაში. თბილისში მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლო. იგივე ხდება ინგლისშიც, ამ დღეებში ლონდონის სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად ცნო ჩვენი არგუმენტები და საქმის განხილვა დეკემბრისთვის დანიშნა.

იმედი გვაქვს, მოდავე მხარე მის საკუთრებაში არსებულ მედია საშუალებებს საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად არ გამოიყენებს, რადგან სიმართლის დადგენა მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.