საზოგადოება

გენმოდიფიცირებული პროდუქცია ქართულ ბაზარზე

სულ რაღაც სამი ათეული წელია, რაც გენური ინჟინერიის ტექნოლოგია დაინერგა. მას შემდეგ არ წყდება დავა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია გენმოდიფიცირებული პროდუქციის გავლენა ადამიანის ორგანიზმზე.

გამომდინარე იქიდან, რომ გენური ინჟინერიით მიღებულ სურსათს ადამიანი მხოლოდ 25-30 წელია, რაც მოიხმარს, არ არის გამორიცხული, რომ ჩვენ არ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია მისი მიღებით გამოწვეულ უკუჩვენებებზე.

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტის მოხმარება შესაძლოა, საფრთხის შემცველი იყოს. ამის გამო, მსოფლიოს ბევრი ქვეყანის კანონმდებლობა ითხოვს გენმოდიფიცირებულ პროდუქტებზე წარწერის “გმო” ან “გმ” მითითებას.

საქართველოში კანონი გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტის სავალდებულო ეტიკეტირებასთან დაკავშირებით 2015 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში. შესაბამისად, ბიზნესოპერატორებს დაევალათ, სარეალიზაციო საქონელზე აღნიშნული ინფორმაციის განთავსება.

კანონი აყალიბებს მოთხოვნებს სურსათისა და ცხოველის საკვების სავალდებულო ეტიკეტირებისადმი. თუ პროდუქცია შეიცავს 0,9 %-ზე მეტ გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს ან მისგან არის წარმოებული, ინფორმაცია ამის შესახებ უნდა განთავსდეს ეტიკეტზე.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი, კახა სოხაძე აცხადებს, სააგენტო მესამე წელია ბაზარზე არსებული სურსათის ლაბორატორიულ კვლევას აწარმოებს გმო-ს შემცველობაზე. მისი თქმით, პროცესი გარკვეული პერიოდულობით ხორციელდება.

“გასულ წელს, ჩვენ გვქონდა ორი შემთხვევა, როდესაც პროდუქტი (კერძოდ, სოიო) შეიცავდა გმო-ს, მაგრამ ინფორმაცია ამის შესახებ ეტიკეტზე დატანილი არ იყო. ამის გამო, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბიზნესოპერატორი კანონის შესაბამისად დააჯარიმა”, -აღნისნავს კახა სოხაძე.

ჯარიმა ეტიკეტირების დარღვევისთვის, ბაზარზე გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქციის გამოტანის გამო, 5000 ლარია, იმავე წელს განმეორების შემთხვევაში კი – 10 000 ლარი. ამავდროულად, კანონი ითვალისწინებს პროდუქციის განადგურებას.

კახა სოხაძის განცხადებით, სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის განმავლობაში 200 ნიმუშის ლაბორატორიულ კვლევას განახორციელებს. მისივე ინფორმაციით, შემოწმება ეხება ყველა სახის საქონელს, მაგრამ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობა ძირითადად იმპორტირებულ სურსათში ფიქსირდება.

“ძირითადი პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებშიც, შესაძლოა, აღმოჩნდეს გმო-ს შემცველობა არის, სოიო, კარტოფილის სახამებელი, ბრინჯი, მცენარეული ცხიმები, ფქვილეული, სხვადასხვა კონსერვი. ჩვენი ძირითადი სახელმძღვანელო არის ევროპული გამოცდილება და “გრინფისის” ე. წ. შავი სია, რომელსაც აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაცია პერიოდულად აქვეყნებს.”- განაცხადა კახა სოხაძემ.

სურსათის ეროვნული სააგენტო ორგანიზებულ სამომხმარებლო ბაზარს, საბაჟოს კი შემოსავლების სამსახური აკონტროლებს. რაც შეეხება გარე ვაჭრობას, კონტროლის მექანიზმები აქ ნაკლებად მუშაობს, რადგან აღნიშნული საქმიანობა უკანონოდაა მიჩნეული.

“გარევაჭრობა აკრძალული საქმიანობაა და მასზე ოფიციალური კონტროლი არ ხორციელდება”, -აღნიშნა სოხაძემ.

როგორც ხარისხის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, ირაკლი ჭკადუამ განაცხადა, რომ ლაბორატორიაში მომართვიანობა გარკვეულწილად გაიზარდა მას შემდეგ, რაც გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებასთან დაკავშირებული კანონი ამოქმედდა.

მისი თქმით, ქართულ ლაბორატორიაში უკვე შესაძლებელია კვლევების ჩატარება გმო-ს შემცველობასთან დაკავშირებით.

“ხდება დნმ-ის ექსტრაქცია და შემდეგ უკვე მიმდინარეობს გამოყოფილ დნმ-ზე ტესტირება, რის საფუძველზეც დგინდება შეიცავს თუ არა სურსათი რაიმე გენს.გმო-ს შემცველობის დადგენა მხოლოდ ლაბორატორიული კვლევითაა შესაძლებელი”,-განაცხადა ირაკლი ჭკადუამ.

ამგვარად, მომხმარებელი ვერ იგებს არის თუ არა, ესა თუ ის პროდუქცია გმო-ს შემცველი, თუ შესაბამისი ინფორმაცია მის ეტიკეტზე ეს არ არის განთავსებული.


www.allnews.ge