01/03/2024
Latest:
საზოგადოება

გერმანული “დოიჩე ბანი” ირანში ტვირთებს საქართველოს გავლით გადაზიდავს

მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლომდე გერმანული კომპანია Deutsche Bahn „სამხრეთ-დასავლეთის“ მარშრუტით სატესტო მატარებელს გაუშვებს.

ამის შესახებ „აზერბაიჯანის რკინიგზის“ წარმომადგენელმა ნადირ აზმამედოვმა განაცხადა.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება თეირანში, აზერბაიჯანის, ირანისა და საქართველოს რკინიგზის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე იქნა მიღებული. შეხვედრას ასევე ესწრებოდა Deutsche Bahn-ის აღმასრულებელი დირექტორი ანდრე ჰემპელი.

„საკონტეინერო მატარებელი რუმინეთის პორტ კონსტრანცადან დაიწყებს მარშრუტს და თეირანში 8 დღეში ჩავა. კონსტრანცადან კონტეინერებს ზღვის გავლით ქართულ პორტში ჩაიტანენ, იქიდან კი, რკინიგზით – აზერბაიჯანის სადგურ ასტარაში. ამის შემდეგ, სატვირთო მანქანების საშუალებით კონტეინერებს ჩაიტანენ ირანულ სადგურ გაზვინზე, შემდეგ კი, რკინიგზით თეირანში“, – განაცხადა ნადირ აზმამედოვმა.

მისი ცნობით, მოლაპარაკებების დროს, შეხვედრის მონაწილეებმა საერთაშორისო სატრანსპორტო კორიდორ „სამხრეთ-დასავლეთის“ განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს, ასევე ინდოეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტვირთების ევროპაში გადაზიდვის მექანიზმზე.

„გერმანულმა კომპანიამ ამ მარშრუტით ევროპიდან ირანში, სპარსეთის ყურესა და ინდოეთში ტვირთების გადაზიდვით გამოთქვა დაინტერესება“, – განაცხადა აზმამედოვმა.