06/05/2024
Latest:
საზოგადოება

ღარიბაშვილი „დიდ ავიაციაში“ ბრუნდება

პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი დიდ პოლიტიკაში ბრუნდება. თუმცა, რა სტატუსით, ეს მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ გახდება ცნობილი. პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიას აუცილებლად ექნება კონსულტაციები და ამ კონსულტაციების შედეგად გაირკვევა, თუ როგორი იქნება ექსპრემიერის ჩართულობა პარტიის სამომავლო საქმიანობაში.

მაშ ასე, კონსულტაციები ირაკლი ღარიბაშვილთან ჯერჯერობით არ გამართულა, თუმცა ცნობილია, რომ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ აპრილში დაგეგმილ ყრილობაზე ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. „ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატები თანხმდებიან, რომ ღარიბაშვილის გამოცდილება და რესურსი პარტიას წაადგება.

დეპუტატი თამაზ მეჭიაური აცხადებს, რომ საქმის კურსში არ არის, რადგან არ მონაწილეობს ასეთ მოლაპარაკებებში, თუმცა მიესალმება ღარიბაშვილის პარტიის საქმიანობაში ჩართვას.

„ირაკლი ღარიბაშვილი უკვე გამოცდილი კადრია, აქვს ქარიზმა და მისი ჩართვა პარტიის პოლიტიკურ საქმიანობასა და არჩევნებისთვის მაღალი შედეგის მიღებას ხელს შეუწყობს. ასე რომ, მივესალმები მის ჩართულობას პარტიის საქმიანობაში“, – აცხადებს თამაზ მეჭიაური.

უმრავლესობისგან განსხვავებით, პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი დარწმუნებული არ არის, რომ კოალიციის ყველა სუბიექტი თავს ბედინერად იგრძნობს, თუკი სიის თავკაცად ირაკლი ღარიბაშვილი ეყოლებათ.

„უპირველეს ყოვლისა, სრულად გულწრფელად ვურჩევდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ ჩაფიქრდეს ქართულ ანდაზაზე – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო. თუ თანამდებობიდან წავლის შემდეგაც ვერ მოახერხა საკუთარი დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, კვლავ იმ გავლენების ქვეშ დარჩა, რომლის გამოც სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდა მისთვის შეუფერებელ თანამდებობაზე, მხოლოდ მივუსამძიმრებდი ასეთ რეალობას.

ამ ახლგაზრდა კაცს გააჩნია უნარები, რომ თუ თავად მიიღებს გადაწყვეტილებებს, უფრო ეფექტური იყოს საკუთარი პერსპექტივისა და შეხედულებების გამოხატვისას. ვფიქრობ, მას გამოვლილი აქვს ის ეტაპი, გახდეს „ქართული ოცნების“ ავტორის ყმა. ვფიქრობ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პოპულარი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მცირედს, მაგრამ საკუთარს შესძენს ჩვენს ქვეყანას“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.

დამოუკიდებელი ექსპერტი, ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ ღარიბაშვილის ერთგვარი პოლიტიკური რეანიმაციის მცდელობა აქვს.

„ამ ნაბიჯით სურთ გააქარწყლონ საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი, რომ თავის ლიდერებს ასე ცუდად ექცევიან. ეს არის ერთგვარი რევერანსი ირაკლისადმი. მისი პოლიტიკური აქციები ამ ეტაპზე დიდად არ ფასობს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისასზაალ ანჯაფარიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ აქტიურად განიხილებოდა საკითხი ექსპრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ექსპერტი, რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ღარიბაშვილის გამოცდილების დაკარგვა არ შეიძლება, თუმცა მიაჩნია, რომ მისი სიაში ჩასმა მომგებიანი არ იქნება „ქართული ოცნებისთვის“

„მისი გამოცდილება გამოყენებული უნდა იქნას იმ მიმართულებით, სადაც საჯარო როლი ნაკლებად ექნება, რადგან სწორედ საჯარო სივრცეში ვერ მოიპოვა ავტორიტეტი, რომელიც მის პრემიერობას გაამყარებდა. საჯარო სივრცეში უფრო ემოცუირი გამოჩნდა. ამიტომ, აუცილებელი არ არის მისი საჯარო სივრცეში მოქმედება. უამრავი სხვა საქმეა საარჩევნო კამპანიაში წმინდა ორგანიზაციული თვალსაზრისით, რომლის მოგვარების და ხელმძღვანელობის გამოცდილებაც ღარიბაშვილს გააჩნია. ასე რომ, გააჩნია სად დააბრუნებენ“, – აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

პოლიტიკური კონსულტატის, ვალერიან გორგილაძის განცხადებით, კონსულტაციების გამართვა აუცილებლად არ ითვალისწინებს თანამშრომლობას. მისი თქმით, აღმასრულებელი მდივანი კატეგორიულ განცხადებას ვერ გააკეთებდა თანამშრომლობის პერსპექტივასთან დაკავშირებით და მისი დიპლომატიური განცხადება მიანიშნებს იმას, რომ ღარიბაშვილთან საუბარი იქნება ან დაშორების ფორმეზე, ან თანამშრომლობაზე.

„ვერ წარმომიდგენია ღარიბაშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შორის რა კოალიციაზე შეიძლება იყოს საუბარი. თუ იგულისხმება ღარიბაშვილის და მისი ჯგუფის გარკვეული გავლენა კახეთზე, შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამან მიიღოს თანამშრომლობის ფორმატი, მაგალითად როგორც გერმანიაშია, როდესაც „ქრისტიან დემოკრატიული კავშირი“ მჭიდროდ თანამშრომლობდა „თავისუფალ ლიბერალებთან“. შეიძლება ვიხილოთ მსგავსი კონფიგურაციები, მაგრამ მაინც ეჭვი მეპარება, ვინაიდან კვირიკაშვილის ფონზე არადამაჯერებლად გამოიყურება ღარიბაშვილის პრემიერობა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ღარიბაშვილის მიმართ მთავარი პრეტენზია იყო ის, რომ დისტანცირება ვერ შეძლო კლანისგან. ამ შემთხვევაშიც, თუკი პოლიტიკურ სუბიექტად ჩამოყალიბდა, ძნელი წარმოსადგენია განთავისუფლებლდეს იგივე კლანის გავლენისგან. ამომრჩევლის ძირითად პრეტენზიას სწორედ რომ კლანური გავლენა იწვევს“, – აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.

წყარო: For.ge