02/05/2024
Latest:
საზოგადოება

რატომ გამყარდა ლარი, ანუ ეგზოტიკური სამხეცის პერსონაჟები

რატომ გამყარდა ლარი, რამ გააძვირა ნავთობი და რატომ არავის გაახსენდა ქართველი რაგბისტების ტრიუმფზე ივანიშვილის მიერ სპორტის ამ სახეობის განვითარებაში ჩადებული 100 მილიონი

ყველა ეს კითხვა რიტორიკულია. პასუხები ისედაც ცხადია. იქ, სადაც ვნებები დუღს, ჭეშმარიტება ორთქლდება. ვნებები კი საქართველოში ყოველთვის დუღს. სწორედ ამიტომ, ჭეშმარიტება ყოველთვის გამქრალია.

ლარის დრეიფი
ამ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია მიუკერძოებელი განსჯა. ბანტუსტანში, რომელსაც საქართველო ჰქვია, ერთუჯრედიანი პოლიტიკოსები, დიპკორპუსის მიერ შერჩეული, კარგად დაგრანტული არასამთავრობოები და გონებაშეზღუდული პოლიტიკური ისტებლიშმენტი, რომელიც პოლიტიკური გვამებისგან, იხტიოზავრებისგან და ოროსანი ცხვირმოუხოცავი გიმნაზიელებისგან შედგება, ამ ქვეყანაში ამერიკული ორპარტიულობის დანერგვას ცდილობს. რაც ცივილიზაციას წარმოადგენდა რომში, ის ვანდალებისთვის კუდის ფუნქციას ასრულებდა მხოლოდ. ორ ბანაკად – ,,პროდასავლელები” და ,,პრორუსები” გადანაწილებული ექსპერტები მზის ქვეშ ადგილს, სალაფავს და სარჩოს ეძებენ, ამიტომაც საღი აზრი გამქრალია. პარტიული პრესა, განსაკუთრებით ტელემედია, მათ მიერ საგულდაგულოდ შერჩეული ანალიტიკოსების მეშვეობით, მოწინააღმდეგის გაშავებას ცდილობს. უპირატესობა აშკარად ნაცონალი ექსპერტების მხარესაა. მათ მოახერხეს ოცნების უკანასკნელი მოჰიკანების მარგინალიზაცია და ორგანიზაციებს – ,,მოქალაქე” და ,,20/30″, უკანასკნელი სპიკერები გაუშარჟეს – ზოგს სულელი ეძახეს, მაგალითად ტელეკომპანია ,,პირველის” ეთერში, ხოლო ზოგიც ისე მიჯირყვნეს, ხმას ვერ იღებენ და მხოლოდ იმით კმაყოფილდებიან, რომ ხმას ვერ იღებენ ,,რუსთავი 2”-ის წამყვანის დასმულ კითხვაზე. რა იქნა, ,,ოცნებამ” კაპიტულაცია გამოაცხადა?

რიტორიკულია ზემოთ დასმული შეკითხვები. მიუხედავად პრონაციონალური მედიის და არასამთავრობოების ერთიანი, ძლიერი და კარგად დაფინანსებული ფრონტისა, ცხადია, რომ ლარის გაუფასურება არ იყო მხოლოდ გიორგი ქადაგიძის ბრალი, იგი ბევრი საშინაო და საგარეო ფაქტორის ერთობლიობის შედეგია. თუმცა, ლარის დევალვაციის ხასიათი, მისი მყისიერი ვარდნები და თანამდევი ნეგატივი, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის პიროვნებით რომ იყო მნიშვნელოვანწილად განპირობებული, ეჭვგარეშეა. აქ არ შეუვუდგები არგუმენტების მოყვანას – თვალში იმდენი ნაცარი გვაყარეს, რომ მედიაში დომინირების პირობებში, თავის სიმართლეს მარტო დარჩენილი მიხეილ დუნდუა კი არა, ეკონომიკის და ფინანსების ვერცერთი ჯადოქარიც კი ვერ დაამტკიცებს. არავის უმტკიცებია, რომ ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების ხარჯვა კარგია, რომ ისინი უნდა განიავდეს, მაგრამ სათანადოდ და ეფექტურად რომ უნდა დაიხარჯოს, ამას პერიოდულად თვით სებ-ის მიერ სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ინტერვენციებიც ცხადყოფს. მაგრამ ისინი ხორციელდებოდა ისე, იმგვარად და იმ დროს, რომ ნაცმოძრაობის აქტივისტ ქადაგიძეს ოდესის გუბერნატორ სააკაშვილის მითითებები პირნათლად შეესრულებინა, შეძლებისდაგვარად წაებიძგებინა ინფლაციისთვისაც და დესტაბილიზაციის, აგრეთვე, არასტაბილურობის მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო დიდი ხნის განმავლობაში.
ქადაგიძის წასვლის შემდეგ, ლარის მყისიერი გამყარებაც ამის ნიშანია. კი მიუთითებს რომან გოცირიძე ამ გამყარების კომპონენტებზე – ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასა და ნაშთებიდან აღებული ფულის ფაქტორებზე, სხვათაშორის მთავრობის როლიც უმნიშვნელოვანესია, როგორც დევალვაციის ისე გამყარების პროცესში, მაგრამ სებ-ის პრეზიდენტის ფაქტობრივად დივერსიული ქმედებების ნეიტრალიზებას ვერცერთი მთავრობა ვერ შეძლებდა. რაც უნდა სახოტბო სიუჟეტები უძღვნას ,,რუსთავი 2”-მა პოლიტიკურ ავანსცენაზე შემოსავარდნად გამზადებულ ქადაგიძეს, მისი ნეგატიური როლი ლარის ვარდნაში უეჭველია, რომ არაფერი ვთქვათ მანამდელი მოღვაწეობის შავ-ბნელ მომენტებზე.
ახლა ჯერი სებ-ის ახალ პრეზიდენტზე – გვენეტაძეზეა.

პრეზიდენტი გვენეტაძე
მინდა მკითხველთან გულწრფელი ვიყო. ამიტომ ვიტყვი, რომ ლარის გამყარება (ასეთი გამყარება) არც საგარეო ფაქტორებს უკავშირდება და არც საშინაოს (,,20/30”-ის ექსპერტი ამას ექსპორტის ზრდას უკავშირებს, სხვა ფაქტორებან ერთად, თუმცა, ჩემთვის უცნობია რა ექსპორტი გაგვეზარდა ბოლო დროს ჩინეთში გაგზავნილი რამდენიმე ბოთლი ღვინისა და რუსეთში გაგზავნილი საადრეო ბოსტნეულის გარდა). არც ახალი პრეზიდენტის დამსახურება მგონია ეგ. ვფიქრობ, ლარის ბოლოდროინდელი, რამდენიმე თვიანი დრეიფი წინ და უკან, აშშ-ს ელჩ კელის დამსახურებაა. სავარაუდოდ, მან ჩამოიტანა მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა უნდა მოწესრიგებულიყო და გათავისუფლებულიყო დივერსანტებისგან, ქადაგიძეს მიეღო წასვლის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტია და სებ-ის სათავეში მოსულიყო ყველასთვის მისაღები პიროვნება. სწორედ ასეთია კობა გვენეტაძე – ყოფილი მაღალჩინოსანი შევარდნაძის მთავრობაში, ეგრეთწოდებული ,,ახალგაზრდა რეფორმატორების~ კლანიდან (ჟვანია-სააკაშვილი), სავალუტო ფონდსა და საერთაშორისო საფინანსო ორგანზიაციებში ნამუშევარი, მათი წარმომადგენელი აზერბაიჯანსა და ყირგიზეთში, რომელმაც მიიღო ,,ქართული ოცნების” და ,,ნაციონალების” მხარდაჭერა (გასაოცარია, მაგრამ ფაქტია), პრივილეგირებული არასამთავრობოების თანხმობა, რომლებიც კონკრეტული წრეების ინტერესებს გამოხატავენ, მარგველაშვილის და რაც მთავარია, ივანიშვილის რწმუნებები. ყველა კმაყოფილია, ყველა ბედნიერია. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი, ისევ სრულად არის აღდგენილი უფლებებში. ამასწინათ მიხეილ სააკაშვილმა დაიტრაბახა უკრაინაში – როგორც კი მოვედი, სავალუტო ფონდი ქვეყნიდან გავაგდეო. აღარ ჭირდებოდა დასავლეთს სსფ საქართველოში, თორემ ვერ გააგდებდა. ახლა გვენეტაძის ჯერია. საზოგადოებას მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება, მთავარია ის არ იყოს ხელისუფლების სატელიტი და ოპოზიციის დივერსიული ჩანაფიქრების განმახორციელებელი, სხვა შემთხვევაში მას ექნება პრობლემები იმათთან, ვისი მხარდაჭერითაც პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

სირიული სინდრომი
ახლა ძნელი სათქმელია, რა ხდება ნავთობის ბაზარზე. მისი ტრენდი მერყევია. 17 მარტს ბრენტი ნავთობის ფასი 40 დოლარს ასცდა. ამერიკული ნედლი ნავთობის ფასმა კი 41 დოლარი შეადგინა. ოპეკის ქვეყნები და რუსეთი (რუსეთი, წარმოგიდგენიათ?!) ლამისაა მოპოვების შემცირება-შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მათ აზერბაიჯანიც შეუერთდა. აი, ირანი კი მოპოვების გაზრდაზე უარის თქმას არ აპირებს, ამიტომ ტრენდიც მერყევია.

ახლა ვფიქრობ დიდი ჩაღრმავება არ სჭირდება იმის დასკვნას, რომ სირიიდან რუსული ,,საჰაერო კოსმოსური” ძალების გამოყვანას სხვა ასპექტიც აქვს. ეს იმათ საყურადღებოდ, რომ ოცნებობენ ობამა-პუტინის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის დაბრუნებაზე, ხოლო თვითონ სირაქლემებივით თავების ქვიშაში ჩარგვაზე, როგორც 2008 წელს.

ემანდ, რომელიმე ბანტუსტანში არ გაიცვალოს ჩვენი ეროვნული ინტერესები.

ამას აშშ არც აპირებს და არც დააპირებს, მაგრამ ჩვენი გონივრული თანადგომა სჭირდება და არა ქართველი მაღალჩინოსნების პროვოკაციული განცხადებები რუსულ-სკვითური ბოღმა-აგრესიის მასშტაბების გასაფართოებლად, რასაც უეჭველი მოჰყვება ქვეყნის შემდგომი დეზინტეგრაცია.

რაგბი ჩვენი თამაშია
ივანიშვილის მიერ დახარჯული 100 მილიონის წვლილიცაა ამ წარმატებაში
საქართველო კიდევ ერთხელ გახდა რაგბიში ერთა თასის მფლობელი. იგი მსოფლიო რეიტინგში მეთორმეტე, მაღალ პოზიციაზე დამკვიდრდა. რაგბიც ჩვენი თამაშია და ლელოც. ქართველი ბიჭების ოსტასტობა, შრომისმოყვარეობა და შემართება საარაკო. მილტონ ჰეიგის მენეჯმენტი – უზადო. ბევრი დამსახურებული ქება მიიღო ამ დღეებში ბევრმა. მაგრამ რატომღაც არავინ ახსენა ერთი კაცის სახელი, რომელმაც გარდა იმისა, რომ ავტორიტარული რეჟიმისგან მშვიდობიანად გაათავისუფლა საქართველო და ბევრი კეთილი საქმეც გააკეთა ამ ქვეყანაში, რაგბის განვითარებაში 100 მილიონი ჩადო. ის ბაზები, ინფრასტრუქტურა და ხელშეწყობა, რაც მისგან ამ სახეობას ჰქონდა სწორედ, რომ მნიშვნელოვანწინად განაპირობებს რაგბის მიღწევებს.
უმადურობა მიუტევებელი ცოდვაა და ეს უნდა გვახსოვდეს ქართველებს.

ბექა ციხისელი