19/05/2024
Latest:
საზოგადოება

„გლდანი მოლის“ მიმდებარედ ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა დასრულდა

სავაჭრო ცენტრ „გლდანი მოლის“ მიმდებარედ ორდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომის „გლდანი ავტოპარკინგის“ მშენებლობა დასრულდა. ახალი ავტოსადგომი თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ „გლდანი მოლის“ ხელმძღვანელობასთან ერთად დაათვალიერა.

„გლდანი ავტოპარკინგი“ აღჭურვილია თანამედროვე ავტოსადგომის სისტემებით და 100 ავტომობილს იტევს. მეტრო “ახმეტელის თეატრის” მიმდებარე ტერიტორია გარშემო მდებარე უბნებისთვის ძირითადი კომერციული კვანძი და სატრანსპორტო დერეფანია, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს გლდანის, თემქის და მუხიანის მიკრო-რაიონების, ასევე სოფელ გლდანისა და გლდანულას მოსახლეობა. ამიტომ, მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა მუდმივად გადატვირთულია. შესაბამისად, „გლდანი ავტოპარკინგი“ დიდწილად მოხსნის ავტომობილის გაჩერების პრობლემას, რითაც ხელს შეუწყობს მოძრაობის განტვირთვას.

გარდა ამისა, ავტოპარკინგის თავზე ტერიტორია კეთილმოეწყო, გამოიყო რეკრეაციული ზონა, მოწესრიგდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების ზონა. ავტოსადგომი იმუშავებს ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში. პარკინგის კეთილმოწყობისთვის კომპანია „გლდანი ავტოპარგინგმა“ 1 500 000 დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელა.