ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესია
ჰონგ-კონგთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხებაზე მოლაპარაკების დასრულებას მთავრობაში 6 თვეში ვარაუდობენ. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გენადი არველაძის განცხადებით, მოლაპარაკებების მეორე ტურის გამართვა მომავალი წლის თებერვალშია დაგეგმილი.
„ისეთ პროგრესს მივაღწიეთ პირველი რაუნდისას, ვფიქრობ მოლაპარაკებების დასრულებას ნახევარ წელში შევძლებთ და დამატებით 7,5 მილიონიანი ბაზარი გაეხსნება საქართველოს“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
არველაძე მნიშვნელოვან წარმატებად აფასებს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიღწევასაც.
შეთანხმების კრიტიკოსებს კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ შეთანხმებით საქართველოს ჩინური პროდუქცია „წალეკავს“, მინისტრის მოადგილე საქართველოს ლიბერალურ სავაჭრო გარემოს ახსენებს და აღნიშნავს, რომ საქართველოში იმპორტი არ იზღუდება და უცხოური პროდუქცია 0%, 5% ან 12%-იანი იმპორტის განაკვეთით იბეგრება, ამასთან პროდუქციის ნომენკლატურის 80% -მდე სწორედ 0%-იან განაკვეთით დაბეგვრას ექვემდებარება, რაც თავისთავად ნიშნავს, რომ ჩინეთიდან იმპორტს არც ახლა ექმნება ბაზარზე შემოსვლისას ბარიერი.
მეორეს მხრივ კი, შეთანხმება ქართველ მწარმოებლებს 1,4 მილიარდიან ბაზარზე შესვლას გაუდვილებს. ქართული პროდუქციის მთლიანი ნომეკლატურის 95.5 % ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების და გარდამავალი პერიოდის გარეშე, იმ ფონზე, როდესაც ჩინეთში იმპორტზე საკმაოდ მაღალი გადასახადებია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებები ასევე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და EFTA-ს წევრ 4 ქვეყანასთან (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია და ისლანდია).
წყარო: GBC