იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასნამატი საშუალოდ 36,25%-ა
„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ უკვე მე-9 თვეა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების ფასებს აკვირდება. კვლევის ობიექტს წარმოადგენს 200-მდე პოპულარული და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტი. ამ პერიოდის განმავლობაში, კვლევის მიზანი იყო, მედიკამენტების ბაზარზე ფასებით დაინტერესებული პირებისთის ინფორმაციის მიწოდება ყოველთვიურ რეჟიმში, სპეციალურად ამ კვლევისთვის შემუშავებული „ფანასკერტელის ინდექსის“ მეშვეობით. ინდექსის ზრდა ან შემცირება შესაბამისად ასახავდა დაკვირვებად უმეტეს მედიკამენტზე ფასების ზრდას ან შემცირებას.
მიმდინარე ეტაპზე, ორგანიზაცია დაინტერესდა, თუ რა ფასად ხდება იმ მედიკამენტების იმპორტი საქართველოში, რომელზეც მიმდინარეობს ყოველთვიური დაკვირვება და რა ფასად ყიდიან აფთიაქები აღნიშნულ მედიკამენტებს, ანუ რამდენია ფასნამატი. ამისთის „აფბამ“ შემოსავლების სამსახურიდან შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა, კერძოდ, საბაჟოზე დაფიქსირებული იმპორტიორი ქვეყნის მიერ, საქართველოში საექსპორტოდ გაყიდული საქონლის გარიგების ანუ საინვოისო ფასები.
შედეგად გაირკვა, რომ ფასნამატი მედიკამენტებზე 2%-დან იწყება და 199%-საც აღწევს, საშუალოდ კი 36,25%-ს შეადგენს.
„აფბას“ პრეზიდენტის, შოთა გულბანის განცხადებით, საბაჟოდან გამოთხოვილი ინფორმაცია საკმაოდ მცირეა იმ მედიკამენტების რაოდენაბასთან შედარებით, რაც მთლიანობაში მიმოქცევაშია, თუმცა გარკვეული სურათის დანახვის შესაძლებლობას იძლევა – „ჩვენს მიერ საბაჟოდან მიღებული მედიკამენტების ფასები, 2016 წლის 1 იანვრიდან 1 ივნისამდე დაფიქსირებული ფასებია. იმპორტი ხორციელდებოდა ორი ვალუტით, დოლარი და ევრო. ამ პერიოდის განმავლობაში დოლარის ყოველდღიური ოფიციალური გაცვლითი კურსი ლართან მიმართებაში მერყეობდა 2,49-2,14-ის ფარგლებში, საშუალოდ 2,34, ხოლო ევროსი ლართან მიმართებაში 2,80-2,39-ის ფარგლებში, საშუალოდ 2,61. რაც შეეხება ფასნამატებს, სიმართლე გითხრათ, ჩემი მოლოდინი იყო, რომ აფთქიაქები უფრო მაღალი მარჟებით ოპეირებდნენ, აღნიშნულიმა კვლევამ ეს არ დაადასტურა, მართალია ცალკეულ შემთხვევებში ფასნამატი 100%-ს სცდება, თუმცა რომ გავასაშუალოვოთ, 36,25% გამოდის, რაც ევროპულ მაჩვენებლებთან შედარებით არ არის დიდი და საგანგაშო ციფრი. ვფიქრობ, რომ შემდეგი კვლევის დროს, მედიკამენტების ბაზას მთლიანად შევცვლით, რომ უფრო მეტად მოცვადი იყოს შედეგები, მოგეხსენებათ, რომ ჯამში 16 ათასზე მეტი მედიკამენტია მიმოქცევაში, ჩვენ კი რამოდენიმე ასეული დასახელების წამალზე გვაქვს საუბარი.
ეს შედეგები მთავრობის წარმომადგენლებისთვის არ ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფომ ყურადღება უნდა მოადუნოს მედიკამენტების ბაზარზე არსებული ფასების კონტროლზე და კონკურენტული გარემოს ფორმირებისთვის მიმართულ პოლიტიკაზე“ – აცხადებს შოთა გულბანი. მისივე თქმით ორგანიზაცია მომავალშიც დააკვირდება მედიკამენტების ბაზარს.
ცხრილში მოცემულია მედიკამენტების ფასები, საბაჟოზე, სარეალიზაციო და ფასნამატი პროცენტულად: