NYtimes : საქართველო, კავკასიის კალიფორნია
გავლენიანი გამოცემა nytimes საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიის ავტორი საქართველოს კავკასიის კალიფორნიას უწოდებს და წერს, რომ ჯერ კიდევ მაშინ როდესაც საბჭოთა კავშირის რკინის ფარდა იყოს ჩამოფარებული, საქართველო იყო ქვეყანა შესანიშნავი რეჟისორებით, ღვინით, ხილით და ნაყოფიერი მიწებით.
ავტორი საქართველოში ამერიკის ელჩის იან კელის სიტყვებსაც ციტირებს: „ 70-იან წლებში ლენინგრადში სწავლის პერიოდში, თბილისში ჩამოვედი, უცებ ყველაფერი შავი ფერიდან გათეთრდა“, – ამბობს ელჩი.
ავტორი ცნობილ ქართველ დიზაინერზე დემნა გვასალიაზეც წერს და აღნიშნავს, რომ მისი ინსპირაცია საქართველოს პატარა დედაქალაქი იყო.
ავტორი მტკვრის სანაპიროს პარიზის მსგავს ბულვარს ადარებს, ელექტრონული მუსიკის სცენებს კი ბერლინისას, თუმცა აღნიშნავს რომ ჰომოფობია კვლავ პრობლემად რჩება ქვეყანაში, რომელსაც ტურისტების და ახალგაზრდების გახსნილობა ამცირებს.
სტატიაში ვრცლად არის მოყოლილი თბილისის დაარსების ისტორია, ავტორი აქცენტს ტრადიციულად ქართულ კულინარიაზეც აკეთებს და აღნიშნავს, რომ თბილისში ყველა მეზობელი ქვეყნის კერძის დაგემოვნებაა შესაძლებელი. „ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესია და მისი დაყენების ტრადიცია 8000 წელსაც ითვლის. თუმცა საქართველოში მარტო ვერასდროს დალევ. ქართველებს როგორც ჩანს მოთხოვნილება აქვთ მუდამ იმხიარულონ და ყველას გულთბილად შეხვდნენ“, – წერს ავტორი.
განთავსების ადგილებიდან ავტორი მკითხველს არჩევანის შეჩერებას Rooms Tbilisi-ზე ურჩევს, ქართული ტრადიციული კერძების დასაგემოვნებლად კი საოჯახო რესტორანს სახელწოდებით „კახელები“.
ავტორი მკითხველს ქართველი დიზაინერების მაღაზიების, ასევე Flea Market-ის მონახულებასაც ურჩევს და აღნიშნავს, რომ მშრალი ხიდის ტერიტორიაზე ყველა ნივთის შეძენაა შესაძლებელი, რომელიც სიძველესთან და საბჭოთა კავშირთან ასოცირდება.
წყარო: ბიზნესკონტაქტი