23/05/2024
Latest:
საზოგადოება

ჯარჯი აქიმიძე: რუსთავი 2 არის პირადად მიშას ტელევიზია

„რუსთავი 2“ დღეს არის პირადად მიშას ტელევიზია, მის საკუთრებაში მყოფი პარტიული ტელევიზია, რომელიც საზრდოობს ძირითადად, მათი ფულით, ასრულებს მათ ამოცანებს. ოღონდაც, დღეს, ალბათ, უკვე ცუდად ასრულებს ამ ამოცანებს, რადგან, თუკი ადრე ცდილობდნენ, რომ ეს ნაცრისფერი ძაფით მაინც ყოფილიყო ნაკერი, ეს ძაფი გაღიავდა და ალაგ-ალაგ გაირღვა კიდეც”, – აცხადებს „აიპრესთან“ საუბრისას „რუსთავი 2“ -ის ერთ-ერთი ყოფილი დამფუძნებელი ჯარჯი აქიმიძე.

ჯარჯი აქიმიძე ის ადამიანია, რომელიც დავით დვალთან ერთად 2004 წლამდე „რუსთავი 2“ -ის საკონტროლო პაკეტს ფლობდა. 2004 წელს კი  ტელეკომპანიის წილის 60% დათმეს. როგორც ჯარჯი აქიმიძე „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, წილების გადაფორმება მათი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მიხეილ სააკაშვილის დავალებით. მოლაპარაკებები კი ადეიშვილთან და მერაბიშვილთან მიმდინარეობდა.

ინტერვიუს სრულ ვერსიას „აიპრესი“ დღეს, მოგვიანებით შემოგთავაზებთ. რაც შეეხება ქიბარ ხალვაშის როლს 2004 წელს წილების გადაფორმების საქმეში და რუსთავი 2 -ში შესვლაში, ჯარჯი აქიმიძე ინტერვიუში ამ ისტორიასაც იხსენებს:

როგორ შემოვიდა ამ ამბავში ქიბარ ხალვაში და თქვენ რა კავშირი გქონდათ მასთან?

ქიბარ ხალვაში ჩემთვის იმ გაუგებრობაში, რაც მაშინ ჩვენს თავს ხდებოდა,  იყო ერთადერთი ნათელი წერტილი და ახლა აგიხსნით, რატომ.

ამ მოვლენებამდე ორი წლით ადრე “რუსთავი 2”-მა მიიღო MDLF-ის მედიასესხი, დიდი თანხა და დაბალპროცენტიანი. ამ სესხის გარანტიად ჩადებული გვქონდა ჩვენი მეორე კომპანია “ჯორჯიან ონლაინი”, ასევე ჩემი და დათო დვალის სახლები. მოგვივიდა წერილი, რომ, რადგანაც კომპანია კოტრდება, სასწრაფოდ ითხოვდნენ ვალის დაფარვას. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ყველაფერს ვკარგავდით.

როცა ყველა წილი გადაგვაფორმებინეს, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ბოლოს უკვე საჩვენოდ დავსვით, იყო ის, რომ ეს სესხი,  მილიონ ორასი ათასი, რომელიც ჩვენზე იყო გაფორმებული, მას გადაეხადა, ვინც შემოდიოდა რუსთავი 2-ში.

დავურეკეთ შუამავალს და ვუთხარით. მაშინ გვითხრეს, რომ ამა და ამ დროს, მიხვალთ ნოტარიუსთან და იქ დაგხვდებათ ადამიანი, რომელიც თქვენს ვალებს გადაიბარებსო. მივედით იქ და დაგვხვდა ქიბარ ხალვაში, რომელიც პირველად ვნახე ცხოვრებაში.

გვითხრა – ბიჭებო, მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც თქვენი ვალები უნდა გადაიბაროსო. მოაწერა ხელი დოკუმენტებს, გვითხრა, მესმის თქვენი კარგად, ყველაფერიო და იმისათვის, რომ ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, თუ გნებავთ, დაგპატიჟებთ ჩემთან სახლში, ვისადილოთო. ჩვენ ჭკუიდან გადასულებს, არ გვესადილებოდა და ვუთხარით, ნახვამდის, კარგად ბრძანდებოდე თქო.

იმის გამო, რომ თვითონ “რუსთავი 2”-ის სამსახური, ჩვენ ქვემოთ, „ჯორჯია ონლაინის“ ქვემოთ იყო, ქიბართან სულ გვქონდა გარკვეული ურთიერთობა, რაღაცებს გვეკითხებოდა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ რაღაცეები ვიცოდით და ის მაშინ ცდილობდა, რომ რაღაცებში გარკვეულიყო. მუდმივად აფიქსირებდა ჩვენ მიმართ პატივისცემას.

რას ითხოვთ პროკურატურისგან, როცა ერთი შეხედვით, ყველაფერი კანონიერადაა შესრულებული: წილში, რომელიც გაასხვისეთ, მოგცეს  უფრო მეტი თანხა, ვიდრე ხელშეკრულებაში იყო, თქვენი ვალები დააფარინეს ქიბარ ხალვაშს და სამართლებრივად სად შეიძლება ედავოთ მათ?

არსად. იძულებით დაგვათმობინეს, არ გვინდოდა გაყიდვა და გვითხრეს, რომ უნდა გაყიდოთო. სიტყვაზე, 10 ლარიც რომ ღირებოდა, ჯერ ხომ არ მინდოდა ის 10 ლარიც, მაგრამ  გადამიხადეს ერთი ლარი და მითხრეს, რომ ეს ერთი ლარი აუცილებლად უნდა აიღოო, თუ არ აიღებ, მაშინ ისევ გაგრძელდება ეს თქვენი წარა-მარა უბედურებაო. არ მინდოდა ეს უბედურება და ამიტომ დავთანხმდი. ჩვენ იქ პროკურატურაში არაფერს ვითხოვთ. გვინდა, რომ ფაქტის შესახებ დაინიშნოს გამოძიება, დაიკითხონ ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფრის მომსწრეები და მხილველები არიან.

გამოიძიეთ ეს ფაქტი, მიეცით კვალიფიკაცია და თუ ეს იყო დანაშაული, მაშინ ეს გამოძიება უნდა წავიდეს სასამართლოში, ხოლო მერე უკვე თავისი პროცედურა აქვს ამას. გამოიძიეს ყველაფერი, მაგრამ არ უთქვამთ, რომ ეს იყო წესიერი, თუ უწესო საქციელი.

საქმის მასალებში, რომელიც პროკურატურაში შეიტანეთ, არის კონკრეტული მტკიცებულებები, მესიჯები ან მეილზე მოწერილი წერილები?

არა, მესიჯებით არ ურთიერთობდა. ეს იყო პირადი შეხვედრები.  იყო შუამავალი, რომელსაც მიჰქონდა, გამოჰქონდა ამბავი, ეს არის ჩვენ მიერ ნანახი და მოსმენილი, თუნდაც საგზაო შემთხვევა, რომელიც მოუწყვეს ჩემს პარტნიორს… მეტი სხვა რა უნდა იყოს, თითის ანაბეჭდები არ დაუტოვებიათ.

ნიკა გვარამიას თუ იცნობდით მაშინ ?

ნიკა გვარამიას არ ვიცნობ, იმიტომ, რომ ის გაცილებით პატარაა. ნიკა გვარამია პირველად ვნახე “ნოემბრიდან-ნოებრამდე” რომ გადაიღო, თუ დაამონტაჟა, მაშინ. რევოლუციის პერიოდში გვარამია არ მინახავს. შეიძლება იმიტომ, რომ ასაკით პატარაა. რაც შეეხება იმას, რასაც ახლა აკეთებს, როგორ გითხრათ… ჩვენ, მაგალითად 2004-ში რომ მივხვდით, რომ შეიძლებოდა რაღაც ცუდი მომხდარიყო, გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. დანარჩენი ჟურნალისტებმა შეაფასონ, მე არც მოსამართლე ვარ, არც პროკურორი და არც გამომძიებელი.

თქვენი აზრით, რა ხდება დღეს რუსთავი 2-ში, ეს არის ხელისუფლების ზეწოლა  გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებაზე, თუ ეს არის ქონებრივი  დავა?

შუაში არის ის ჯაჭვი, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” გააკეთა, რათა ამ სიტუაციისათვის მომზადებულიყო. ოდესღაც ხომ შეიძლებოდა დამდგარიყო “რუსთავი 2” -ის წილების დაბრუნების საკითხი,  ამიტომ  მათ მაქსიმალურად აურ-დაურიეს თავიანთი ზონები, ბიძაშვილ-მამიდაშვილებით, გადაყიდვ-გადმოყიდვებით და საბოლოო ჯამში შექმნეს მთელი ის რებუსი, რომლის ამოხსნასაც დღეს ცდილობს სასამართლო და დიდი იმედია, რომ ამაზე გავა სასამართლო. შესაბამისად, თუ ქიბარი ამოხსნის ამ რებუსს და გახსნის ამ ჯაჭვს, მერე აღმოჩნდება, რომ ამ გახსნილ ჯაჭვში ჩვენ საქმე გვექნება მხოლოდ ქიბართან და მერე ვისაუბრებთ ქიბართან ყველაფერ იმის შესახებ, რაც იყო, არის და შეიძლება მომავალში იქნეს. შესაბამისად, ჩვენ გვინდა, რომ ეს პროცესი დასრულდეს სამართლებრივად. თანავუგრძნობთ ქიბარს. იმ შემთხვევაში, თუ ქიბარი ამ სასამართლოს მოიგებს, ვიქნებით ჩვენ და ქიბარი და არა ქიბარი და ობშორული, არარსებული ფირმა. ყველაზე მთავარი კიდევ არის ის, რომ რეალურად, იმის გამო, რომ ეს პროკურატურა არ დააყენებს საშველს და ხმას არ გაიღებს, იქნებ დაიძრას ბოლო-ბოლო ეს პროცესი და ეს იყოს პირველი ნაბიჯი გამოფხიზლებისაკენ და თქვან, რომ – ხო, თურმე საჭიროა ბოლოს და ბოლოს დავიწყოთ ამ საქმეების გამოძიება.

არ ვიცი, ეს 9 წელი უნდა გაგვევლო ?! ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და ჩავთვალეთ, რომ ჩვენ შესაფერის წინააღმდეგობას ვერ გავუწევდით… ახლა ადვილია ამაზე ლაპარაკი…

არ ვიცი ამ ქვეყანაში თუ დასრულდება ტელევიზიით სპეკულირება და ხელში ჩაგდება. საქართველოში დღეს თუ პოლიტიკური პარტია არის, აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი ჯიბის ტელევიზია და რაც უფრო პოპულარულია ეს ტელევიზია, მით უფრო კარგად უნდა შეასრულოს დამსჯელი რაზმის ფუნქცია. იქნებ რაღაცნაირად, ამ პროცესების დასრულდებით დასრულდეს ეს ეტაპი ქართულ რეალობაში და ეკრანი აღარ იყოს ძალადობის სიმბოლო.