“პოლიციური გზით გამოსახლებები აიკრძალება”
“პოლიციური გზით გამოსახლება აუცილებლად უნდა გაუქმდეს, რათა გაჩნდეს უფლების დაცვის მეტი შესაძლებლობა”
უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, სასამართლომ განაცხადა, რომ სასესხო ურთიერთობისას, კრედიტორმა არ უნდა გამოიყენოს მისი დომინირებული მდგომარეობა ბოროტად და უნდა გაითვალისწინოს მსესხებლის ინტერესებიც. ასევე, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის საფუძველზეც უნდა აიკრძალოს პოლიციური გამოსახლებებები. რას გულისხმობს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რამდენად მიზანშეწონილია პოლიციური გზით გამოსახლებების აკრძალვა, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით ,,ბანკები და ფინანსებს”, არასამთავრობო ორგანზიაცია ,,ახალგაზრდა ადვოკატების” თანადამფუძნებელი მარიკა არევაძე ესაუბრა.
– ცოტა ხნის წინ უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ეხება იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზებას, რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება და რამდენად მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს მიერ გადადგმული ნაბიჯი?
– გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მიიღო, საკმაოდ მნიშვნელოვანია. ეს იყო ერთგვარი მესიჯი კრედიტორებისთვის, რომ სასესხო ურთიერთობისას მოიქცნენ კეთილსინდისიერად და გაითვალისწინონ მსესხებლების ინტერესები. უფრო კონკრეტულად, რომ გითხრათ რას გულისხმობს ეს გადაწყვეტილება, თუკი მსესხებელი ვეღარ ახორციელებს ნაკისრი ვალდებულების, ზუსტად, ზედმიწევნით შესრულებას, მაგრამ აქვს ალტერნატივა იმისა, რომ შესთავაზოს გამსესხებელს ვალდებულების შესრულება, გამსესხებელმა რამდენიმე ალტერნატივიდან ერთ-ერთი უნდა გამოიყენოს, რომელიც უფრო მეტად მისაღებია მსესხებლისთვის.
ამ კონკრეტულ საქმეში, რომელზეც სასამართლომ იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო, აღსრულების პროცესი უკვე ჩატარებული, ქონება კი უკვე გასხვისებული იყო. მართალია მსესხებელი ვეღარ ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას, თუმცა მან შესთავაზა ბანკს ალტერნატივა, კერძოდ სხვა ბანკის სესხით მოეხდინა არსებული დავალიანების გადაფარვა, რათა ბანკს არ გაეტანა ქონება აუქციონზე. ბანკმა ეს ყველაფერი არ გაითვალისწინა, ქონება მაინც გაიტანა აუქციონზე და ამით საკმაო ზიანი მიაყენე მსესხებელს, ქონება გაცილებით დაბალ ფასად გაიყიდა ვიდრე მისი რეალური ღირებულება იყო. არადა, ბანკს თავისუფლად შეეძლო, რომ გამოეყენებინა ალტერნატივა და მსესხებლისთვის უფლება მიეცა სესხი გადაეფარა სხვა ბანკისგან აღებული თანხით.
უზენაესი სასასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აღსრულების პროცესი კი არ ჩერდება ან იცვლება, არამედ გადაწყვეტილება მიუთითებს გამსესხებლის საქციელზე ქონების რეალიზებამდე, მის აუქციონის გზით რეალიზებამდე. კერძოდ თუ მას ექნება მოთხოვნის დაკმაყოფილების ალტერნატივა გამოიყენოს მსესხებლის ინტერესების შესაბამისი ალტერნატივე, ხოლო თუ სხვა ალტერნატივა არ არსებობს, მხოლოდ ამ შემთხვევაში მოახდინოს იძულებითი აღსრულება.
– სწორედ გამოსახლებებთან დაკავშირებით განიხილავს პარლამენტი კანონპროექტს, რას იტყოდით ამ კანონპროექტთან დაკავშირებით? რას გულისხმობს ის და რამდენად დაიცავს მესაკუთრის უფლებებს?
– ეს კანონპროექტი ეხება პოლიციური გზით გამოსახლების გაუქმებას. როგორც ცნობილია, დღეისათვის გამოსახლება ხდება როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, ასევე, პოლიციური გზით.
წინა მთავრობის პერიოდში, გამოიცა შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება, რომლის შესაბამისადაც შესაძლებელი გახდა მესაკუთრეს პირდაპირ მიემართა პოლიციისათვის და მომხდარიყო გამოსახლება. დღესდღეობით პარლამენტი განიხილავს, სწორედ ამ ბრძანების გაუქმების შესახებ კანონპროექტს. თუ ეს კანონპროექტი მიიღებს კანონის სახეს და შევა ძალაში გამოსახლება მოხდება მხოლოდ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ და აღარ იარსებებს ალტერნატივა – გამოსახლების შესაძლებლობა პოლიციური ძალით.
– პოლიციური გზით გამოსახლებებთან დაკავშირებით, როგორ წესი აზრი ორად იყოფა. ერთი ნაწილი ეწინააღმდეგება მას, ხოლო მეორე ეთანხმება. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, უნდა აიკრძალოს თუ არა პოლიციური გზით მოსახლეობის გამოსახლება?
– აღსრულების ეროვნული ბიურო მუშაობს გეგმაზომიერად, საქმეები შესდით და ახორციელებენ ამ საქმეების შესრულებას ეტაპობრივად, როგორც არის განსაზღვრული. ჩემი აზრით, პოლიციური გზით გამოსახლება აუცილებლად უნდა გაუქმდეს საქართველოში და პარლამენტმა ეს კანონპროექტი უნდა აქციოს კანონად. ხშირად, სამართლებრივ სივრცეში ჩნდებოდა პრობლემა, როდესაც მსესხებელი სამართლებრივ მექანიზმებს აამუშავებდა იმისათვის, რომ საკუთარი უფლება დაეცვა, შუამდგომლობას დააყენებდა სასამართლოში, რომ შეჩერებულიყო აღსრულების პროცესი, კონკრეტული საქმის ვითარებებიდან გამომდინარე სასამართლო ამ მოთხოვნას აკმაყოფილებდა და აჩერებდა აღსრულების პროცესს, მაგრამ პარალელურად გამსესხებლები მიმართავდნენ პოლიციური ძალით გამოსახლებას და ეს პროცესი მაინც ხორციელდებოდა. იქმნებოდა ვითარება, როდესაც მსესხებელს ანუ მოსარჩელეს ჰქონდა სასამართლო დავის მოგების შესაძლებლობა, მაგრამ მოგების შემთხვევაში უკვე აღარ იარსებებდა სადაო ქონება, შესაბამისად ვეღარ მოახერხებდა მის შენარჩუნებას ან/და დაბრუნებას. მართალია სასამართლოს განჩინების საფუძველზე აღსრულების პროცესი ჩერდებოდა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ, მაგრამ მოსარჩელეს პოლიციის ძალით მაინც ახორციელებდა გამოსახლებას. აღსანიშნავია, რომ ამის შესაძლებლობა არსებობს დღესაც, ვინაიდან არ მომხდარა კანონპროექტის მიღება.
თუკი ქვეყანაში გვაქვს გამოსახლების შესაძლებლობა და ამას ახორციელებს აღსრულების ეროვნული ბიურო, არ მესმის რა საჭიროა არსებობდეს მისი ალტერნატივა. თუ ქონებაზე დავა მიმდინარეობს და შესაძლებელია, რომ ეს დავა მოსარჩელის სასარგებლოდ დასრულდეს, ამ შემთხვევაში ჯობია, რომ სასამართლო პროცესებს დაველოდოთ და შემდეგ მოხდეს გამოსახლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ.