„კელტური ვეფხვი“ – ირლანდიამ ეკონომიკის ზრდის ტემპით ჩინეთს გაუსწრო
ხუთი წლის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და ევროკავშირს, „მწვანე კუნძულის” გაკოტრებისგან გადარჩენა მოუწია. დღეს ირლანდია მთელი ევროპისთვის ისევ სამაგალითოა. „Deutsche Welle”-მ გაარკვია, თუ როგორ მოახერხა ეს ირლანდიამ.
ჩვენს პლანეტაზე არც ისე ბევრი ქვეყანაა, რომელსაც ეკონომიკის თითქმის 8%-იანი ზრდის მიღწევა შეუძლია. ჩინეთმაც კი ,გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტი „მხოლოდ” 6,9%-ით გაიუმჯობესა და უახლოეს წლებში, საუკეთესო შემთხვევაში, ამ მაჩვენებლის შენარჩუნებას ელოდება. სამაგიეროდ, ევროპის ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე არის სახელმწიფო 4,5-მილიონიანი მოსახლეობითა და თათრეთის რესპუბლიკისხელა ფართობით, რომელმაც ასეთი მკვეთრი ზრდა შეძლო.
ახალი ამბების ნაკადში ჩაკარგული მნიშვნელოვანი ციფრი
ეს ირლანდიაა. 2014 წელს მისი ეკონომიკის ზრდის ტემპმა 5,2% შეადგინა, რაც ევროკავშირის საუკეთესო მაჩვენებელი იყო, 2015 წელს კი – 7,8%-ს მიაღწია, რაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობის შედეგებს რამდენიმეჯერ აღემატება. ამასთან, შარშან ჩინეთში ეკონომიკური დინამიკა შენელდა, ირლანდიაში კი პირიქით – მზარდი გახდა. შედეგად გამოჯანმრთელებულმა „კელტურმა ვეფხვმა” სუნთქვაშეკრულ „ჩინურ დრაკონს” გაუსწრო.
ირლანდიელ სტატისტიკოსებს მაკროეკონომიკური მონაცემების განზოგადებისთვის ტრადიციულად უფრო მეტრი დრო სჭირდებათ, ვიდრე მატერიკზე მცხოვრებ მათ კოლეგებს. ამიტომ ოფიციალური ცნობა, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შესახებ, დუბლინიდან საერთო ევროპულ მონაცემებზე გვიან – მარტის შუა რიცხვებში, მოვიდა. შედეგად ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი რიცხვი მსოფლიოს აქტუალური ახალი ამბების ნაკადში პრაქტიკულად ჩაიკარგა.
მკაცრმა ეკონომიამ და ბიზნესმოდელმა თავისი ეფექტურობა დაამტკიცეს
ეს რიცხვი მნიშვნელოვანი სულ მცირე ორი მიზეზითაა. პირველ რიგში იმიტომ, რომ სულ რაღაც ხუთი წლის წინ, 2008 წლის კრიზისის გამო გასკდა ის „საპნის ბუშტები”, რომელიც გადახურებულ უძრავ ქონებასა და გაბერილ საბანკო სექტორს უკავშირდებოდა, შედეგად ქვეყანა გაკოტრების ზღვარზე იყო. 2010 წლის შემოდგომაზე, ირლანდია საბერძნეთის შემდეგ ევროზონის მეორე სახელმწიფო იყო, რომელმაც კრედიტორების „სამეულიდან” – ევროკავშირიდან, ევროპის ცენტრალური ბანკიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან – მრავალმილიარდიანი ფინანსური დახმარება მიიღო.
ირლანდიის ეკონომიკის წარმატებული გამოჯანსაღება ცხადყოფს მკაცრი ეკონომიისა და რეფორმების პოლიტიკის მართებულობას, რომელსაც ევროპის სტაბილიზაციის ფონდი და საერთაშორისო სავალუტო ფონდი მოითხოვენ. ირლანდიის შემდეგ, მსგავსი პროგრამების რეალიზაცია მოხდა პორტუგალიაში, ესპანეთსა და კვიპროსში. სასურველ შედეგს კი, ჯერჯერობით, მხოლოდ საბერძნეთში ვერ მიაღწია.
მეორეც, ირლანდია 1990-იანების შუა ხანებიდან 2000-იანი შუა წლებამდე ეკონომიკური ზრდის ტემპების მიხედვით ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერი უკვე იყო – წელიწადში მისი ეკონომიკა საშუალოდ 6%-ით იზრდებოდა. ოდესღაც ღატაკ ქვეყანას, საიდანაც საუკუნეების განმავლობაში შიმშილობის გამო მასობრივი ემიგრაცია მიდიოდა, „კელტური ვეფხვი” დაერქვა. ეს ეპითეტი „აზიური ვეფხვების” – სამხრეთ კორეის, სინგაპურის, ტაივანისა და ჰონგ კონგის ანალოგიით შეარჩიეს, რომლებმაც 20-ე საუკუნის მეორე ნახევარში მკვეთრ ეკონომიკურ ზრდას მიაღწიეს.
ამდენად, წინანდელ დინამიკასთან ირლანდიის დაბრუნება გვაჩვენებს, რომ ამ ქვეყანას აქვს ეკონომიკური სტრუქტურა, რომელსაც ზრდის მაღალი და ზემაღალი ტემპების (განვითარებული ქვეყნისთვის) გენერირება კვლავაც შეუძლია. ამავდროულად, ის აჩვენებს, რომ ირლანდიური საზოგადოება მზადაა ცვალებად პირობებს მოქნილად შეეგუოს და აუცილებელ რეფორმებს სწრაფად დათანხმდეს.
საზოგადოება, რომელსაც რეფორმების გატარება შეუძლია
ამის ნათელი მაგალითი კრედიტორების მიერ 2011 წელს მიღებული მოთხოვნაა საპენსიო ასაკის 65-დან 68 წლამდე გაზრდის შესახებ. საზოგადოებამ ეს რეფორმა მოულოდნელად მშვიდად მიიღო. „ირლანდიელებს გულხელდაკრეფილი ჯდომა არ უყვართ. ისინი საკუთარ თავს ეუბნებიან – სიცოცხლის ხანგრძლივობა თუ იზრდება, მაშინ მეტი მუშაობა სრულებით ნორმალურია”, – ასე ხსნის თავისი თანამემამულეების რეაქციას ირლანდიელი პროფესორი ედგარ მორგენროტი, რომელიც დუბლინის ეკონომიკური და სოციალური კვლევების ცენტრში მუშაობს.
გაცილებით დიდი უკმაყოფილება და საპროტესტო აქციები წყალზე გადასახადების შემოღებამ გამოიწვია. თუმცა, ბიუჯეტის დამანგრევლად დაბალი დეფიციტის შესამცირებლად, ირლანდიელების უმრავლესობა გაცილებით უფრო მტკივნეულ ზომებსაც კი დათანხმდა. ესენია საბიუჯეტო სფეროში დასაქმებულებისთვის ხელფასების კლება, უმუშევრებისა და ბავშვების სოციალური დახმარებების შემცირება, დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდა. „სიტუაციაში გარდატეხის შესატანად ასეთი მოქნილობა აუცილებელი იყო”, – აღნიშნავს პროფესორი მორგენროტი.
მაგრამ 2001-2013 წლებში, მკაცრი ეკონომიის გზით სახელმწიფო ფინანსების შედარებით გამოჯანსაღება, მშპ-ს ზრდის ტემპის აღდგენისთვის მხოლოდ წინაპირობა იყო. ეს უზრუნველყო „ეკონომიკურმა მოდელმა, რომელიც ჯერ კიდევ კრიზისამდე კარგად ფუნქციონირებდა და მეწარმეობის განვითარებას ხელს უწყობდა”, – აღნიშნავს ექსპერტი კირან მაქქუინი. „ირლანდია ბიზნესისთვის ძალიან ხელსაყრელი ქვეყანაა”, – აღნიშნავს გერმანულ-ირლანდიური სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი დუბლინში რალფ ლისეკი.
ქვეყანა, სადაც წამლები იწარმოება და სოფტი მუშავდება
ირლანდია კარაქით, ლუდითა და ვისკით ცნობილი კლასიკური აგრარული ქვეყანა იყო. 1973 წელს, ევრკავშირში შესვლისა და განათლების რეფორმის შემდეგ, მან ინდუსტრიულ რელსებზე შედგომა შეძლო და აქცენტი მეცნიერებატევად წარმოებასა და მაღალ ტექნოლოგიებზე გააკეთა. დღეს, ირლანდიის ეკონომიკის წამყვანი დარგი, რომელიც ექსპორტის 60%-ს მოიცავს, ფარმაცევტული წარმოებაა, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დამსაქმებელი კი – IT-ინდუსტრიაა (უპირველეს ყოვლისა ამერიკული).
ირლანდიაში მიკროჩიპებს კომპიუტერული გიგანტი „Intel” აწარმოებს. აქაა განლაგებული „Microsoft”-ის, „Facebook”-ის, „Twitter”-ისა და „Linkedin”-ის ევროპული შტაბ-ბინები. კომპანია „Apple”-მა კი, უკვე შექმნა 5 ათასი სამუშაო ადგილი, რომელსაც 2017 წლამდე კიდევ დაახლოებით ათასი შეემატება.
„მწვანე კუნძულის” კონკურენტული უპირატესობა არ არის მხოლოდ კოოპერატიული გადასახადის ძალიან დაბალი განაკვეთი – 12,5%, რომლის დაცვაც ირლანდიამ კრედიტორებთან მოლაპარაკებებზე შეძლო. ხელსაყრელ საინვესტიციო კლიმატს მნიშვნელოვანად ხელს უწყობს ევროკავშირის დახმარებით შექმნილი კარგი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დიდი რაოდენობით კვალიფიციური კადრები, კორუფციის დაბალი დონე და ეფექტური სახელმწიფო აპარატი. აგრეთვე ის, რომ ირლანდია ევროზონის ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინგლისური სახელმწიფო ენაა.
გაუსწრებს თუ არა 2016 წელსაც „კელტური ვეფხვი” „ჩინურ დრაკონს”, ჯერჯერობით უცნობია. პროგნოზების თანახმად, „მწვანე კუნძულის” მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლოებით 5%-ით გაიზრდება. და ეს, სავარაუდოდ იმას მიანიშნებს, რომ ირლანდია ეკონომიკის ზრდის ტემპით ევროკავშირის ლიდერი უკვე მესამედ გახდება.
„Deutsche Welle”-ს სტატია, მოამზადა ვასილ მამულაშვილმა
წყარო: politcommersant.ge