07/05/2024
Latest:
საზოგადოება

“კოპენბურს” მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავს

ნულოვანი ფრანჩიზით პრაქტიკულად ვერავინ სარგებლობს, კომპანია არარსებულ მომსახურებას ყიდის

ქართულ სადაზღვევო ბაზარზე კომპანია “კოპენბური” შედარებით ახალი მოთამაშეა, რომელიც მომხმარებელს სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის გარდა, დაზღვევის ფართო სპექტრს სთავაზობს. კომპანია, ძირითადად, საავტომობილო დაზღვევებზეა ორიენტირებული და მომხმარებელს საკმაოდ კონკურენტუნარიან ფასსაც სთავაზობს.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომპანია მომხმარებლებს, რომელთაც ავტომობილის დაზღვევა სურთ, საკმაოდ დამაბნეველ და არასრულ ინფორმაციას აწვდის, რის შემდეგაც ბენეფიციარი, რიგ შემთხვევებში, მოტყუებული რჩება, ან კი კონკრეტული მომსახურების საფასურს ტყუილად იხდის.

კომპანიას პოტენციური მომხმარებლები, რომელთაც “კოპენბური” ავტომობილის დაზღვევას ნულოვანი ფრანჩიზით სთავაზობს, გარკვეულწილად შეცდომაში შეყავს. ზოგადად, ნულოვანი ფრანჩიზა მინიმალური ზარალის ანაზრაურებასაც გულისხმობს. ეს ძალიან პრაქტიკული მომსახურებაა, რაც სხვა სადაზღვევო კომპანიების მიერაცაა აპრობირებული.

რაც შეეხება კომპანია “კოპენბურსის”, ის საკუთარ მომხმარებელს საპატრულო პოლიციის გამოძახებას ნებისმიერი ტიპის და მასშტაბის შემთხვევის დროს ავალდებულებს, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს საპატრულო ოქმის შედგენას და ბენეფიციარის ბრალეულობის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის 250 ლარით დაჯარიმებას, მათ შორის თვითდაზიანების დროსაც, როდესაც საქმეში მესამე პირი არ ფიგურირებს. ანუ, თუ ზარალი 250 ლარს არ აღემატება, ბენეფიციარს ურჩევნია სადაზღვევო კომპანია “არ შაწუხოს” საპატრულო პოლიციის ჯარიმის შიშით.

ასეთ შემთხვეაში კი გამოდის, რომ კლიენტი კომპანიას ნულოვანი ფრანჩიზის საფასურს ტყუილად უხდის. ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თვითდაზიანებების 99%-ის შემთხვევაში ზარალი 250 ლარს არ აღემატება. იქედან გამომდინარე, რომ საპარტულო ოქმის აუცილებლობის გამო, ბენეფიციარს სადაზღვევო კომპანიისთვის მიმართვის ინტერესესი ეკარგება, გამოდის, რომ `კოპენბური~ არარსებულ მომსახურებას ყიდის.

სადაზღვევო ბაზარზე არსებული მაღალი კონკურენციის და შეთავაზებების გათვალისწინებით, უცნაურია, თუ რატომ გადაწყვიტა მომხმარებელთა გარკვეულმა ნაწილმა `კოპენბურის ამ პირობაზე წასვლა. ამ კითხვას “კოპენბურის” ერთ-ერთმა მომხმარებელმა უპასუხა, რომელიც თავს კომპანიასთან ურთიერთობაში დაზარალებულად თვლის და აცხადებს, რომ კონტრაქტის გაფორმებისას, ის შეცდომაში შეიყვანეს. ამ მომხმარებელმა შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში გააკეთა, იგივე განცხადება მან ჩვენთან საუბარშიც გააკეთა, თუმცა, საჯაროდ ვინაობის გამხელა არ ისურვა.

 

ის, ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ კონტრაქტის გაფორმებისას აგენტმა მოატყუა და საპატრულო პოლიციის ჯარიმის შესახებ ცრუ ინფორმაცია მიაწოდა.

“კონტრაქტის თანახმად, ვსარგებლობ ნულოვანი ფრანჩიზით. კონტრაქტის გაფორმებისას აგენტმა მითხრა, რომ თვითდაზიანების დროს მხოლოდ საპატრულო პოლიცია ე.წ. მშრალ ოქმს შეადგენდა. მეც არ დავინტერესებულვარ კონტრაქტის დეტალებით და პირდაპირ მოვაწერე ხელი. ცოტა ხნის შემდეგ მანქანაზე თვითდაზიანება მქონდა და სადაზღვევო გამოვიძახე, რა დროსაც განმიცხადეს, რომ აუცილებელი იქნებოდა საპატრულო პოლიციის ოქმი, რის შემდეგაც საპატრულო პოლიცია 250 ლარიან ჯარიმას გამომიწერდა. ამ შემთხვევის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევაც მქონდა. ჩემი მანქანა, მართალია, ფაქტობრივად არ დაზიანებულა, მაგრამ მესამე პირის ავტომობილი დაზიანდა და სადაზღვევო კომპანიის გამოძახება გადავწყვიტე. ადგილზე მოსულმა აგენტმა ყოველგვარი ახსნა-განმარტებების გარეშე საპატრულო პოლიციის გამოძახება მომთხოვა და მხოლოდ შედეგ განმიცხადა, რომ მე საპატრულო პოლიცია დამაჯარიმებდა. არადა, ამ დროს ორივე მანქანის ზარალი ერთად 200 ლარს არ აღემატებოდა”, – განაცხადა “კოპენბურის მომხმარებელმა.

სხვა ტიპის პრობლემა შეექმნა “კოპენბურის” კიდევ ერთ მომხმარებელს, მან საკუთარი ისტორია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

 

საქმე ეხება 13 ივლისს დედაქალაქში მომხდარი სტიქიის დროს დამდგარ ზარალს. დაზარალებული აცხადებს, რომ სტიქიის დროს მისი ავტომანქანა დაზიანდა და როდესაც კომპანიას ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით მიმართა, მას უთხრეს, რომ ვინაიდან ბენეფიციარმა შემთხვევის ადგილი მიატოვა და საპატრულო პოლიცია არ გამოიძახა, მისი ზარალი ანაზღაურებას არ ექვემდებარებოდა.

 

“კოპენბურის” მომხმარებელი ამ ცინიკური დამოკიდებულების გაპროტექტებას სამართლებრივ სივრცეში გეგმავს.

ჩვენ, რასაკვირველია, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად კომპანია “კოპენბურს” მივმართეთ, სადაც ბრალდებების ნაწილი უარყვეს, ნაწილზე კი განგვიცხადეს, რომ ეს მათ კომპეტენციაში არ შდის. “კოპენბური” მომხმარებელს ავტომობილების დაზღვევის სხვადასხვა პაკეტს სთავაზობს, მათ შორის, დამზღვევის სურვილის შემთხვევაში, სადაზღვევო თანხის 12%-მდე ზარალის, საპატრულო პოლიციის ოქმის გარეშე, ანაზღაურების შესაძლებლობას. შესაბამისად, დამზღვევი თავად იღებს გადაწყვეტილებას სასურველი პაკეტის შეძენის თაობაზე, რაც შესაძლებლობას აძლევს მას, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, საერთოდ არ გამოიძახოს საპატრულო პოლიცია. რაც შეეხება  13 ივნისის სტიქიის ღამეს დაზარალებულ ბენეფიციარებს, კომპანიამ სრულად აუნაზღაურა მათ ის ზარალი, რისი ანაზღაურებაც ხელშეკრულებით გვევალებოდა.

რაც შეეხება მოსალოდელი ჯარიმის ოდენობას, ეს არ შედის სადაზღვევო კომპანიის კომპეტენციაში და მსგავსი გადაწვყვეტილებების მიღება ხდება მხოლოდ საპატრულო პოლიციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ”, – აცხადებენ სადაზღვევო კომპანია “კოპენბურში”.

საქართველოს სადაზღვევო ინსტიტუტის წარმომადგენელი გიორგი გიგოლაშვილი კი ევროპის მაგალითზე საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი მიზერული დაზიანებები ყოველთვის სამართლებრივი უწყებების ჩართვის გარაშე ანაზღაურდება.

“თუკი გამოვრიცხავთ არაგანზრახ დაზიანებას, სხვა ყველა შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანიები უპრობლემოდ ანაზღაურებენ ზარალს. მე შემიძლია მოვიყვანო შვედეთის მაგალითი, სადაც ძალიან მიზერული, სულ რაღაც 25 დოლარიანი ზარალის დადგომისთანავე, კომპანიები მყისიერად ანაზღაურებენ ზარალს. სხვათა შორის, მსგავსი სერვისი საქართველოშიც კარგა ხანია მოქმედებს”, – ამბობს  გიგოლაშვილი.

პაატა ბაირახტარი