საზოგადოება

რეგიონებისთვის დენის ტარიფი იზრდება

 

სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიის სუბსიდიას მიიღებენ

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის 23 ივლისის გადაწყვეტილებით, რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფი “ენერგო–პრო ჯორჯიას” მომხმარებლებისთვის, თითქმის, 4 თეთრით გაიზარდა.

ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე სემეკი ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებდა, მთავრობამ სუბსიდირებაზე დაიწყო ლაპარაკი. წინასწარი ინფორმაციით, შეღავათები სოციალურად დაუცველებს დაუწესდებათ.

სემეკის გადაწყვეტილებით, “ენერგო–პრო ჯორჯიას” მომხმარებლებს ელექტროენერგიის გადასახადი (2015 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრამდე) თითქმის მესამედით გაეზრდებათ და მათ კვ/სთ–ში (დღგ–ს ჩათვლით) 3,95 თეთრით მეტის გადახდა მოუწევთ. 23 ივლისის სხდომის გადაწყვეტილების საფუძველს სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა განმარტავს. “ძირითადად, ტარიფის კორექტირება იყო განპირობებული იმ კომპონენტებით, რომელშიც ვალუტის კურსის ცვლილება გავლენას ახდენს. ეს იყო ძირითადად: თბოელექტროსადგურები და იმპორტირებული ელექტროენერგია. ეს არის სამართლიანი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო ენერგომომარაგებას”, – ამბობს მილორავა.

სამომხმარებლო ტარიფის გასაზრდელად უკვე დიდი ხანია იბრძვის ”ენერგო-პრო ჯორჯია”, რომელიც ელექტროენერგიით საქართველოს ტერიტორიის 70%-ს ამარაგებს რეგიონებში და თითქმის მილიონ აბონენტს ითვლის. ბოლო სატარიფო განაცხადით, კომპანია კვ/სთ ელექტროენერგიის 4,8 თეთრით გაძვირებას მოითხოვდა და, შესაბამისად, ხუთშაბათს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მისი კმაყოფილება ვერ გამოიწვია. როგორც “ენერგო-პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა სემეკის სხდომაზე, მოვლენები ისეთი ცუდი სცენარებით ვითარდება, რომ რამდენიმე თვეში ტარიფი ისევ გადასახედი და გასაზრდელი გახდება. “გასაგებია კომისიის მისწრაფება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ მინიმალური იყოს ზრდა, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ამ საკითხთან დაბრუნება გაისად. კანონმდებლობით გვაქვს ამის უფლება. არ გამართლდება პროგნოზები და დავუბრუნდებით და ისევ მოგვიწევს ამ საკითხზე საუბარი”, – განაცხადა მიხეილ ბოცვაძემ.

ის, რომ ლარის კურსის ვარდნა, ადრე თუ გვიან, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის საკითხს დააყენებდა, ნათელი იყო ექსპერტისთვის ეკონომიკის საკითხებში იოსებ არჩვაძისთვის, თუმცა, როგორც მან განაცხადა სუბსიდირების გზით სიარული გაუმართლებელია.

“საერთოდ, სუბსიდირება საბაზრო ეკონომიკის პირობებში მთლად კარგ ტონად არ ითვლება. სუბსიდირება ისეთი რამეა, რომ ის, დროთა განმავლობაში, მზარდი აპეტიტის მატარებელია და ის სულ უფრო მეტ თანხას ითხოვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ალბათ, უფრო სამართლიანი და საბაზრო ეკონომიკის პრინციპების შესაბამისი იქნებოდა, თუ მოხდებოდა გაძვირებული ტარიფის მონეტიზაცია, ანუ: ტარიფს უძვირებ, ვთქვათ, დაბალშემოსავლიანს, ფიქსირებულშემოსავლიანს ან მთელ მოსახლეობას, მაგრამ, შესაბამისად, უზრდი მას ხელფასს ან სოციალურ დახმარებას და მერე თავად წყვეტს, საღამოობით დენგამორთულ ოთახში უყუროს ტელევიზორს, თუ საერთოდ არ ჩართოს ტელევიზორი და ადრე დაიძინოს”, – ამბობს არჩვაძე.

23 ივლისს სემეკის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო გამოცხადებული, როცა მთავრობამ სუბსიდირების შესაძლებლობაზე დაიწყო ლაპარაკი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასეთი მოსალოდნელობა მთავრობის სხდომაზე გაახმაურა და კაბინეტის წევრებს საგანგებო დავალება მისცა მოსამზადებლად. წინასწარი ინფორმაციით, შეღავათები მხოლოდ მოსახლეობის გარკვეულ ნაწილზე გავრცელდება.

“მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს და აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, ანუ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება”, – განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გამო სოციალურად დაუცველი 208 000 ოჯახისთვის 20 მილიონი ლარის ოდენობის სუბსიდია გამოიყოფა. სანამ სუბსიდირების წესის თაობაზე ისაუბრებდა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში არსებული ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები რეგიონში არსებულ ფასებს შეადარა და განაცხადა, რომ, აზერბაიჯანის გარდა, საქართველოს, რეგიონის ყველა სხვა ქვეყანასთან შედარებით, დაბალი ტარიფები აქვს. მთავრობის მუშაობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება კი, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეხებათ.

ტარიფის გაძვირებას ითხოვს სს “თელასიც”, რომელიც თბილისის მოსახლეობას ამარაგებს ელექტროენერგიით, სემეკს ახალი ტარიფის დადგენის მოთხოვნით 23 ივლისს მიმართა. სემეკის ინფორმაციით, “კომპანია სატარიფო განაცხადის წარმოდგენის მთავარ საფუძვლად აშშ დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის მკვეთრ ცვლილებას, შესასყიდი ელექტროენერგიის გაზრდილ ფასსა და ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის ზრდას ასახელებს”.

სემეკში აცხადებენ, რომ “თელასის” მოთხოვნაზე მუშაობას სამი სამუშაო დღის განმავლობაში დაიწყებენ. თუმცა, სანამ კონკრეტული გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, მედიასთან საუბარში თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ დედაქალაქის მოსახლეობა ელექტროენერგიის გაძვირებას ვერ იგრძნობს, –  “თბილისის მოსახლეობას არანაირად არ შეეხება ტარიფების ზრდა და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ვერ იხდიან შესაბამის გადასახადს, მაქსიმალურად დავუდგეთ გვერდში და ჩვენ ავუნაზღაუროთ მათ. თბილისის მერიც მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ არც ერთ ოჯახს არ შეექმნას კომუნალური გადასახადების გადახდის პრობლემა”, – ამბობს ნარმანია.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების განცხადებით, სუბსიდირება არსებულ ვითარებაში გარდაუვალია. როგორც უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, როცა ქვეყნის პრობლემა გამომუშავებული ელექტოენერგიის სიმცირეშია, ამ ეტაპზე სხვა გამოსავალი არ არსებობს. “პატარა პერიოდის განმავლობაში გვაქვს საშუალება მოვიხმაროთ ჩვენი ადგილობრივი ელექტროენერგია. ეს არის მთავარი პრობლემა, რაც ქვეყნის წინაშე დგას. რაც შეეხება შექმნილ ვითარებას, ვფიქრობ, ქვეყანამ უნდა გააკეთოს ფინანსური რესურსების მობილიზება, რათა სოციალურად დაუცველ ოჯახებს ეს ზრდა შეუმსუბუქოს”, – აცხადებს გია ვოლსკი.

“ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ანალიტიკოსის ანდრია გვიდიანის განცხადებით, საქართველოს მომავალი ენერგოუსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ჰიდროპოტენციალის გამოყენება, მიუხედავად თემის არაპოპულარულობისა. “მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ გააძლიეროს ახალ ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებული მუშაობა, მისი არაპოპულარულობის მიუხედავად, ვინაიდან საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ ჰიდროელექტროსადგურები იქნება”, – აცხადებს გვიდიანი.

 

მიხეილ ვადაჭკორია