სხვა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR) – ბიზნესი საზოგადოებისთვის

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

თანამედროვე საზოგადოება წარმოუდგენელია კომპანიების, ორგანიზაციების და მათი საქმიანობის გარეშე. ბაზარზე ოპერირებას წარმატებებთან, ფინანსურ სარგებელთან, გამოწვევებთან ერთად თან ახლავს რიგი  პასუხისმგებლობები.  მათ შორისაა სიესარი (CSR) – კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებით ლექსიკონში ვკითხულობთ:

„ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა წარმოადგენს ბიზნესის პასუხისმგებლობას იმ ზეგავლენაზე , რომელსაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით ახდენს ბუნებრივ გარემოზე, ეკონომიკურ სისტემებსა და ადამიანებზე, ანუ საკუთარ თანამშრომლებზე, მომხმარებლებზე , მიმწოდებლებზე, საკუთარ პარტნიორებზე,  ადგილობრივ თემებსა და ზოგადად, საზოგადოებაზე“.[1]

საყურადღებოა ამერიკელი მეცნიერის გორდონ ფიტჩის მოსაზრებაც: – “ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ეს არის ბიზნესის კეთილი ნება გადაჭრას ის პრობლემები, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ბიზნესის საქმიანობით”.[2]

საზოგადოების სოციალური, ეკოლოგიური თუ  ეკონომიკური  პროგრესი  მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე , დგას თუ არა  კომპანიების საქმიანობის დღის წესრიგში  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.  ამ კუთხით, ორგანიზაციების მიერ განხორციელებული ღონისძიებები პოზიტიური ცვლილებების მომტანია.

მნიშვნელოვანია ევროკავშირის განმარტება, რომლის მიხედვითაც,  კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (CSR – corporate social responsibility) ეს არის კონცეფცია, რომლის დროსაც კომპანია საკუთარ ბიზნეს ოპერაციებში და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას ითვალისწინებს სოციალურ და ეკოლოგიურ პასუხისმგებლობას საკუთარი ინიციატივით (მოხალისეობის საფუძველზე), რაც იმას ნიშნავს, რომ რეგულარული აქტივობების შედეგად კომპანიები ნებაყოფლობით ზრუნავენ იმ საზოგადოებაზე, რომლის ნაწილიც თავად არიან, რადგან ძლიერი მომხმარებელი თავის მხრივ კომპანიის წარმატების გარანტიაა.[3]

CSR-ს საკითხებზე აქტიური მუშაობა ევროკავშირის მხრიდან  2000 წელს დაიწყო. ევროკავშირის სახელმწიფო მეთაურებმა CSR-ს საკითხი ლისაბონის სამიტზე განიხილეს.  პირველი CSR სტრატეგია კი  2002 წელს შემუშავდა.

ჯამში, ევროკავშირში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულებით ჩატარებული აქტიური ღონისძიებების შედეგად, 2016 წელს  1 მილიონამდე ახალი სამუშაო ადგილი  შეიქმნა.
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა (Corporate Social Responsibility /CSR ) შემდეგ ასპექტებს მოიცავს:

  • ბიზნესის ეთიკურად წარმოება;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • შრომითი სტანდარტების დაცვა;
  • გარემოს დაცვა;
  • მომხმარებელთან პასუხისმგებელ ურთიერთობა;
  • სოციალური პრობლემების მოგვარებაში მონაწილეობა;
  • ბიზნეს საქმიანობის გამჭვირვალობას.[4]

აღსანიშნავია ის, რომ CSR კომპანიების წარმომადგენელთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.  თანდათან იზრდება იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც ცდილობენ კონკრეტული ღონისძიებებით  საზოგადოებასა და მის წევრებზე პოზიტიური გავლენა იქონიონ.

კორპორაციული პასუხისმგებლობის საუკეთესო პრაქტიკად შეიძლება განვიხილოთ   ავიაკომპანია British Airways- ის შემდეგი საქმიანობა:

1994 წელს ავიაკომპანიამ დაიწყო კამპანია სახელწოდებით „შეცვალე უკეთესობისკენ“.  პროგრამა  მგზავრებისგან თანხის აგროვებას ითვალისწინებდა. მიზანი კი  გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერა იყო. ბრიტანეთის ავიახაზების მიერ განხორციელებული ფრენების დროს მგზავრებს სავარძლებზე ხვდებოდათ სპეციალური კონვერტები, რომლებშიც მათ შეეძლოთ თანხის მოთავსება.

2002 წლისათვის ბრიტანეთის ავიახაზებს უკვე 31 მილიონი აშშ დოლარი ჰქონდა შეგროვებული.

რაც შეეხება ქართულ რეალობას,  „ საქართველოში კორპორაციული  სოციალური პასუხისმგებლობა სწრაფად მზარდი ტენდენციაა. სულ უფრო მეტი ორგანიზაციაა დაინტერესებული ამ კონცეფციით , მისი შესწავლით, ხელშეწყობითა თუ დანერგვით. სამწუხაროდ, ქართულ ენაზე არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული ამ დარგის ტერმინოლოგია, აგრეთვე არასაკმარისი ინფორმაცია მოიპოვება კორპორაციულ პასუხისმგებლობასა და მდგრად განვითარებასთან დაკავშირებული მრავალი კონცეფციის თუ სტანდარტის შესახებ.“ [5]

ხაზგასასმელია ის, რომ საქართველო, „ასოცირების ხელშეკრულების“ 352-ე მუხლის მიხედვით ვალდებულია ხელი შეუწყოს „კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ანგარიშვალდებულებას“.

საქართველოში კომპანიების კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტების მაგალითებია:

„ვისოლ ჯგუფი“ – პროექტი: წიგნი ყველა სოფელს. მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი,არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,სტუდენტური ერთიანობა’’ ინიციატივაა, რომელსაც კომპანია,  სახელმწიფო, არასამთავრობო, საქართველოს საპატრიარქოს, კერძო სექტორის და  საზოგადოების ერთიანი  ძალებით განახორციელა. მის ფარგლებში რეგიონალური ბიბლიოთეკები წიგნებით მომარაგდა.[6]

„ჯეოსელი“ – პროექტი: „ქალები ტექნოლოგიებში“. პროექტი მიზნად ისახავს,  მეტი ქალის დაინტერესებასა და ჩართვას ტექნოლოგიების მიმართულებით და მომავალში, ამ სფეროში მეტი პროფესიონალი ქალის დამკვიდრებას.[7]

„ნატახტარი“ – პროექტი: იზრუნე მომავალზე. ფონდი ეხმარება მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს 15 წლიდან. თითოეულთან ფსიქოლოგი იწყებს მუშაობას. ფსიქოლოგებთან ერთად დგინდება ბენეფიციარების განვითარების/მომზადების, ინდივიდუალური  გეგმა. [8]

ბიზნესი და საზოგადოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის მნიშვნელოვანია იმ საზოგადოების მდგომარეობა, რომელშიც მას უწევს  ოპერირება.  შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის წარმატებისკენ მიმავალი ერთ-ერთი გზა კორპორაციულ პასუხისმგებლობაზე გადის.

“კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის პროგრამა, რომელიც იწყება ან მთავრდება. ეს მუდმივმოქმედი საქმიანობაა”  – ჯიმ კანტალუპო,  Mcdonald’s ის აღმასრულებელი დირექტორი.

[1] იხ.DICTIONARY.cdr (csogeorgia.org)

[2] იხ.ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა საქართველოში (forbes.ge)

[3] იხ.ქართული კომპანიები აგრძელებენ CSR-ის ევროპულ ტრადიციებს საქართველოში | EUGeorgia

[4] იხ.რა არის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ? – CSR ბლოგი (csrblog.ge)

[5] იხ. ლ.ხოფერია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, თბილისი, 2021, გვ,5;

[6] იხ.როგორია ქართული კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – CSR ჯილდო 2018-ის მონაწილე პროექტები | Marketer

[7] იხ.როგორია ქართული კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – CSR ჯილდო 2018-ის მონაწილე პროექტები | Marketer

[8] იხ.როგორია ქართული კომპანიების კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – CSR ჯილდო 2018-ის მონაწილე პროექტები | Marketer

კომენტარის დატოვება