ეკონომიკა

“კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს”

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ლარის კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მხოლოდ ისეთ ღონისძიებებს ატარებს, რომელიც დიდი რყევების აღმოფხვრას ემსახურება.

კითხვაზე, იზიარებს თუ არა ექსპერტების მოსაზრებას, რომ ეროვნული ბანკი ხელოვნურად უქმნის დაბრკოლებას ლარის კურსის გამყარებას, გვენეტაძემ განაცხადა, რომ არც ლარის კურსის მკვეთრი გაუარესება და არც გამყარება არ არის კარგი, ამიტომ, ეროვნული ბანკი შესაბამის ღონისძიებებს ატარებს.

„დღეისათვის, საქართველოში ლარის გაცვლითი ე.წ. თავისუფალი კურსია. თქვენ იცით, რომ ინტერვენციები მცირდებოდა და ეს უნდა შემცირდეს, რის შედეგადაც, კურსი უფრო ასახავს ბაზრის რეალურ მდგომარეობას. ეროვნული ბანკის მანდატი ფასების სტაბილურობაა. იმ შემთხვევაში, როცა ეროვნული ბანკი ინტერვენციას ახორციელებდა, ხელი არ შეუშლია ლარის გამყარებაზე. არ არის კარგი არც მკვეთრი გამყარება და არც გაუფასურება“, – განაცხადა გვენეტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ლარის კურსის მკვეთრი გამყარება იმპორტის გაიაფებას და ექსპორტის გაძვირებას გამოიწვევს, რამაც, შესაძლოა, ქვეყანა უკან დააბრუნოს. „ეროვნული ბანკი ყოველთვის დაეყრდნობა იმას, რომ ინტერვენციები ლარის კურსში დიდი რყევების აღმოფხვრისთვის გამოიყენოს. თქვენ იცით, რომ ერთი წლის წინ, ეროვნული ბანკის რეზერვები გამოთავისუფლდა, რისი შევსებაც აუცილებელია. ეს პერიოდი კარგია ამისათვის, რაც მოხდა კიდეც“, – განაცხადა გვენეტაძემ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ლარის კურსის პროგნოზირებას არ აპირებს, თუმცა, საკუთარი გადმოსახედიდან, ლარის კურსში დიდ ცვლილებებს არ ელოდება.