17/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,ქართული პარადოქსი”

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის რეაბილიტაციაზე ფონდმა ,,ქართუმ”, ანუ ბიძინა ივანიშვილმა, 40 მილიონი ლარი დახარჯა.

,,4 წლის განმავლობაში ოფშორში დარეგისტრირებულმა ბიძინა ივანიშვილთან აფირირებულმა ფირმებმა სახელმწიფოსგან ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ტენდერების გზით 10 მილიონ ლარზე მეტი მიიღო”, – ლევან თარხნიშვილი, გივი თარგმაძე, ,,ნაციონალური მოძრაობა”.

რა უცნაური და ახირებული კაცია ეს ივანიშვილი. 10 მილიონს რის ვაი–ვაგლახით შოულობს ამ გახრეკილ საქართველოში და მერე 40 მილიონს ოპერის თეატრს ახარჯავს. ბიჭოს! გამოგიქვეყნეს ამ ჩვენმა ოკეანისგაღმელმა მეგობრებმა უამრავი ფაილი. სხვა ყოფილ და ამჟამინდელ ,,ძე შეცდომილთა” რიგში ყოველი შემთხვევისთვის ბიძინა ივანიშვილიც ახსენეს. რამე ეჭვი რომ შეჰპარვოდათ 5 წლის განმავლობაში სოლოლაკში დაბანაკებულ ივანიშვილს ვერ გააჩერებდნენ? ამ კითხვას არავის სვამს, ბუნებრივია, არც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის უნიათო ლიდერები. არადა, 2005 წლიდან – 2010 წლის ჩათვლით ივანიშვილმა საქართველოში საქველმოქმედო საქმიანობაზე ერთი მილიარდ 156 000 მილიონი ლარი დახარჯა. არც ქართველ ნაციონალებს და არც მათ ამერიკელ პატრონებს მის მიმართ კითხვა არ გასჩენიათ. სამოცი წლის იუბილესთვის ივანიშვილმა დათვალა და აღმოჩნდა, რომ უკვე 2,8 მილიარდი ჰქონდა დახარჯული. არც ამჯერად გაუპროტესტებია არავის ეს ინფორმაცია, თუმცა იგი გაცხადდა. აი, მაინცდამიანც ოპერის თეატრს რომ 40 მილიონი დაახარჯა, მაშინ შეშფოთდნენ ,,გამომძიებელი” ჟურნალისტები და ,,პანამა ფეიფერებში” მისი გვარიც გაკრთდა. სხვათაშორის, არც 2012 წლის 27 დეკემბერს შეშფოთებულა ვინმე, როცა ივანიშვილმა თავისი 31 გვერდიანი დეკლარაცია, როგორც პრემიერმა, თავისი ქონებრივი მდგომარების შესახებ ჩააბარა შესაბამის უწყებას. და, აი, სამართლიანობისთვის მებრძოლმა ნაციონალმა რობინ ჰუდებმა, რომელთაგან ერთს ფრიად და ფრიად ეწიფებოდა ხელს არჩევნებთა შედეგებით ჟონგლიორობა, აღმოაჩინეს რომ იმ 31 გვერდიან ,,ნაშრომში” ერთი კომპანია ,,ლინდელ მენეჯმენტი” გამორჩენია ივანიშვილს. და აღსდგა რობინ ჰუდეთი – რევანშისტებით დაწყებული გულნაკლული მედიით დამთავრებული.

იმედია, ეს ღრმადპატივცემული საზოგადოება არათუ საარჩევნო რია–რიაში გამოიყენებს ამ ფაქტებს, არამედ პროტესტის უფრო მძაფრ ფორმებსაც მიმართავს: მაგალითად, კონგრესმენ სტივ რასელს შესთხოვენ ჩამობრძანდეს თბილისში და სოლოლაკის კოშკთან იშიმშილოს ,,ნაცმოძის” ლიდერებთან ერთად, ან ამიერიდან აღარ შევლენ პარლამენტის, ანუ ასე ვთქვათ ,,საჯარო ბიბლიოთეკაში”, რომელიც ასევე ბიძინა ივანიშვილის ფულითაა რესტავრირებული და შეკეთებული (თუმცა, არც აქამდე იკლავდნენ იქ სიარულით მაინცდამაინც თავს). ვერც სამების ტაძარში ნახავთ მათ ფეხს დადგმულს და არც იმ ხუთასამდე ეკლესია–მონასტერთან მივლენ, რომლებიც ივანიშვილის ფულით შეკეთდა, აღდგა ან აშენდა, არც სკოლებში გაუშვებენ შვილებს, რადგან ის პროექტიც ივანიშვილის ფულით განხორციელდა. თუმცა არა, აქ შეიძლება თავი შეიკავონ – ეს ხომ მაშინ მოხდა, როცა ნაცები იყვნენ მთავრობაში და რეჟიმი ძლევამოსილი მარშით მიაბიჯებდა გაურკვეველი მიმართულებით, ნუ, დავუშვათ, სინგაპურისკენ.

ახლა, ოფშორებში ბიზნესის კეთება კრიმინალი რომ არ არის, ამას იმედია არ გააპროტესტებენ, რადგან ,,პანამა ფეიფერებში” დავით კეზერაშვილიც მოხვდა, სახელმწიფო მოხელე, რომელმაც პატიოსანი ბიუროკრატიული კარიერის განმავლობაში, სულ რამდენიმე წელიწადში ბევრი ფული (ამბობენ, მილიარდებიო) დააგროვა. თან ,,ოფშორული ცოდვები” თვით ბილ გეითსსა და სტივ ჯობსაც კი ჰქონიათ.

ასე რომ, აბა ჩემო მანასეო, ხან ისე და ხან ასეო.

ბაჩო ჯინჭარაძე