04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ლარის ვარდნის შეჩერება ამერიკის ახალი ელჩის პირველი გზავნილია საქართველოს მოსახლეობისადმი

ბექა ციხისელის ბლოგი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო კელი!

ლარის გაუფასურების შესახებ ბევრი ითქვა და უამრავი დაიწერა, “მართლაცდა რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად!”. ენამჭევრობენ ოფიციოზის წარმომადგენლები და “ნაციონალური მოძრაობის” ფარული თუ ღია აქტივისტები, ,,20/30″-ის ექსპერტები და ხელმოცარული მკვლევარები. ლამის დავიზუთხოთ ეროვნული ვალუტების გაუფასურების საშინაო და საგარეო ფაქტორები. თუმცა, ლარს არაფერი ეშველა, ლირაც უფასურდება, დრამიც და მანათიც ჩვენს სამეზობლოში, წაიქცა ყაზახური ტენგე, შავ დღეშია რუსული რუბლი, მაგრამ ჩვენ, ბუნებრივია, ჩვენი მკვდარი უნდა ვიტიროთ – ლარი, მკვდარი არა, მაგრამ მომაკვდავი. მავანმა, ექსპერტ პაატა შეშელიძესავით დაიწყო ფიქრი, აქაოდა, ჩვენი ლარით პატივით და ღირსებით ხომ არ დაგვეკრძალა და საერთოდაც, ევროზე ან დოლარზე ხომ არ გადავსულიყავითო. თუმცა, აქამდე ჩვენი სულბედნიერი ლიბერალებიც კი ვერ მისულან ჯერ-ჯერობით. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ნოდარ ჯავახიშვილი უკიდურესად შეშფოთებული აყვირდა – 2.54-ს, ლარი-დოლარის მიმართებაზე, ვერც ჩვენი ეკონომიკა გაუძლებსო და ვერც სოციალურად შეჭირვებული მოქალაქეები. თითქოსდა იმავე პერიოდში ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორები – ამერიკელებიც გამოფხიზლდნენ. თუ აქამდე ოლიმპიური სიმშვიდით შესცქეროდნენ თავიანთი ნაცადი ქართველი პარტნიორების – ,,ნაციონალების” მიერ საქართველოს ახალი ხელისუფლების ტორპედირებას, მათ ხელთ არსებული (ჯერ კიდევ არსებული) ბერკეტების მეშვეობით – პროკურატურა, სასამართლო, იუსტიციის საბჭო, ეროვნული ბანკი, საკონსტიტუციო სასამართლო და ასე შემდეგ მიერ. ახლა კი გამოფხიზლდნენ. მათ მიერ გამოზრდილ ნაციონალურ-არასამთავრობო ელიტას, რომელთა გამოზრდაზე უამრავი მილიონი დახარჯეს, შესაძლოა ქვეყნის პერსპექტივაც გადაყვეს. და საქართველოში ახალი ელჩიც მოავლინეს.

ელჩი, ელჩად. ყველასთვის ცხადია, რომ არც წარსულში და არც დღეს ამერიკის ელჩები საქართველოს არ მართავენ (,,მეფობს, მაგრამ არ მართავს”). შევარდნაძის დროს ამას მისი დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი უშლიდა ხელს, სააკაშვილის დროს მისი თავკერძობა და უხიაგი ხასიათი. არ მგონია, ივანიშვილის მმართველობის პერიოდში სიტუაცია შეიცვალოს. ივანიშვილის მენტალობა და შინაგანი განწყობა, მისი მილიარდების და აქტივების დიდი ნაწილის დასავლურ საფონდო-საფინანსო სივრცეში არსებობა, ამის საკმაოდ მყარი გარანტიაა. მაინც ერთგვაროვანი ნაციონალური გუნდი ერჩივნათ ამერიკელებს, რომლებთანაც თარჯიმნების გარეშე ურთიერთობდნენ, ვიდრე ჭრელი ,,ოცნება”. მაგრამ “ოცნების” ხელისუფლების პრესინგი იმდენად დამანგრეველი აღმოჩნდა საქართველოსთვის, რომ ,,ფორინ პოლისის” ანალიტიკოსი მაიკლ ჩეჩირე, პრორუსი, შარლატანი პოლიტიკოსების აღზევებაზე ალაპარაკდა. ბუნებრივია, მისტერ ჩეჩირე ხუბუტიას ფულით ნაკვებ ორიოდე არასამთავრობოსა და მედიასაშუალებაზე არ საუბრობს, ის ირმა ინაშვილისა და ნინო ბურჯანაძის მზარდ რეიტინგზე მიუთითებს, მათ მძიმე კლიშეებს ადებს და თავისიანებს აფრთხილებს. ესეც ნიშანდობლივია. ასეთ ვითარებაში ამერიკელები იძულებულები გახდნენ, თივის ზვინთან მყოფი გიორგი ქადაგიძისთვის, როგორც ოპოზიციის მთავარი მუზა და იმავდროულად საფრთხობელა მეჭიაური იტყოდა, ასანთი ხელიდან გაეგდებინებინათ.

ჰოდა, იან კელი საქართველოში ჩამოვიდა, ერთი-ორი კომპლიმენტი გვესროლა და საქმესაც შეუდგა… გიორგი ქადაგიძემ ლარის გაუფასურების პროცესი ამ ეტაპზე დასრულებულად გამოაცხადა, სავალუტო ბაზარზე 40 მილიონ დოლარიანი ინტერვენციაც განახორციელა და, მოგეცა ლხენა, ლარმა გამყარება დაიწყო…

ასე რომ, პირველ რიგში ბატონ კელის პირველი მადლობა უნდა ვუთხრათ, ლარის გაუფასურება ამ ეტაპზე შეჩერებულია.

ისე როგორც, მადლობას იმსახურებდა მისი წინამორბედი რიჩარდ ნორლანდი, რომლის წვლილიც 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების რეალური შედეგის დადგომაში უდაოდ დიდი იყო. რომ არა ნორლანდის მაშინდელი მისია, “ნაციონალებს” ყველაფერი მომზადებული ჰქონდათ იმ არჩევნების შედეგების გასაყალბებლად.

ამერიკელებმა კი დროა ისწავლონ ამა თუ იმ ქვეყნის და ხალხის ნდობით აღჭურვილ მთავრობებთან ურთიერთობა, რაც ძნელია, შრომატევადია, მაგრამ გაცილებით მეტი შედეგის მომტანი იქნება, როგორც ამერიკელებისთვის, ისე სხვა ხალხებისა და რეგიონებისთვის. პრინციპი: “ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილი”, აშკარად მოძველდა.

რაც შეეხება პრორუსის იარლიყს, ხშირად საქართველოში პირიქითაა – ,,პრორუსები” ამერიკელების საქმეს აკეთებენ, ხოლო “პროამერიკელები” რუსებისას…

ახლა გიორგი ქადაგიძის ბოლოდროინდელ რიტორიკაზე. “სავალუტო რეზერვების ხარჯვისგან თავშეკავება ამ პირობებში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა”, – აცხადებს ის. “ეს იქნებოდა რეზერვების განიავება”, – იმეორებს ქადაგიძე. მაგრამ რაც ის ამას ამბობს, იმას აქეთ დაახლოებით 300 მილიონ დოლარამდე ინტერვენცია განახორციელა. მას ვერ გაუგია, რომ ამაზე არავინ დაობს. საუბარია ხარჯვის დროზე, მიზანშეწონილობასა და მოცულობაზე, ინტერვეციასა და ინტერვენციას შორის, ინტერვალის განსაზღვრაზე. ლაპარაკია იმაზე, რომ როცა ამბობს “სხვა თანაბარ პირობებში კურსი, გარკვეულწილად, თავის მაქსიმუმზეაო” და ამას მედიასთან ამბობ, ანუ ხალხისთვის, საზოგადოებისთვის, ისიც უნდა დააზუსტო თუ რას ნიშნავს, სხვა თანაბარი პირობები, ისიც უნდა განმარტო, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ, თითოეულმა ცალ-ცალკე პასუხისმგებლობა რაზე აიღეს. თუნდაც იმის გამო, რომ საერთაშორისო-საგარეო ფაქტორებით გამოწვეული ეროვნული ვალუტების დევალვაცია ჩვენთან რატომ იქცა ვარდნად, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით. ,,სხვა თანაბარი პირობები”, – როგორც ჩანს გულისხმობს, ქადაგიძის ინტერპრეტაციით მთავრობის იმ ნაბიჯებს, რომლებსაც წარუმატებლობის შემთხვევაში სებ-ის პრეზიდენტი მთავრობას გადააბრალებს. მიუხედავად ამ ყოველივესი და მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ქადაგიძე საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორი პოლიტიკის შემთხვევაში გვპირდება ლარის გამყარების ტენდენციას, თუ სწორი ნაბიჯები გადაიდგმება, მაინც კარგია, თუ სებ-ის პრეზიდენტი ახლა მაინც ითანამშრომლებს მთავრობასთან და არ შეასრულებს ოდესის გუბერნატორის დესტრუქციულ მითითებებს ან დავალებებს. ისიც უნდა შევნიშნოთ, რომ საშუალოვადიანი პერსპექტივა დაახლოებით 1 ან 2 წელს მაინც გულისხმობს, როცა ის უკვე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი აღარ იქნება. მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის ის უფრო საინტერესოა, ბოლო დროინდელი კონსტრუქციულობისთვის ხელშეუხებლობის რა გარანტიები მიიღო და ვისგან ბატონმა ქადაგიძემ, – ამერიკის ახალი ელჩისგან, პრემიერისგან თუ ქვეყნის ფორმალური მმართველისგან. რაც არ უნდა იყოს ქადაგიძის ეს ფერისცვალება ჩვენი ქვეყნისთვის მაინც სასარგებლოდ მიმაჩნია.

და ამასობაში რატომღაც ყველას მიავიწყდა ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო. იგი, პრინციპში, ისეთი პროფესიონალებით დააკომპლექტეს, რომ ნაცები და მათი იდეოლოგებიც კი ვერაფერს ამბობენ, მაგრამ საკონსტიტუციოში სარჩელის შეტანამ ნაციონალ-თავისუფალი დემოკრატების ტანდემის მიერ, სააგენტოს მუშაობის დაწყება დააბრკოლა. ირაკლი კოვზანაძე, რომელიც პრინციპში და პრინციპულად საპარტნიორო ფონდის მასშტაბურ პროექტებს მოწყვიტეს, ჯერ-ჯერობით უსაქმოდაა, რაც გონივრული და კარგი არ არის. ამასობაში, კოვზანაძის ჯერაც გაუციებელ სავარძელში საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, დავით საგანელიძე ჩაბრძანდა, რომელმაც მის მიერ ლობირებული და ბევრი საქმეში ჩახედული ადამიანის მიერ დაწუნებული განვითარების ბანკის იდეა ისევ შემოაგდო.

ასე რომ, ბევრი საინტერესო ამბები გველის სალხინეთში.

კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ კელის!