01/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“ლართან დაკავშირებით, გვაქვს სერიოზული პრობლემა რისკების სწორად იდენტიფიცირების და შეფასების კუთხით”

“კვირიკაშილი არის ადამიანი, რომელიც არის პრობიზნესური, ძალიან სწორად აზროვნებს, ძალიან სწორად აქვს პრიორიტეტები განსაზღვრული”
2015 წელი ქართული ეკონომიკისთვის მეტად სენსიტიური აღმოჩნდა, ქვეყანამ გამოიარა სავალუტო კრიზისი, წლის განმავლობაში ეროვნულმა ვალუტამ განიცადა მნიშვნელოვანი დევალვაცია. თუმცა, წლის განმავლობაში, იყო ისეთი მნიშვნელოვანი პოზიტიური მოვლენები, როგორიცაა იბიარდის საერთაშორისო ფორუმის თბილისში გამართვა და რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება. უფრო დეტალურად 2015 წლის ყველაზე აქტუალური, ეკონომიკური მოვლენების შესახებ ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე გვესაუბრა.
– წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სენსიტიური თემა იყოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია, წლის ბოლოსთვის სახეზე გვაქვს 32%-ზე მეტით გაუფასურებული ეროვნული ვალუტა,… რომ შევაჯამოთ ის საგარეო თუ საშიანო ფაქტორები, რამაც ლარის დევალვაციაზე გავლენა იქონია,…
– ნამდვილად, ლარი იყო 2015 წლის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და `ცხელი თემა, რამაც საბოლოო ჯამში, გარკვეული ნეგატიური ტრენდი გამოიწვია და წლის ბოლოს ლარის თემა ინფლაციურ პროცესებში გადაიზარდა. მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი, ლართან მიმართებაში, არის სავალუტო შემოდინებები. ანუ, ის ფაქტორები რომელიც, ეკონომიკაში ცნობილია, ეგზოგენური ფაქტორების სახით. როგორც რეგიონში ისე მსოფლიოში, მთავარი მასტიმულირებელი ამ ნეგატიური ტრენდისა, გახლდათ მსოფლიოში `თამაშის წესების შეცვლა~, ვგულისხმობ, ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით, ახალი პოლიტიკის ჩამოყალიბებას, რომლის მთავარი ვექტორი არის აშშ. ნავთობზე ფასების შემცირებამ მნიშვნელოვნად შეუმცირა შემოსავლები ისეთი ტიპის ქვეყნებს, რომელთა ეკონომიკაც ორიენტირებულია რესურსების ექსპორტზე, მაგალითად აზერბაიჯანის და რუსეთი, ეს ქვეყნები კი არიან ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორები, შესაბამისად, ამ ქვეყნებში დაძაბულმა ეკონომიკურმა ფონმა, ადგილობრივი ვალუტების გაუფასურებამ, საქართველოზე და ქართველ მომხმარებელზე ბუნებრივია ნეგატიური გავლენა მოახდინა. საქართველო არის მნიშვნელოვანწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა. შესაბამისად, როდესაც ფასები იცვლება, ჩვენთანაც შესაბამისი ცვლილება ხდება ეკონომიკაში და სავალუტო ნაკადების შემოდინების თვალსაზრისით. გაჩენილი ახალ-ახალი პრობლემური კერები, ჩვენთვის არის ძალიან სერიოზული გამოწვევა.

ამ ყველაფერს ემატება საქართველოდან ექსპორტის შემცირება, ჩვენ წლის განმავლობაში ექსპორტი მნიშვნელოვნად შეგვიმცირდა, ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს, რომ ამ კუთხითაც სავალუტო შემოდინებები შამცირდა. ასევე აღსანიშნავია ფულადი გზავნილების შემცირებაც, რისი ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელიც გახლდათ საბარძნეთის კრიზისი. ამას დაემატა თურქეთიდან და რუსთიდან ფულადი გზავნილების შემცირება, რაც ნეგატიურად აისახა საგადამხდელო ბალანსზე. საბოლოოდ, კი მივიღეთ სურათი, რომ ჩვენ ქვეყანაში შეგვიმცირდა შემოსავლები და ამ შემოსავლების დაკომპენსირება უნდა მოხდეს მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით.
ასევე აღსანიშნავია ის შეცდომები, რომელიც ჩვენ მონეტარული პოლიტიკის, გატარებისას დავუშვით, ანუ, დროული ეფექტის მისაღებად ის მონეტარული ინსტრუმენტების რომელიც სებ-ს გაჩნდა, არ იქნა გამოყენებული. ხშირ შემთხვევაში, სებ-ი აგვიანებდა მოქმედებას, რამაც, საბოლოოდ, ვერ აგვაცილა ის პრობლემები, რომელიც დღეს ეროვნულ ვალუტას აქვს. მე მგონია, რომ სებ-ის მოქმედებებში შეცდომები იყო დაშვებული, ძირითადად, პროფესიულად არასწორი გათვლების გაკეთების გამო. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სავალუტო რეზერვი, კურსის გასამყარებელი რეზერვი არ არის, სავალუტო რეზერვი არის, მოსახლეობის და ეროვნული ვალუტის შოკებისგან დამცავი ერთგვარი ფარი. როდესაც შოკი უკვე მომხდარია და შენ პოსტ ფაქტუმ ახდენ რეზერვის ბაზარზე გაყიდვას, ამ სავალუტო ინტერვენციის ეფექტი, პრაქტიკულად ნულოვანია. მეორე საკითხი, რომელიც უკავშირდება რეფინანსირების განაკვეთის ზრდას, ასევე ერთ-ერთი ინსტრუმენტია, სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც ეროვნულმა ბანკმა დააგვიანა და რეფინანსირების განაკვეთი ძალიან გვიან გაზარდა, რელურად, რომ შევხედოთ, სავალუტო კრიზისი უკვე დაწყებული იყო და არანაირი ეფექტური ღონისძიება, ამ თვალსაზრისით, არ იყო განხორციელებული. ანუ, მხოლოდ მაშინ დაიწყო ეროვნულმა ბანკმა ინსტრუმენტების ამოქმედება, როცა ინფლაციის თარგეთის პრობლემა გაჩნდა. აქედან გამომდინარე მე მიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ გვაქვს სერიოზული პრობლემა რისკების სწორად იდენტიფიცირების და შეფასების კუთხით.
– ზოგადად, რომ შევაფასოთ წლის მთავარი ეკონომიკური მოვლენები, თქვენი შეფასებით, წლის განმავლობაში, რომელი იყო ყველაზე აქტუალური და მნიშვნელოვანი მოვლენა ეკონომიკური თვალსაზრისით?
– ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მოვლენა არის პირველი, რა თქმა უნდა, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც არ არის მხოლოდ ერთჯერადი ხელის მოწერის პროცესი და წლების განმავლობაში ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა.
მეორე, ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ვიზალიბერალიზაციის თემა, ეს არის არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური არამედ, უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გადაწყვეტილება და ქვეყნის პოლიტიკური განვითარების ვექტორზე ხაზის გასმა.
მესამე, მნიშვნელოვან ფაქტორად მე მივიჩნევ ჩინეთთან ურთიერთობების აქტიურ ფაზაში შეყვანას, მოლაპარაკებების დაწყებას ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე.
ასევე, აღსანიშნავია აბრეშუმის გზის ფორუმი, `იბიარდის~ ფორუმი, ანუ ის მარცვლები რომლებიც დაითესა და სარგებელს მოგვცემს შემდეგი წლების განმავლობაში.
აქედან გამომდინარე, მე მგონია, რომ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სასტარტო პირობები, ახლა ამას, უბრალოდ განვითარება სჭირდება და რაც მთავარია, ნაკლები შეცდომების დაშვება ეკონომიკურ პოლიტიკაში, გვაქვს პოტენციალი და ამ პოტენციალის გამოყენება იქნება უახლოესი წლების განმავლობაში ჩვენი მთავარი გამოწვევა. ასევე, აუცილებელია, რომ პოლიტიკა იყოს აქტიურად პრობიზნესური, საინვესტიციო პოლიტიკა უნდა იყოს პროაქტიური, ამ თვალსაზრისით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე ხელისუფლება უნდა იყოს მეტად ფოკუსირებული.
– ენერგოსექტორში ხელისუფლება ელოდებოდა 600 მილიონამდე ინვესტიციას, თუმცა, წლის ბოლოს მივიღეთ შედეგი, რომლის მიხედვითაც ამ სექტორში 100 მლნ-მდე ინვესტიციაც კი არ არის განხორციელებული, როგორ გგონიათ რამ განაპირობა ამ დარგში ინვესტიციების შემცირება?
– მე მაინც მგონია, რომ ჩვენ დავაკელით, მოდი ვაღიაროთ, რომ რაღაც მიმართულებებით ჩვენ დავაკელით მუშაობა, მათ შორის ვერ მივიღეთ სწრაფი გადაწყვეტილებები, ვერ ვუზრუნველყავით სხვადასხვა პროექტის სწრაფი და დროული ამოქმედება. ჩვენ გვაქვს გარკვეული პრობლემები და ენერგეტიკა არის სწორედ ერთ-ერთი ასეთი დარგი, სადაც არის მსგავსი ხარვეზები, ამავდროულად ენერგეტიკა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პოტენციალის მქონე დარგი, არა მხოლოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით, არამედ, ეს არის უნივერსალური ენერგია და უნივერსალური პოტენციალი, რომლის ექსპორტზე გატანა ყოველთვის არის შესაძლებელი, ამავდროულად, ენერგეტიკა არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, ენერგოდამოუკიდებლობის კუთხით, რომ შევამციროთ სხვა ქვეყანაზე ენერგოდამოკიდებულობის დონე. ამიტომაც, სწორედ ენერგეტიკის მიმართულებებით ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, ძალიან ბევრი ინვესტორი ინტერესდება ამ დარგით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, უბრალოდ, ეს პროცესები ძალიან იჭიმება და სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ხელისუფლება უნდა იყოს პროაქტიური მათ შორის ენერგეტიკის მიმართულებითაც.
– რაც შეეხება 2016 წლის ბიუჯეტს, ბიუჯეტის განახლებულ პროექტს მრავალი მოწინააღმდეგე ყავდა, თქვენ როგორ შეაფასებთ 2016 წლის ბიუჯეტს და ხომ არ თვლით, რომ ის საკმარისზე მეტადაა დატვირთული სოციალური ხარჯებით?
– 2016 წლის ბიუჯეტი, მაქსიმალურად ითვალისწინებს იმ რეალობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ბუნებრივია, შეიძლება გვქონდეს გარკვეული პრეტენზიები და ვისაუბროთ იმაზე, რომ 3% ეკონომიკურ ზრდას ჯობია 5%-ნი ეკონომიკური ზრდა, ბიუჯეტის 3% დეფიციტს ჯობია 1.5%-ნი დეფიციტი, მაგრამ ის რაც არის 2016 წლის ბიუჯეტში არის ასახული, ეს არის იმ გამოწვევებზე და იმ რეალობაზე გათვლილი, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ ვერ გავექცევით იმ სოციალურ ხარჯებს რომელიც ქვეყანაში გვაქვს, ჩვენ გვაქვს გარდაუვალი სოციალური ხარჯები, რაც უკავშირდება იგივე საპენსიო უზრუნველყოფას, იმას, რომ ლარის დევალვაციის გამო გარკვეული კომპენსირება საჭიროა, ვერ გავექცევით იმას, რომ ყველზე მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი ჯანდაცვასა და ფარმაცევტულ სფეროზე მოდის, აქედან გამომდინარე საყოველთაო ჯანდაცვის ხარჯების გაზრდაა არის აუცილებელი.
ზოგადად, ბიუჯეტის სოციალურ ნაწილთან დაკავშირებით, მე ვერ დავეთანხმები იმ საყოველთაოდ გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჯანდაცვის ხარჯები არის დამღუპველი, ჯანდაცვაში ჩადებული ფული, თავისი ეკონომიკური შინაარსით არის, იგივე რაც ინფრასტრუქტურაში ჩადებული ფული. ჯანდაცვა ქმნის სამუშაო ადგილს, ჯანდაცვა მონაწილეობს მშპ-ს ფორმირებაში, ჯანდაცვა იხდის გადასახადებს, აქედან გამომდინარე ჯანდაცვა არის ეკონომიკა და ეს არის ეკონომიკაში ჩადებული ფული.
– რაც შეეხება მთის კანონს, როგორ შეაფასებთ ამ ინიციატივას, რეალურად, რამდენად იმუშავებს ეს კანონი და რამდენად დადებითად აისახება ეკონომიკაზე?
– მთის კანონს მე არ განვიხილავ, როგორც ქვეყნის ეკონომიკის გადარჩენის, ან ქვეყანაში, მთის რეგიონებში ბიზნესის განვითარების მთავარ ამძრავს. მთის კანონი არის ქვეყნის სოციალური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი და ქვეყნის სოციალური პოლიტიკის კონცეფციის შემადგენელი ნაწილი, ანუ, უფრო მეტად სოციალური დატვირთვისაა ვიდრე ეკონომიკური. ის შეღავათები, ის ბენეფიტები, ის ფინანსური სტიმულები, რაც გაწერილია მთის კანონში, ეს ხელს უწყობს მთის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის სოციალური დაცულობის შედარებით მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფას, ვიდრე აქამდე იყო და იმ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის ამ რეგიონში შენარჩუნების კონცეფციის განვითარებას. ვთვლი, რომ ეს არის სოციალური პოლიტიკის ნაწილი. ცუდია, რომ არ ვარქმევთ ამას თავის სახელს, რეალურად ეს სოციალური დატვირთვის მატარებელია, თუმცა, მოლოდინი მაქვს, ამ კანონთან დაკავშირებით, რომ ეს იქნება, ინსტრუმენტი სოციალური თემების რეგულირების, სოციალური სტანდარტის გაუმჯობესების, ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების, ადამიანების მთაში შენარჩუნების მხრივ გადადგმული ნაბიჯი და არა რაღაც ეკონომიკური გარღვევის და ეკონომიკური სასწაულის მთავარი ფაქტორი. ვთვლი, რომ ამ ეტაპზე მთის რეგიონებში პრეფერენცირებული სოციალური პოლიტიკის საფუძველი ბუნებრივია ეკონომიკურია. ბუნებრივია, ამას ოპონენტები ყავს, რადგან ეს არის ცოტა ძვირი სიამოვნება. ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ ქვეყანა შედგეს, როგორც სახელმწიფო, ეკონომიკური სტიმულების და ეკონომიკური ფონების გაუმჯობესების, პარალელურად, ჩვენ გვაქვს რამდენიმე თემა, რომლებიც ადამიანების ყოფა-ცხოვრების მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობების უზრუნველყოფას, ჯანდაცვის მეტ-ნაკლებად ნორმალური სტანდარტის უზრუნველყოფას უკავშირდება.
ჩვენ არ შეგვიძლია ის მოქალაქეები, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან უბრალოდ ავდგეთ და გავწიროთ. ეს არასწორი იქნება, თუნდაც ეკონომიკური ზრდის სანაცვლოდ.
– პრემიერმა თანამდებობა დატოვა, ეკონომიკურად ამას რა ეფექტი ექნება და იგივე ინვესტორებისათვის როგორი სიგნალი შეიძლება იყოს ეს?
– მთავარი მოვლენა არ არის პრემიერის წასვლა. პრემიერი, როგორც ყველა პოლიტიკოსი არის მთავრობის ანუ ცოცხალი ორგანიზმის შემადგენელი ნაწილი. პრემიერები მიდიან და მოდიან. მთავარია ვინ მოდის. ყველაზე მთავარი ვინ მოდის, დასახელებული კადიდატებიდან, ყველაზე რეალური არის კვირიკაშვილი. კვირიკაშილი არის ადამიანი, რომელიც არის პრობიზნესური, ძალიან სწორად აზროვნებს, ძალიან სწორად აქვს პრიორიტეტები განსაზღვრული. ძალიან კარგი კომუნიკაცია ჰქონდა წლების განმავლობაში და აქვს ბიზნესთან. ეს შეიძლება გახდეს ძალიან კარგი სიგნალი და მე იმედი მაქვს ახალი ხელისუფლება კიდევ უფრო აქტიურად პრობიზნესური იქნება. აქედან გამომდინარე, მე ვერანაირ საფრთხეს ვერ ვხედავ პრემიერის გადადგომაში. ჩემი აზრით, ეს არ იქნება ინვესტორებისთვის არანაირი საფრთხის შემცველი. ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით, უფრო სარფიანი იქნება მათთვის 2016 წელი.

ლაშა ბასლანძე