მსოფლიო

ლიბერალური დემოკრატიის დემონტაჟი პოლონეთში

 

   ცოტა ხნის წინ ქართულ პრესაში გამოქვეყნდა The National Internet – ის სტატია სათაურით: «პოლონეთი ევროკავშირის ერთიანობისთვის საფრთხეს წარმოადგენს”. სტატიაში ავტორი ხაზს უსვამდა წინა ხელისუფლების ეკონომიკური რეფორმების წარმატებით განხორციელებას და იმდროინდელი პრემიერმინისტრის დონალდ ტუსკის ევროსაბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის ფაქტს, რომლის თანახმადაც ევროკავშირში პოლონეთი “პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის კუნძულად” იქცა. აღნიშნულ სტატიაში ავტორი მიიჩნევს, რომ მიმდინარე მემარჯვენე იდეოლოგიის მთავრობა არადემოკრატიული პროცესებით ხასიათდება. ავტორის შეფასებები საპირისპირო ანუ მემარცხენე იდეოლოგიის შეხედულებებს ემთხვევა, შესაბამისად, არ განეკუთვნება ობიექტურ აზრთა რიცხვს და  არ ემთხვევა მოქმედი ხელისუფლების, ანუ პარტია «სამართალი და სამართლიანობის» მიმართულებებს, რომელიც პოლონელმა ხალხმა 2014 წლის არჩევნებზე აირჩია.

  თუ უახლოესი ისტორიის რაკურსს გავაკეთებთ, 2008 წელს პოლონეთმა, დონალდ ტუსკის ხელმძღვანელობთ მართლაც რომ დაამარცხა ეკონომიკური კრიზისი; მაგრამ ასევე აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ 8 წლის მმართველობის პერიოდში ტუსკის მთავრობამ დახარჯა 10 წლის ბიუჯეტი, რომელსაც ძირითადად ევროკავშირიდან შემოსული ფინანსები და ასევე სახელფასო ფონდები შეადგენდნენ. ექსპერტები, მათ შორის ოფიციალური ბრიუსელიც, ადასტურებდნენ ფაქტს, რომ ძირითადი ფინანსები იმ დროისთვის მოხმარდა კონკრეტულ ინვესტიციებს. მაგალითად, პოლონეთის მასშტაბით აკვაპარკების მშენებლობას, ხოლო ნაკლები ყურადღება დაეთმო ადამიანური რესურსების, სხვადასხვა ინოვაციების წახალისებას. სამოქალაქო პლატფორმის 8 წლიანი მმართველობა (2007-2015 წლები) პოლონეთში ცნობილია, როგორც «ონკანიდან ცხელი წყლის გამოშვების « პოლიტიკა, რაც გულისხმობს მმართველობის სტილს ყველანაირი «Big Idea”-ს გარეშე.

  დღევანდელ მმართველ გუნდს კი – «სამართალი და სამართლიანობა», რადიკალურად განსხვავებული ხედვა აქვს. სულ ახლახანს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ წარადგინა სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს პოლონეთის ეკონომიკის გადასვლა საშუალო განვითარების ეკონომიკიდან სწრაფი განვითარების ეტაპზე. ამ კამპანიის შედეგები ჯერ კიდევ წინ არის. მიმდინარე ფაქტების  მიხედვით კი შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ბოლო 24 წლის განმავლობაში 2016 წელს უმუშევრობის დონის ყველაზე დაბალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდასთან ერთად კი მთავრობამ დასახა ახალი მიზანი და უკვე შევიდა ძალაში ახალი კანონპროექტი 500+, რაც გულისხმობს ყველა მეორე და შემდეგი ბავშვის ყოველთვიურად 500 ზლოტის ოდენობით  დაფინანსებას 18 წლის ასაკამდე. დღესდღეობით პოლონეთი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა, აღნიშნული კანონპროექტი კი დემოგრაფიული პრობლემების გადაჭრას ემსახურება.

   მკითხველი მომიტევებს, თუ ოდნავ გადავუხვევ თემიდან. მინდა თქვენი ყურადღება რამდენიმე დეტალზე შევაჩერო. დღესდღეობით პოლონეთის ლიბერალური მედია ცდილობს საზოგადოებას დაანახოს, თუ რა მსგავსებაა კაჩინსკსა და  ტოტალიტარ ჰიტლერს შორის, ასევე ხშირი პარალელები პუტინთან თუ ერდოღანთან, რასაც გამოხმაურება ქართულ საინფორმაციო წყაროებშიც მოჰყვა. სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს, მოგახსენებთ: არა ბატონებო, პოლონეთს დემოკრატიის საფრთხე არ ემუქრება! ჩვენ ახლა ვსაუბრობთ დემოკრატიაზე, რომლის ფარგლებშიც საზოგადოება ირჩევს მმართველ ძალას; ვსაუბრობთ მმართველობის ფორმაზე, სადაც მმართველ ძალას ქვეყანაში აქვს ლეგიტიმაცია განახორციელოს ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოში, რომლის ფორმირება დიახაც რომ წინა ხელისუფლებამ არაკანონიერად მოახდინა. კონკრეტულად კი  საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული 5 მოსამართლიდან 2 აირჩიეს მათთვის სასურველი ანუ გახანგრძლივებული ვადით.  საპასუხოდ კი პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ არ მიიღო არცერთი მოსამართლის ფიცი, ახალარჩეულმა პარლამენტმა კი დაიწყო გამოძიების ჩატარება, პარალელურად კი  აირჩიეს ახალი 5 ახალი მოსამართლე და პრეზიდენტმა სწორად ამ ახალარჩეულ 5 მოსამართლეს მიანიჭა ლეგიტიმურობა. დარწმუნებული ვარ, რომ  არა წინა ხელისუფლების არაკანონიერად არჩეული მოსამართლეები და მათგან მოსყიდული სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების პროპაგანდა, არავინ არ შეიტანდა ეჭვს პოლონეთში დემოკრატიის საფრთხისა და ფაშიზმის არსებობასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ პრობლემებს ადგილი ჰქონდა   დემოკრატიულად განვითარებულ ისეთ სახელმწიფოებშიც კი როგორებიცაა აშშ და იტალია. აღნიშნული ტიპის დავებია ავსტრიაშიც, სადაც მედიას დიდი ყურადღება არ დაუთმია ამ საკითხებზე, ისე როგორც იმაზე, თუ როგორი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა 2014 წელს პოლონეთში. აღნიშნულ არჩევნებზე დაფიქსირდა უპრეცედენტო შედეგები, კონკრეტულად კი რადიკალურად განსხვავდებოდა ეგზიტპოლებისა და არჩევნების შედეგები ერთმანეთისგან. ამ შედეგებით კი რთულია ვივარაუდოთ იმდროინდელი არჩევნების სამართლიანობაზე.

  დღევანდელ პოლონეთში ნამდვილად არის სიტყვის თავისუფლება. აი, მაგალითად: მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია «სამართალი და სამართლიანობა» გახდა, ძალიან ხშირად მოსახლეობა აწყობს მანიფესტაციებს მოქმედი მთავრობის წინააღმდეგ, თავის მხრივ კი  მთავრობა მიტინგების დასარბევად არ იყენებს პოლიციას, როგორც ეს ტუსკის მმართველობის დროს ხდებოდა, როცა მაღაროელთა სისტემატიურ გაფიცვას ჰქონდა ადგილი.  თუ აღნიშნული მაღაროელების ცნობილი მანიფესტაციების იმდროინდელ ნიუსებს თუ ფოტოებს გადავხედავთ, აუცილებლად გაგვიჩნდება კითხვა, თუ რა ტიპის დემოკრატია იყო იმ დროის პოლონეთში. იმდროინდელი უსამართლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია ისიც, რომ ხდებოდა სხვადასხვა არხების ჟურნალისტების მასიური მოსმენა.

    დავუბრუნდეთ არსებით საკითხს. ძვირფასო მკითხველებო, პოლონეთში დემოკრატია ნამდვილად არის, უბრალოდ არა ლიბერალური მიმართულების. საინტერესოა ასევე, თუ როგორ მუშაობდნენ გერმანელი ჟურნალისტები, როცა 2016 წლის ახალი წლის ღამეს ემიგრანტების მიერ გაუპატიურებელი იქნა ათასობით ქალი კონცერტის დროს. საინტერესოა ასევე დებატები აბორტის თემასთან დაკავშირებით, თუ როგორ რეაგირებს ამ საკითხებზე ლიბერალური შეხედულებების მქონე მედია თუ სახელმწიფო იგივე გერმანიაში თუ  დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. პოლონურ პრესაში კი აქტიურად მიმდინარეობს დებატები, უნდა ჰქონდეს თუ არა ქალს, იმ შემთხვევაში თუ ის გაუპატიურების შემდეგ ორსულად დარჩება, აბორტის გაკეთების უფლება. «სამართალი და სამართლიანობის» თავმჯდომარე იაროსვავ კაჩინსკი მიიჩნევს, რომ მომავალ სიცოცხლეს ყველა ვარიანტში უნდა ჰქონდეს არსებობის შანსი. ასევე მნიშვნელოვანია ვახსენო დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების საკითხი. პოლონეთში მიიღეს კანონი, რომ ამ შემთხვევაში პოტენციურ დედას არ აქვს უფლება აბორტის გაკეთების, ეს კი ლიბერალურად წოდებულ მედიაში არა საინტერესო ნიუსებია და პოლონეთი ამ მხრივ არ არის პოპულარული  მედიაწყაროებში. ლიბერალური მედიის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა ასევე კანონპროექტი 500+ს; ამ და ასევე ქალისა და მამაკაცის თანასწორუფლებიანობის საკითხს პოლონეთსა თუ საქართველოში მომდევნო სტატიაში შევეხები. ისე კი ბატონებო, ახლა რომ პოლონეთს მემარცხენე ტუსკის მთავრობა მართავდეს, მედია დუმილის უფლებას გამოიყენებდა, რასაც მოწმობს თურქეთში განვითარებული მოვლენები. ფაქტი სახეზეა: დასავლური პრესა ინარჩუნებს პოლიტკორექტულობას და დუმს თურქეთში არსებული სამხედრო გადატრიალების თაობაზე.

  ნამდვილად რომ ბევრი შეიძლება ითქვას მედიის თვალთმაქცობაზე. ასე რომ, ვფიქრობ, უკვე დროა დავფიქრდეთ, რა ტიპის დემოკრატიასთან გვაქვს საქმე, როცა დასავლეთის ქვეყნებზე ვსაუბრობთ. რაც შეეხება რუსეთს, ამ შემთხვევაში დემოკრატიაზე საუბარიც კი ზედმეტია. ცენზურული მედია გერმანიაში, პოლონეთში ემიგრანტების არ მიღებაზე არსებული რადიკალური კრიტიკა, ამერიკაში მიმდინარე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები, ანგელა მერკელის მიერ რიგი ევროკავშირის ხელშეკრულებების დარღვევა და ემიგრანტების შემოშვება ევროპის მიწაზე – ნუთუ დემოკრატიული პროცესები ევროპის კონტინენტზე მხოლოდ ბრიუსელშია და სხვაგან არსად? თუ ასეა,  ბატონებო, მაშინ ვაღიაროთ და ერთმანეთს მივუსამძიმროთ, რომ პოლონეთში დემოკრატია გარდაიცვალა.

13942235_1327185773975884_1924806050_n

ავტორი: მარჩინ ხმიელ, პოლიტოლოგი