საზოგადოება

მანანა შარაშიძე: პირველად რგოლში მომუშავე მედიკოსებს უნდა ჰქონდეთ ისეთი კვალიფიკაცია, რომ შეძლონ სიმპტომების სწორად ამოცნობა

ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმა იწყება. რეფორმამ დაავადებათა პრევენცია, ადრეულ სტადიაზე გამოვლენა და სტაციონარში მოხვედრილი პაციენტების რაოდენობის შემცირება უნდა უზრუნველყოს. დაგეგმილი რეფორმის შესახებ ფსიქიატრმა, საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის ხელმძღვანელმა მანანა შარაშიძემ ისაუბრა.

„საყოველთაო ჯანდაცვამ ქვეყნის მოსახლეობის ეკონომიკურად გაჭირვებულ ნაწილს გარკვეული სიკეთე ნამდვილად მოუტანა. ძალიან ბევრმა შეჭირვებულმა ადამიანმა გაიკეთა სხვადასხვა ტიპის ქირურგიული ოპერაცია, მიიღო გარკვეული სერვისები. თუმცა, ექსპერტების თვალსაზრისით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ხარჯიანი და არახარჯთეფექტურია, ვინაიდან  ამ პროგრამით სარგებლობენ არამარტო შეჭირვებული ადამიანები, არამედ ყველა, განურჩევლად ეკონომიკური შესაძლებლობისა. როდესაც ქვეყანა ასეთი ღარიბია, როდესაც უფასო სერვისით სარგებლობს მდიდარი, ეს თანხა ისევ ღარიბს აკლდება. ჯანდაცვის სამინისტროს უმთავრესი რესურსი და დაფინანსება ხმარდება საყოველთაო ჯანდაცვას, ამიტომ ვერტიკალური პროგრამები (როგორიც არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პროგრამები), ვეღარ ექცევა სათანადო ყურადღება. ფინანსური რესურსის გარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს სჭირდება სატანადო მართვა. ჯანდაცვის სამინისტროს აქვს სახელმწიფო პროგრამა, თუმცა მას ეფექტური ადმინისტრირება აკლია. სამინისტროს უნდა ჰყავდეს რამდენიმე პასუხისმგებელი ადამიანი, რომლებიც სწორედ ამ პროგრამაზე იქნებიან ორიენტირებულნი. კარგი იქნება, თუ ჯანდაცვის პირველად რგოლში მომუშავე ექიმებს ექნებათ ისეთი კვალიფიკაცია, რომ შეძლონ სიმპტომების სწორად ამოცნობა. ჩემთან საუბრისას საკმაოდ ბევრ ოჯახის ექიმს უთქვამს, რომ მათთან მისულა პაციენტი, რომელსაც ფსიქიატრის დახმარება სჭირდებოდა, თუმცა ჩვენს საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, ექიმები ერიდებიან პაციენტების ფსიქიატრთან გადამისამართებას. არადა ეს ისეთი პრობლემაა, რომელსაც ოჯახის ექიმი სათანადოდ ვერ გაუმკლავდება. პირველადი რგოლის ექიმებს არ აქვთ შესაბამისი ინფორმაცია, რომ ფსიქიკური აშლილობის დიაგნოსტირებას პირველ რიგში ფსიქიატრი უნდა ახდენდეს და ისინი პაციენტებს ხშირად ნევროლოგთან მიმართვას უწერენ“

– ამბობს მანანა შარაშიძე.

მანანა შარაშიძე მედიკამენტების ხარისხის საკითხსაც გამოეხმაურა.

„რაც შეეხება ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მედიკამენტების საკითხს, ვინაიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს წარმოვადგენ, სწორედ მის ირგვლივ არსებულ რეალობაზე მოგახსენებთ. როდესაც სამკურნალო დაწესებულება აცხადებს მედიკამენტის შესაძენად ტენდერს, მეტწილად იმარჯვებენ ის მიმწოდებლები, რომლებიც ყველაზე უფრო იაფად შეძლებენ წამლის მიწოდებას. ბევრი იაფი წამალი არის ნაკლებად ეფექტიანი. რაც შეეხება ბრენდულ წამლებს, ისინი აღიარებულია მსოფლიოს მიერ, თუმცა საკმაოდ ძვირია“,

– აღნიშნა მან.

bpi.ge