30/04/2024
Latest:
საზოგადოება

მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის გავლა მოქალაქეებს ქალაქში ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწევთ

მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ.

მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა ერთ-ერთი კომპონენტია, რომელსაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ახალი პროგრამა ითვალისწინებს.

როგორც ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განუცხადა, მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანასთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს.

ხუციშვილის განმარტებით, ეს არის საქართველოს ვალდებულება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

“ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს”, – განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამა დაიწყო. მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა აღნიშნა, რომ პროგრამა რეალობის საჭიროებებზეა მორგებული და მისი მიზანია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ხარისხის ამაღლება, მან უნდა დაიცვას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მაქსიმალურად აგვარიდოს ავტოსაგზაო შემთხვევები.

პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ავტოსაგზაო შემთხვევების მთავარი მიზეზების წინააღმდეგ (არასწორი მანევრირება, სიჩქარის გადაჭარბება, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მართვა და სხვა) ადმინისტრირების გაუმჯობესება; სამგზავრო ავტობუსების მოძრაობაზე კონტროლის გაუმჯობესება; ქვეყანაში არსებული ავტოპარკის განახლების წახალისება; სიჩქარის მობილური დეტექტორების გამოყენება, ე.წ. „უკონტაქტო პატრულირება“; გზებზე და ქალაქებში არსებული „შავი წერტილების“ განეიტრალება; 2016 წლის მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვა; ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის კანონმდებლობის გამკაცრება; მოძრაობის წესების დარღვევებზე ქულების სისტემის შემოტანა და მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა