საზოგადოება

ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს

სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში შესული ცვლილების თანახმად, ლიცენზირებას ექვემდებარება ყველა დაწესებულება, რომელშიც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება. ამ ტიპის დაწესებულებებმა შესაბამისი ლიცენზია 2017 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა მიიღონ. დაწესებულება, რომელიც ლიცენზიის პირობებს ვერ დააკმაყოფილებს, ჯერ დაჯარიმდება, შემდეგ კი სისხლის სამართლის პასუხისგებლობა დაეკისრება. ცვლილება არ ეხება საპატრიაქროს ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებებს და განათლების სამინისტროს სკოლა-პანსიონებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი ანდრო დადიანი, ცვლილებას დისკრიმინაციულს უწოდებს.

განხილვის გარეშე მიღებული ლიცენზიის კანონი

„ამ კანონის მოქმედება ვრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა“, – წერია სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ კანონში. ლიცენზირებას ექვემდებარება რელიგიური ორგანიზაციების მიერ დაარსებული სააღმზრდელო დაწესებულებებიც, სადაც ბავშვი, მოზარდი 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობს.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ეხება თუ არა ლიცენზირება მუსლიმი თემის მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს? – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების სამმართველოს უფროსი, ამირან დათეშიძე დადებითად პასუხობს.

„ამაში იგულისხმება რელიგიური ორგანიზაციების, მათ შორის სამუფთოს დაქვემდებარებაში მყოფი პანსიონებიც. ოღონდ, თუ იქ არის მხოლოდ საგანმანათლებლო პროცესი და ბავშვი არ რჩება 24 საათი, მაშინ ასეთ დაწესებულებებს არ ეხება ლიცენზირება. მაგრამ, თუ ბავშვი რჩება დაწესებულებაში 24 საათის განმავლობაში, სამ თვეზე მეტი ხნით, მაშინ ასეთი დაწესებულება ჩაითვლება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებლად და საჭიროებს შესაბამის ლიცენზიას“, – აცხადებს ამირან დაშეთიძე.

ახალი კანონის მიხედვით, დაწესებულება, რომელიც მიიჩნევა სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელად, უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს. ამ სტანდარტების მიხედვით კი, შენობაში, სადაც ბავშვებსა და მოზარდებს 24 საათის განმავლობაში უხდებათ ყოფნა, ათზე მეტი ბავშვი არ უნდა იმყოფებოდეს. გარდა ამისა, ერთ საძინებელ ოთახში მხოლოდ ორ ბავშვს უნდა ეძინოს და ერთ ბავშვზე, მინიმუმ 6კვ/მ ფართობი უნდა იყოს გათვალისწინებული. სტანდარტი მოითხოვს საძინებელში, კვების ობიექტებსა და სველი წერტილებში ჰიგიენური ნორმების დაცვას და დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებას.

კვლევის მიხედვით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ განახორციელა, მუსლიმური სკოლა-პანსიონების უმეტეს ნაწილში, არასრულწლოვანი ბავშვები სამ თვეზე მეტი ხნით ცხოვრობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი კანონით, ისინი სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ დაწესებულებად შეიძლება ჩაითვალოს და დაექვემდებაროს ლიცენზირებას. თუკი ასე მოხდება, მაშინ ლიცენზიის მოპოვების მიზნით, პანსიონებმა ბავშვზე ზრუნვის სტანდარტიც უნდა დააკმაყოფილონ. ეს იმას გულისხმობს, რომ ერთ ოთახში ვერ დაიძინებს ათი ან ათზე მეტი ბავშვი, რადგან სტანდარტი, ერთ ოთახში მხოლოდ ორი ბავშვის ცხოვრებას ითვალისწინებს.

„ბათუმელები“ ხულოში რელიგიური სკოლა-პანსიონების ხელმძღვანელებს დაუკავშირდა. ერთ-ერთი პანსიონის ხელმძღვანელი შამილ კაკალაძე გვეუბნება, რომ პანსიონში არასრულწლოვნებიც არიან და ერთ ოთახში ათ და მეტ ბავშვს სძინავს: „მე როგორც მითხრეს, ლიცენზია საგანმანათლებლოს არ ეხება. შემდეგ თქვეს, ნორმები უნდა დადგინდესო. ჩვენ სამუფთო სამმართველოდან ველოდებოდით ინფორმაციას სტანდარტებთან დაკავშირებით, მაგრამ არ შეგვხმიანებიან“.

ზურაბ ცეცხლაძე, რომელიც ასევე პანსიონის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ სტანდარტები მისთვის ცნობილია და მზად არიან ყველა ნორმა დააკმაყოფილონ. „ჩვენთან მაღალი კლასის მოსწავლეები სწავლობენ და ცხოვრობენ პანსიონში. ინფრასტრუქტურაც ლიცენზიის მოთხოვნებთან შესაბამისობაში გვექნება“.

„პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი, ანდრო დადიანი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პანსიონი, რომელიც მუსლიმ თემს ეკუთვნის, არის გარდაბანში, სადაც 80 ბავშვი ჰყავთ: „ამ დაწესებულებამ ინფრასტრუქტურული საკითხები რომც მოაგვაროს, მათ ლიცენზიის მიღება მაინც გაუჭირდებათ, რადგან ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი ეწინააღმდეგება ქვეყანაში ისეთი ტიპის ბავშვთა დაწესებულებების არსებობას, სადაც ათზე მეტი ბავშვი ცხოვრობს“.

ეს იმას ნიშნავს, რომ მუსლიმური პანსიონების მეპატრონეებმა, ან ისე უნდა გააუმჯობესონ ინფრასტრუქტურა, რომ თითოეულ შონობაში ათ-ათი ბავშვი იმყოფებოდეს, ან ლიცენზიის პირობების დაუკმაყოფილებლობის გამო, შესაძლებელია დაჯარიმდნენ სამი ათასი ლარით, მოგვიანებით კი დაიხურონ.

ვის არ ეხება ლიცენზირება და რატომ?

ამირან დათეშიძის განცხადებით, სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილება არ ეხება ბავშვთა იმ დაწესებულებებს, სადაც მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ. ასევე, ლიცენზირება არ ეხება განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს და მინდობით აღზრდას. საკანონმდებლო ცვლილება არც საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ სააღმზრდელო დაწესებულებებს ეხება. „მართალია, საპატრიარქოს დაწესებულებები ფართობის მხრივ ბავშვთა ზრუნვის სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ, მაგრამ, რადგან ამ სახლებში მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ, ისინი ახალი წესით ლიცენზირებას არ ექვემდებარებიან“, – გვეუბნება ამირან დათეშიზე.

ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად საპატრიქროს ვადა 2020 წლამდე აქვს მიცემული.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რატომ მიეცათ სხვა დაწესებულებებს სტანდარტის მისაღწევად ერთი წელი, საპატრიარქოს კი – ოთხი? – ამირან დათეშიძე ამბობს, რომ რადგან საპატრიარქოს დაწესებულებებში მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ცხოვრობენ, „განსხვავებული პირობები მათთვის ამიტომ იქნა შემოღებული“.

„საპატრიარქოს ბავშვთა დაწესებულებებს სოციალური მომსახურების სააგენტო ვერ ამონიტორინგებს და ბავშვები სახელმწიფოს მეთვალყურეობის გარეშე იმყოფებოდნენ… მათთვის სხვა სტანდარტი მოქმედებს – სახელმწიფოსა და საპატრიარქოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რის საფუძველზე შესაბამისი ლიცენზია მან 2013-2014 წლებში მიიღო“, – გვეუბნება ის.

რამდენად სამართლიანია სახელმწიფოს პოლიტიკა იმ სააღმზრდელო დაწესებულებების მიმართ, ვისაც მხოლოდ ერთი წელი მიეცა ლიცენზირების სტანდარტების დასაკმაყოფილებლად? არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ ხელმძღვანელი, ანდრო დადიანი „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ „პარლამენტმა გაუაზრებელი ცვლილება მიიღო“, რადგან „ლიცენზიის ნორმები ცალსახად არ უნდა გავრცელებულიყო ყველა ტიპის დაწესებულებაზე და ჯერ ამ დაწესებულებების შინაარსი უნდა შეესწავლათ“.

„ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ჩვენ ბავშვზე ზრუნვის დაწესებულებები, გასულ წელს, ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით გამოვიკვლიეთ. კვლევის არსი სწორედ ის იყო, რომ შეგვესწავლა რა განსხვავებები იყო ამ დაწესებულებებს შორის და აქედან გამომდინარე შეგვეთავაზებინა მიდგომები. პარლამენტმა არც კი განიხილა კანონპროექტი – ისე მიიღო, რა ფორმითაც დარეგისტრირდა“.

ანდრო დადიანის აზრით, ამის მიზეზი კერძო პირების მიერ დაარსებული პანსიონები იყო, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა.

„დაჯარიმების მიუხედავად, ვერ დახურეს ლეონიდ ჩერნოვეცკის ბავშვთა პანსიონი, მექანიზმი არ იყო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს ისეთი კანონი უნდა მიეღო, რომელიც ჩიხში შეიყვანს სიტუაციას“, – გვეუბნება ის.

ეს ჩიხი კი, როგორც ანდრო დადიანი გვეუბნება, იმაში მდგომარეობს, რომ ერთი ჩანაწერის მიხედვით, „ლიცენზირება ეხება მხოლოდ სააღმზრდელო და არა საგანმანათლებლო დაწესებულებებს“. თუმცა, კანონში არსებობს სხვა ჩანაწერიც – „ლიცენზიას ექვემდებარება ყველა, ვინც ბავშვზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავს“. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონი მაინც უნდა შეეხოს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სადაც ბავშვები 24 საათის განმავლობაში რჩებიან, მათ შორის რელიგიური კონფესიების მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს.
ანდრო დადიანის ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში 35-ზე მეტი ბავშვთა ზრუნვის დაწესებულება შეისწავლა. ბავშვთა ზრუნვის სტანდარტს, აქედან ვერც ერთი ვერ აკმაყოფილებს.

„სახელმწიფომ პირდაპირ გადმოიღო ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი, რომელიც მცირე საოჯახო ტიპის სახლებისთვისაა განსაზღვრული [სახლები, სადაც 10-ზე მეტი ბავშვის შესახლება დაუშვებელია]. ეს არასწორია. ამ ტიპის ლიცენზირება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, წესით არ უნდა შეხებოდა რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მაგრამ, რადგან ჩვენი კანონმდებლობა არ ცნობს რელიგიურ-საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტი მიუსადაგა“, – გვეუბნება ანდრო დადიანი.
მისი აზრით, სახელმწოფოს რელიგიური სასწავლებლებისთვის დაწესებულებაში ჩარიცხვის წესი უნდა განესაზღვრა, რის შედეგადაც უნდა აკრძალულიყო ამ სასწავლებლების რეზიდენტულ ნაწილში 15 წლამდე ბავშვის მოხვედრა.

„კვლევის დროს ვნახეთ, რომ მედრესეებში 15-20-25 ბავშვი ერთ ოთახში წევს, 40 ბავშვზე ერთი ზედამხედველი მოდის, რაც ბავშვზე ზრუნვის სტანდარტში არ ჯდება. არც ლიცენზირებული პედაგოგები ჰყავთ. თუმცა რას ითვალისწინებს პედაგოგების ლიცენზირება, ესეც ბუნდოვანია.

გარდა ამისა, თუკი ჩვენ რელიგიურ დაწესებულებებს ლიცენზიას ბავშვზე ზრუნვის სტანდარტით მოვთხოვთ, მაშინ იგივე პირობებს უნდა დაექვემდებაროს საპატრიარქოს მფლობელობაში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებებიც“.

ანდრო დადიანის თქმით, საპატრიარქოს ასეთი სამი დაწესებულება აქვს: `დუშეთის მუნიციპალიტეტში სკოლა-პანსიონი „ყაზბეგი“, მარტვილში – „სალხინო“ და საჩხრეში – „საირხე“. ესენი არა სააღმზრდელო, არამედ საგანმანათლებლო დაწესებულებებია, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ კანონში წერია – „ყველა დაწესებულება, სადაც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება~, ნიშნავს იმას, რომ კანონი ამ ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებებსაც უნდა შეეხოს“.

ანდრო დადიანის თქმით, საკანონმდებლო ცვლილების გამო, შესაძლებელია დაიხუროს შატილში არსებული სკოლა-პანსიონი, რომელიც 6 ბავშვს ემსახურება და ერთადერთი საგანმანათლებლო საშუალებაა ამ ბავშვებისთვის.

სახელმწიფო დეინსტიტუციონალიზმის წინააღმდეგ?

ახალი საკანონმდებლო ცვლილება არ შეეხება განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებს, სადაც ბავშვები ასევე, 24 საათის განმავლობაში არიან. ორგანიზაციამ – „პარტნიორობა ბავშვებისთვის“ გამოიკვლია განათლების სამინისტროს მიერ დაარსებულ სკოლა-პანსიონებიც. კირიტიკას ვერც იქ არსებული სიტუაცია უძლებს.

„მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს ოფიციალური პოლიტიკა ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციაა, სახელმწიფო ამის საპირისპიროდ დებს ინვესტიციას დიდი ზომის ბავშვთა სახლებში“, – გვეუბნება ანდრო დადიანი, რომელსაც კონკრეტული მაგალითები მოჰყავს. – „დღეს აჭარაში – ჩაისუბანში, შუახევში, სალიბაურსა და მერისში, ოთხი დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებაა, რომელსაც განათლების სამინისტრო აფინანსებს. აჭარის მთავრობამ 2015-16 წელს, 4 მილიონი ლარი დახარჯა თავიდან რომ აეშენებინათ ზოგიერთი ეს დაწესებულება. მაგალითად, შუახევში თავიდან ააშენეს 120 ბავშვზე შენობა. რატომ? როცა ვიკითხეთ, ვერ გვიპასუხეს. ჩაისუბანი 150 ბავშვზეა გათვლილი. ერთი ოთახი საცხოვრებლად 6-იდან 10 ბავშვზეა გათვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ბავშვთა სახლების დეინსტიტუციონალიზაციის საწინაარმდეგო ინვესტიციას ახორციელებს.

სალიბაურში 208 ბავშვია, რაც წარმოუდგენელია, რადგან ეს სკოლა-პანსიონები, ფაქტობრივად, ბავშვთა სახლებია და იმ პრინციპით მუშაობენ, როგორც საბჭოთა ბავშვთა სახლები.

ანდრო დადიანის თქმით, ყველა ბავშვი, რომელსაც სოციალური მუშაკი პრობლემას ვერ უწყვეტს, სალიბაურის პანსიონში მიჰყავთ. „ესენი სტატუსით არ არიან ბავშვთა სახლები, მაგრამ დე ფაქტო ბავშვთა სახლებია, რადგან იქ, ძირითადად, მზრუნველობამოკლებული ბავშვები ცხოვრობენ“.

„პარტნიორობა ბავშვებისთვის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში არსებულ ოთხ სკოლა-პანსიონში 475 ბავშვი ირიცხება. აქედან სამი პანსიონი აჭარაშია.

წყარო