მასობრივი დემონსტრაციები ამერიკაში სამართლიანი ხელფასების მოთხოვნით
29 ნოემბერს, მოძრაობა „ბრძოლა 15 დოლარისთვის“ (Fight for 15$) ათასობით წევრმა ამერიკის 340 ქალაქში დემონსტრაციები და მჯდომიარე აქციები გამართა, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. მოძრაობის წევრები აცხადებდნენ, რომ არ აპირებენ უკან დახევას მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის თეთრ სახლში.
მოძრაობა 2012 წლის 29 ნოემბერს, სწრაფი კვების პუნქტებში დასაქმებული 200 ადამიანის ერთდღიანი გაფიცვით დაიწყო. გაფიცულები საათში 15 დოლარს და პროფკავშირულ უფლებებს ითხოვდნენ. ოთხი წლის თავზე, „ბრძოლა 15 დოლარისთვის“ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი პროგრესული მოძრაობაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ეთნიკური მიკუთვნებულობის ძიძებს, დამლაგებლებს, ნახევარ განაკვეთზე მომუშავე პროფესორებს, აეროპორტებში დასაქმებულებს, სწრაფი კვების მშრომელებს და ბევრ სხვას.
სწორედ მათი დამსახურებაა მინიმალური ხელფასის და საშემოსავლო უთანასწორობის საკითხის პოლიტიკურ დღის წესრიგში მწვავედ დაყენება. შექმნის დღიდან, მოძრაობამ ამერიკის დაბალანაზღაურებული მშრომელებისთვის ყოველწლიური სახელფასო ზრდების სახით 61.5 მილიარდი დოლარი მოიპოვა. მშრომელების უშუალო ბრძოლით, სულ რამდენიმე შტატში მოპოვებული 61.5 მილიარდი დოლარი ათჯერ უფრო მეტია, ვიდრე კონგრესის მიერ 2007 წელს დამტკიცებული ფედერალური მინიმალური ხელფასის ზრდა ამერიკის ორმოცდაათივე შტატში.
მომსახურების სფეროში არსებული სამუშაო ადგილები, ხშირად დაბალანაზღაურებადია და თავისი ბუნებით დაბალი ღირებულების მქონე შრომად მიიჩნევა. თუმცა მნიშნელოვანია იმის გააზრება რომ ბევრი ისეთი სამუშაო ადგილიც და ეკონომიკის სექტორი, რომელიც დღეს მაღალანაზღაურებადია, ოდესღაც ასევე დაბალანაზღაურებადი იყო და მხოლოდ მშრომელთა მიერ, წლების განმავლობაში გამართული ბრძოლის შემდეგ გაიზარდა გარკვეული პროფესიების ანაზღაურება. მომსახურების სფეროში გაწეული შრომა თავისი ბუნებით სულაც არ არის აუცილებლად დაბალი ღირებულების მქონე და “ბრძოლა 15 დოლარისთვის” სწორედ ამას აჩვენებს. ამ მოძრაობის ბრძოლის შედეგად ამერიკის რიგ შტატებში სრულ განაკვეთზე მომუშავე ძიძები, დამლაგებლები თუ მიმტანები აღარ არიან დამოკიდებულნი სახელმწიფო შემწეობაზე.
საქართველოში, სადაც მომსახურების სფერო მზარდი ტემპით იკავებს ქვეყნის ეკონომიკის სულ უფრო დიდ ნაწილს და სადაც მოსახლეობის უფრო და უფრო დიდი ნაწილი საქმდება სახელმწიფოს ქმედითი შრომის პოლიტიკის არარსებობის ფონზე, დიდი მნიშვნელობა აქვს ამ სექტორში დასაქმებული ადამიანების მობილიზებას და ბრძოლას ისეთი საკითხებისთვის, როგორიც არის მინიმალური ხელფასი, საარსებო მინიმუმი, სამუშაო დროის განაკვეთი, შრომითი კანონდებლობა თუ შრომის ინსპექცია. ამისთვის “ბრძოლა 15 დოლარისთვის” ქართველი მშრომელებისთვის კარგი მაგალითია.