McDonald’s-ის აქციებმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია
გასული 1 წლის განმავლობაში McDonald’s-ის აქციები 10%-ით გაიზარდა და რეკორდულ ნიშნულს 131 დოლარს მიაღწია, რაშიც დიდი წვლილი ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ისტერბრუკმა შეიტანა. აღსანიშნავია, რომ McDonald’s-ისთვის თავის პირდაპირ კონკურენტებთან, Burger King-თან, Wendy’s-თან, KFC-სთან და Taco Bell-თან შედარებით, გასული 12 თვე გაცილებით უკეთესი იყო.
ისტერბრუკმა პოსტი ოფიციალურად 2015 წლის მარტში დაიკავა. მან მალევე შეიტანა ცვლილებები McDonald’s-ის მენიუში და მომხმარებელს ახალი სენდვიჩები, უფრო სასარგებლო ინგრედიენტები და მთელი დღის განმავლობაში საუზმის მენიუ შესთავაზა. მომხმარებელი და Wall Street-ის ანალიტიკოსები ცვლილებებს პოზიტიურად გამოეხმაურნენ. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში კომპანიას 6.2%-იანი გაყიდვების ზრდა ჰქონდა, 2015 წლის უკანასკნელ კვარტალში კი 5%-იანი.
ანალიტიკოსები შემოსავლების ზრდას კვლავ ელიან, რაც აქციების ზრდაზე დადებითად აისახა. რაც შეეხება მომავლის გეგმებს, McDonald’s-ი აზიის უკეთ ათვისებას შეეცდება. კომპანია აზიის ბაზარს „მზარდ სეგმენტს“ უწოდებს, თუმცა ნიშანდობლივია, რომ უკანასკნელ ხანებში აშშ-სა და ევროპაში გაყიდვები ბევრად უფრო მზარდი ტემპებით წარიმართა.
McDonald’s-ი ჩინეთში, ჰონგ–კონგსა და კორეაში მომდევნო 5 წლის განმავლობაში1,500-ზე მეტი რესტორნის გახსნას აპირებს. ამ ეტაპზე კი კომპანია აღნიშნულ სამ ბაზარზე 2,800 რესტორანს ფლობს.
წყარო: commersant.ge