04/05/2024
Latest:
საზოგადოება

მცხეთაში ხელოსნების უბნის განვითარება და მოსახლეობის დასაქმება – რას ჰპირდება მცხეთელებს ცეზარ ჩოჩელი

გთავაზობთ ინტერვიუს მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატ, ბიზნესმენ ცეზარ ჩოჩელთან

-თქვენ მცხეთაში მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატად იყრით კენჭს.რა პრობლემებია მცხეთის რაიონში და რის მოგვარებას ჰპირდებით ადგილობრივ მოსახლეობას?
– რეგიონში ყველაზე დიდი პრობლემა დასაქმებაა. დღეს სახელმწიფოს უნიკალური პროექტები აქვს. მათ შორის სტარტაპების და „აწარმოე საქართველოში” პროგრამები. არანაირი მუშაობა არ მიმდინარეობს იმისთვის, რომ მოსახლეობამ აღნიშნული პროგრამებით ისარგებლოს. ადგილობრივ ხელისუფლებასაც და დეპუტატსაც საკმაოდ გავლენა აქვს საიმისოდ, რომ ამ პროექტების ირგვლივ მოსახლეობა საქმის კურსში ჩააყენოს. ეს ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას და ზოგადად, დასაქმების პრობლემის მოგვარებას. დღეს სახელმწიფო პროგრამებით თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ ისარგებლა.

– რა არის ამის მიზეზი?
– ერთია, რომ ინფორმაციის ნაკლებობაა და მეორე, გამგეობებში და მუნიციპალიტეტებში შტატები უაზროდ იბერება. არაფერი არ კეთდება იმ მიმართულებით, რომ შეიქმნას საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოსახლეობას პროექტების დამუშავებაში და ამა თუ იმ წინადადების მომზადებაში დაეხმარება. თქვენ კარგად იცით, რომ საქართველოში ამ მხრივ გამოცდილება ცოტას აქვს. ამ მიმართულებით სამუშაოა. როდესაც პრემიერი ქვეყნის აგუგუნებაზე საუბრობს და ადგილზე არაფერი კეთდება, ეს ქვეყანაზე ძალიან ცუდად მოქმედებს.

გარდა ამისა, მცხეთა ტურიზმის მხრივ ძალიან დიდი პოტენციალის მქონეა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და მოხდეს ყველა იმ პროექტის აღდგენა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების უგუნურობის გამო იქნა შეჩერებული.

-რომელ კონკრეტულ პროექტზე საუბრობთ?
– მაგალითად, მცხეთის საკანალიზაციო კოლექტორის მშენებლობა, დამუშავებული იყო პროექტიც და გამოყოფილი იყო თანხაც. ასევე, ცენტრალური ავტომაგისტრალიდან გადასასვლელი ხიდის მშენებლობა, რომელიც მცხეთის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ჰაერივით სჭირდება. ამ პროექტით ტურისტისთვის გზა თბილისიდან დაახლოებით 7-8 კილომეტრით მოკლდება. პროექტი ბევრად კომფორტულს ხდის მცხეთასთან მისასვლელს. თუ ვამბობთ, რომ მცხეთის რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს, შეუძლებელია ტურისტული ავტობუსებით ვიწრო ქუჩებში გადაადგილება. ანალოგიურად, გამოყოფილი იყო ფულიც, პროექტიც გაკეთებული იყო და ადგილობრივი ხელისუფლების გამო შეჩერებულ იქნა. გარდა ამისა, დაგეგმილი იყო ჭაობის ამოშრობა. არ შეიძლება, ასეთი უნიკალური ისტორიის ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები დაჭაობებული იყოს. იგეგმებოდა მცხეთაში ხელოსნების უბნის განვითარებაც. პროექტი მოიცავდა ქალაქში სალონების და საწარმოების მშენებლობას, რომლის ფარგლებშიც ტურისტს შესაძლებლობა მიეცემოდა შეეძინა პროდუქცია და პარალელურად, ადგილზე ენახა მისი დამზადების პროცესი. მაგალითად, შეეძლო შეეძინა ხალიჩა და პარალელურად ენახა როგორ იქსოვება. შეეძინა რკინის ნაკეთობა და ენახა როგორ იჭედება ხმალი. შეეძინა მინანქარი და ენახა როგორ კეთდება ის. ეს პროექტი მცხეთას საუკეთესო ადგილად აქცევდა. ეს ყველაფერი ჩემი გუბერნატორობის პერიოდში (2008-2012 წ.წ.) იგეგმებოდა. მაშინ ფინანსების ნაკლებობის გამო მუდმივად დავა იყო ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღეს კი ადგილობრივ ხელისუფლებას მუდმივად ჭარბი, აუთვისებელი თანხები აქვს. ეს ყველაფერი აჩერებს ეკონომიკასაც, ტურიზმის განვითარებასაც და პრობლემებს უქმნის სოფლის მოსახლეობასაც.

– თქვენ ახლა რა პროექტებზეც საუბრობთ, ყველა შეჩერებულია, პარლამენტში შესვლის შემთხვევაში თითოეული ეს პროექტი განახლდება?
– რა თქმა უნდა. ამ საკითხებზე მსჯელობა და მოლაპარაკება ცენტრალურ ხელისუფლებასთან თავიდან უნდა დავიწყოთ.

– რა იქნება პირველი ინიციატივა, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შემთხვევაში დააყენებთ?
-კიდევ უფრო მეტი საგადასახადო კანონდმებლობის ლიბერალიზაცია, კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა დამწყებ ბიზნესმენებს. მნიშვნელოვანია, რომ დადგეს საკითხი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში არაფრისმაქნისი შტატების გადახედვის. ზოგიერთი შტატის მაგივრად უნდა შეიქმნას ფუქნციონალური დატვირთვის მქონე შტატები, რომელიც მეტ ინფორმაციას მიაწვდის მოსახლეობას და მათ სახელმწიფო პროგრამებში გარკვევაში დაეხმარება.

– თქვენი საუბრიდან გამომდინარე, ადგილობრივი ხელისუფლება უმოქმედოა?
– რა თქმა უნდა. დღეს ცენტრალური ხელისუფლებიდან გაცილებით მეტი ინიციატივა მოდის, ვიდრე ადგილობრივებიდან.


– თქვენ ახსენეთ ტურისტული და შეჩერებული პროექტები, ასევე საუბრობთ დასაქმებაზე. რაიმე კონკრეტული პროექტი ხომ არ გაქვთ ამ მიმართულებით, დასაქმების მაჩვენებლის ზრდას როგორ აპირებთ?
– მცხეთას აქვს იმხელა პოტენციალი, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ადგილზე იყოს დასაქმებული. თუ დააკვირდებით მცხეთას და გაივლით იმ უბნებში, სადაც რეკონსტრუქციაა დასრულებული, დარწმუნდებით, თუ რა ეფექტი და შემოსავალი მიიღეს იქ მცხოვრებმა ადამიანებმა. ეს პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და მოხდეს მცხეთის სრული რეაბილიტაცია.

-ბიუჯეტი სრული რეაბილიტაციის შესაძლებლობას იძლევა ?
-საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხა დარჩა აუთვიებელი და ამის მობილიზება შესაძლებელია. რაც მეტად გაიზრდება დასაქმება, ადგილობრივი ბიუჯეტიც პროპორციულად გაიზრდება.

ახალგაზრდების დასაქმების რაიმე კონკრეტული პროექტი ხომ არ გაქვთ?
– ახალგაზრდა კურსდამთავრებულებს თავიანთი მიმართულებით დასაქმების საშუალება უნდა მიეცეთ. დღეს რომ გადავხედოთ, მცხეთაში უკვე აშენებულია 10-მდე ქარხანა. ამ მიმართულებით თუ ვიმუშავებთ, შესაძლოა უახლოეს მომავალში რამდენიმე სერიოზული ინვესტორი მოვიზიდოთ და ახალი საწარმოები გავაჩინოთ. თუ ახალგზარდებს საშუალება არ მივეცით, რომ ცოდნა გამოიყენონ, ყველაფერი აზრს დაკარგავს. პრიორიტეტია ის, რომ შეიქმნას სამუშაო ადგილები.

– მცხეთა  ისტორიული ქალაქია, ტურიზმის გავითარების რაიმე პროექტი ხომ არ გაქვთ?
– დღეს ტურიზმის განვითრებისთვის საჭიროა შეიქმნას ინფრასრუქტურა, კეთილმოეწყოს ისტორიული ადგილები, მათ შორისაა მცხეთა. გარდა ამისა, გაკეთდეს და დამუშავდეს მარშრუტები. ტურისტს რაც უფრო მერ კომფორტს შევთავაზებთ, გაცილებით მეტ ტურისტს მივიზიდავთ. თუ ჩვენ გავაჩენთ ხელოსნების უბანს, თუ შევინარჩუნებთ სისუფთავს, გაიხსნება საზოგადოებრივი კვების ობიექტები, გაცილებით ადვილად მოხდება ტურიზმის განვითარება.

– დღეს მცხეთაში ამ მხრივ რა ვითარებაა?
– დღეს ამის ნაკლებობაა. ჩვენ შეგვიძლია მცხეთაში ორჯერ და სამჯერ მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ, თუ რა თქმა უნდა ქალაქის განვითარებას სწორ მიმართულებას მივცემთ.

– თქვენ 2004-2008 წლებში პარლამენტის დეპუტატი იყავით. მაშინდელ პარლამენტში თქვენს მიერ დაყენებულ რომელ მნიშვნელოვან საკანონდმებლო ინიციატივას გაიხსენებთ?
– მაშინ ძალიან აქტიურად ვმუშაობდით საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით. მაშინ კოდექსში ძალიან ბევრი ცვილილება შევიდა. თითოეული მათგანი ძალიან მნიშვნელოვანი იყო. აღნიშნულ პროცესში საკმაოდ აქტიურად ვიყავი ჩართული.

– რაც შეეხება ბოლო მოწვევის პარლამენტს, რომელ ეკონომიკურ ინიციატივებს, კანონებს გამოყოფდით?
– სიმართლე გითხრათ, მაგაზე არ მიფიქრია. გამოვყოფდი ისევ და ისევ საგადასახადო კანონდმებლობასთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ასევე საკითხებს ჯანდაცვის მიმართულებით. თუმცა, ჯანდაცვის კომიტეტს რომ კარგად ემუშავა, ბევრად უკეთესად ჩამოყალიბდებოდა ის რეფორმა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში, დაზღვევის მიმართულებით განხორციელდა. დღეს ფაქტობრივად გაორებული დაზღევაა, ბიზნესი თავის წარმომადგენლებს (თანამშრომლებს) აზღვევს, ამავდროულად მოქმედებს საყოველთაო დაზღვევაც. ამ მიმართულებით საკმაოდ სოლიდური თანხები იხარჯება. ადამიანები, ვინც უმწეო მდგომარეობაში არიან,დაზღვევის იმ სქემით სარგებლობენ, როგორც ვთქვათ მაღალანაზღაურებად თანამდებობაზე მყოფი პირები. ეს საკითხი პარლამენტში აუცილებლად გადასახედია. ამ საკითხებს პარლამენტში აუცილებლად დავაყენებ.

– ჯანდაცვის კომიტეტი გასაგებია, პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების მუშაობას როგორ შეაფასებთ,რამდენად ქმედითი იყო მათი საქმიანობა?
– ხშირად იყო ისეთი საკითხები, რომელთა განხილვაშიც მონაწილეობას ვღებულობდი. საეთრო ჯამში, მათ საქმიანობას დადებითად ვაფასებ. ბევრი ინიციტივა, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, ბოლომდე დასრულებული არ არის და მასზე მუშაობა ახალ პარლამენტს მოუწევს. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი მოწვევის პარლამენტი უფრო ქმედითუნარიანი და ეფექტური იქნება. საკმაოდ პოზიტიური იყო საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილება, რომელიც მოგების გადასახადს უკავშირდება, ასევე ძირითადი საშუალებების დღგ-სგან გათავისუფლება.

www.commersant.ge