გალერეასაზოგადოება

როგორი იქნება მტკვრის განახლებული სანაპირო

როგორი იქნება მტკვრის სანაპირო უახლოეს წლებში

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის კონცეფციის თანახმად, ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. დოკუმენტში ნათქვამია, რომ მტკვარს თითქმის ყველგან დაკარგული აქვს ბუნებრივი იერსახე და საავტომობილო ტრასებითა და ბეტონის ჯებირებით, ერთგვარ ავტო-სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს.

ქალაქის მცირე მდინარეები სრულად ან ნაწილობრივ მოქცეულნი არიან გვირაბებში, იზოლირებულნი არიან საზოგადოებრივი სივრცეებისგან და გამოიყენებიან მიწასაყრელებად და ნაგავსაყრელებად;

კონცეფცია კი მდინარეებისთვის რეკრეაციული ფუნქციის დაბრუნებას ითვალისწინებს.

კერძოდ, დოკუმენტით გათვალისწინებულია მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოთავისუფლება ავტოტრანსპორტისგან, რათა შეიქმნას ურბანული სარეკრეაციო სივრცეები, რომლებიც ქალაქის ერთიან გამწვანებულ სისტემაში იქნებიან ჩართულნი.

მტკვრის სანაპიროები მიწვდომადი ხდება მოქალაქეებისათვის, იქცევა რეკრეაციისა და კომუნიკაციის ფართო ურბანულ სივრცეებად.

ბუნებრივად შენარჩუნებული სანაპიროები ჩამოყალიბდება სარეკრეაციო სივრცეებად – მდინარისპირა ბუნების პარკებად: დიღმის ჭალები – რეგიონული მნიშვნელობის ტყე-პარკი, გარემოსდაცვითი და სარეკრეაციო ფუნქციებით: დაახლოებით 350ჰა-ს, რაიონული მნიშვნელობის მდინარისპირა პარკები დირსი-ჭალა და ფონიჭალა, 230 ჰა, ორთაჭალის ბაღები, 20 ჰა.

დოკუმენტის თანახმად, ქალაქის ისტორიული ნაწილი, ორთაჭალა, რიყე, მშრალი ხიდის არეალი, საქანელას ქუჩა, მუშტადის ბაღისა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიები ქმნიან ერთიან სარეკრეაციო სისტემას, საფეხმავლო კავშირებითა და ღია სივრცეების ერთიანობით, დედაენის პარკისა და რიყეს ტერიტორიაზე მტკვარი გათავისუფლდება ჯებირებისაგან, შესაძლებელი გახდება უშუალოდ მდინარის ნაპირთან მისვლა.

მტკვრის სანაპირო ჩამოყალიბდება ერთიან საფეხმავლო ქსელად, განივი ხიდებითა და სანაპიროს გასწვრივ, საველოსიპედო-საფეხმავლო უწყვეტი ბილიკებით. მდინარეზე განთავსებული საფეხმავლო კავშირები, მტკვარის ორ, ეთმანეთისგან იზოლირებულ ნაწილს ერთიან, სარეკრეაციო სივრცედ აქცევს.

რაც შეეხება მდინარე ვერეს, კონცეფციის თანახმად, მის გასწვრივ, განვითარდება სარეკრეაციო სივრცეების ქსელი, რომელიც დაბოლოვდება მზიურისა და ამჟამინდელი ზოოპარკის ერთიანი სარეკრეაციო სისტემით.

თემქისხევის, გლდანისხევისა და ხევძმარას დამაკავშირებელი სივრცე, მდინარეთა გასწვრივ, ასევე, „ვაზისუბნისხევი“, კრწანისისხევი, დიღმისხევი, წოწორასხევი, დუქნისხევი, ორხევი, გლდანულა – ჩამოყალიბდება საუბნო ან სარაიონო მნიშვნელობის სარეკრეაციო სივრცეებად, რომლებიც საფახმავლო- საველოსიპედო ბილიკებით დაუკავშირებიან მდინარე მტკვარს. მთლიანობაში, მცირე მდინარეთა კალაპოტების გასწვრივ, გარემოსდაცვით-სარეკრეაციო სივრცეებად, მდინარისპირა პარკების სახით, ჩამოყალიბდება 250ჰა ტერიტორია.

გთავაზობთ ფოტომასალას, რომელიც ასახავს, თუ როგორია მსოფლიოში მდინარეების სანაპიროების მოწყობის პრაქტიკა და დაახლოებით როგორი იქნება მტკვრის სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლების შემდეგ.

წყარო