მეჭიაური “ოცნებას” ტოვებს და ახალი პარტიის შექმნას გეგმავს
თამაზ მეჭიაური პარტიას ტოვებს – „რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილების მიზეზად „ქართულ ოცნებასთან“ განსხვავებულ ინტერესებს ასახელებს.
მეჭიაური ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, ამის შესახებ ის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. დეპუტატი აქვე იმასაც აცხადებს, რომ პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია მან ბიძინა ივანიშვილს უკვე მიაწოდა.
„მიმაჩნია, რომ ნატო-ში გაწევრიანებას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, გამომდინარე აქედან, მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, რომელიც სიის გულისთვის თავის პრინციპებზე უარს იტყვის და მერე განაცხადებს, როცა პარლამენტში მოხვდება. მე უკვე ველაპარაკე ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ახლა შევხვდები ბატონ გიორგი კვირიკაშვილს და ამის შემდეგ გავაკეთებ საბოლოო განცხადებას,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი არ გამორიცხავს ახალი პარტიის დამოუკიდებლად შექმნას და ამბობს, რომ კონსულტაციები ამ მიმართულებით კონკრეტულ პირებთან უკვე დაწყებულია.
აქვე მეჭიაური ამ ეტაპზე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, ირმა ინაშვილის პარტიასთან გაერთიანების შესახებ.
„მე მყავს თანამოაზრეები, როგორც პარლამენტში, ასევე პარლამენტს გარეთ, რომლებიც ზუსტად იზიარებენ ამ ხედვას, რომელიც მაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ ჯერ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ ეს გუნდი და ამის შემდეგ ვისაუბროთ უკვე თანამშრომლობაზე,როგორც „პატრიოტთა ალიანსთან“, ისე სხვა მონათესავე ხედვების პოლიტიკურ ძალებთან,“ – აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.