28/04/2024
Latest:
საზოგადოება

რას მოასწავებს დიდი ბრიტანეთის გასვლა ევროკავშირიდან

 

“ბრექსიტის” გაკვეთილები

ინტერვიუ პოლიტოლოგ ვაჟა ბერიძესთან

ბატონო ვაჟა, რა მოხდა, ნუთუ თანამედროვე მსოფლიოში, სადაც უამრავი მეცნიერი, კვლევითი და ანალიტიკური ცენტრი აკვირდება და პროგნოზირებს მოვლენებს, სადაც პოლიტიკოსები და პოლიტიკური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები ფხიზლად აკვირდებიან რეალობას, შესაძლებელია ასეთი “ტექტონური” ძვრები»?

– ვფიქრობ, აჭარბებთ. მე არ მიმაჩნია, რომ რაღაც განსაკუთრებული და წარმოუდგენელი მოხდა. ისტორიული პროცესის ლოგიკა არ განისაზღვრება ცალკეული არაორდინარული მოვლენით. მთავარია ტენდენცია, როგორც ახლა ხშირად საქმეს იმარტივებენ და უწოდებენ – ტრენდი. ის კი დამაიმედებელია. დემოკრატიული პროცესები შეუქცევად ხასიათს იღებს. ინდივიდის გათავისუფლებისა და მისი ინტერესების დაცვის კვალობაზე წინა პლანზე გამოდის სოციუმი, საზოგადოება, ცალკეული მხარეების, რეგიონების, ქვეყნების, მატერიკების სახითაც კი. ხალხი სულ უფრო დაბეჯითებით და შეუპოვრად ამბობს თავის სათქმელს. დღეს ხდება მთავარი პირობითობის უარყოფა: უმრავლესობის სახელით ქვეყნებსა თუ რეგიონებს უმცირესობა ვეღარ მართავს.

5%-ის ინტერესებს, 95%-ის ნება აღარ დაექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ მე არ ვარ შეხედულებებით მემარცხენე, ელემენტარული კეთილგონიერება მოითხოვს ხაზი გავუსვა, რომ ელიტები ამიერიდან ვეღარ შეძლებენ საკუთარ ნებას დაუქვემდებარონ ბალ-მასკარადი. ეს სულაც არ ნიშნავს რაღაც მემარცხენე გადატრიალებას ადამიანების ცნობიერებაში და ახალი რევოლუციების ერის დაწყებას. უბრალოდ, «ძლიერნი ამა სოფლისანი» მეტად გაუწევენ ანგარიშს ხალხს, საზოგადოებას და ადამიანის უფლებებზე უსაგნო, ჰიპორბოლიზებულ მონოლოგებს შეცვლის სიმდიდრის უფრო სამართლიანი გადანაწილების პრაქტიკა და რეალური, თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოების ჩამოყალიბება ვანკუვერიდან-ვლადივოსტოკამდე და ჩრდილო ყინულოვანი ოკეანიდან ანტარქტიდამდე.

რაშია ევროკავშირის მიმზიდველობა

– და მაინც ამის მისაღწევად აუცილებელია ევროკავშირის დაშლა?

– ევროკავშირის მიმზიდველობა იმაშია, რომ მის ნებისმიერ წევს, 28 ქვეყნიდან თითოეულს, აქვს უფლება გავიდეს კავშირიდან როცა მოესურვება. ამაშია დემოკრატიის ხიბლი. ევროკავშირის ყველა წევრს უფლება აქვს, შესაბამისი პროცედურებით, ჰკითხოს თავის ხალხს ნებისმეირ დროს, – უნდა გავიდეს თუ არა ამა თუ იმ თავისუფალი და დემოკრატიული გაერთიანებიდან. მოცემულ შემთხვევაში, საუბარია ევროკავშირზე და ევროკავშირი ბოლოს და ბოლოს, საბჭოთა კავშირი არ არის, სადაც 15-ვე მოკავშირე რესპუბლიკას კონსტიტუციით ჰქონდა უფლება გასულიყო ამ კავშირიდან, მაგრამ პრაქტიკულად ვერასდროს ვერცერთი მათგანი ამ უფლებას ვერ გამოიყენებდა. ევროკავშირი დემოკრატიული სივრცეა და თუ დიდი ბრიტანეთის ხალხმა იქედან გასვლა გადაწყვიტა, პოლიტიკოსებს ამაზე დაფიქრება მართებთ და არა ისტერიკის მოწყობა.

«ბრექსიტი» – ყველა ნიღბების გარეშე

– რამდენად მოულოდნელი იყო ბრიტანელების ვერდიქტი?

– ბრიტანეთს ყოველთვის რამდენადმე განკერძოებულად ეჭირა თავი, ის არ იყო ერთიანი ევროზონის წევრი, ის არ შეუერთდა შენგენის შეთანხმებას. ბრიტანეთი უკმაყოფილო იყო ერთიანი ევროპის ბიუროკრატიის და როგორც თვითონ უწოდებენ, აურჩეველი პრეზიდენტების, რომლებიც განუკითხაობის მორევში ყურყუმალაობდნენ. რა თქმა უნდა, თავისას შვრება «ნისლიანი ალბიონის” იმპერიული ამპარტავნება, მაგრამ დამსახურებაც ხომ დიდი აქვთ ბრიტანელებს კაცობრიობის წინაშე? მე მაინც გამაოცა ,,ბრექსიტამდე” და ,,ბრექსიტის” შემდეგ ბრიტანეთის მოქალაქეებზე დაწოლის იმ ხარისხმა, რომელსაც ანალოგი არ აქვს ისტორიაში. აქ იყო თხოვნაც, მუდარაც, მუქარაც, დაშინებაც, სანქციებით დამუქრებაც.

ვინ არ იღებდა მონაწილეობას ამ პროცესში, პრეზიდენტი ობამა და პრემიერი კემერონი, ფეხბურთის ვარსკვლავი ბექჰემი და საბირჟოს სპეკულიანტი (ასე ის ,,ევრონიუსმა” მოიხსენია) მილიარდერი სოროსი, მაგრამ მთავარი შედეგების გამოცხადების შემდეგ მოხდა. ლუქსემბურგელი ჟან კლოდ იუნკერი თუ რეფერენდუმამდე იქედნურად ეუბნებოდა ბრიტანეთს: ,,თუ მიდიხარ, წადი”, არჩევნების შემდეგ ექოდ გაისმა უკვე ევროპარლამენტის პრეზიდენტ, გერმანელი მარტინ შულცისგან – ,,დიდი ბრიტანეთი ვეღარ ისარგებლებს საერთო ბაზრით”. მედიამაგნატების კონტროლქვეშ მედიაიმპერიები ბოლო საათებში ტირაჟირებენ ობამას მკაცრი ტონით ნათქვამს: ,,თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მისაღებად დიდ ბრიტანეთს გრძელი რიგის ბოლოში მოუწევს ჩადგომა”. არადა, ევროკავშირთან ასეთი ხელშეკრულების დადება შეერთებულ შტატებს თითქმის გადაწყვეტილი ჰქონდა, რა სიკეთითაც, ბუნებრივია, დიდი ბრიტანეთიც ისარგებლებდა. ლამისაა დასავლეთის ელიტამ ობსტრუქცია მოუწყოს დიდ ბრიტანეთს და სავაჭრო ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადოს მას.

პრესა ისევ და ისევ ამუქებს ფუნტი სტერლინგის გაუფასურების და საფონდო ბირჟებზე ინდექსებზე ვარდნის სურათს. ლამისაა ბრიტანელების უმრავლესობა ბოროტმოქმედებად წარმოაჩინონ. არადა, განსაკუთრებული არაფერი მოხდარა, ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ევროკავშირის წევრობის მიმართ. შეიძლება ეს გადაწყვეტილება მცდარია, შეიძლება სწორი, მაგრამ ასეთი დატუქსვა, დამუნათება, თითის დაქნევა მე მგონი იმ სანაქებო დემოკრატიის ნორმებში არ ჯდება, რითაც ევროპა თავს იწონებს და რაც ჩვენც მოგვწონს.

ახლა აჩრდილების წარსულიდან გამოხმობის დროა: გავიხსენოთ დე გოლი, რომელმაც საფრანგეთი ნატოდან გამოიყვანა

– ხომ არ შეუქმნის სერიოზულ საფრთხეს ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლა, ევროკავშირის თვით არსებობას?

– 50-იანი წლების ბოლო, იყო რა უკმაყოფილო ტრიადის – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი სხვადასხვა წონით და ფუნქციით ნატოში, საფრანგეთის იმჟამინდელმა ლიდერმა, შარლ დე გოლმა სამხედრო პოლიტიკური ალიანსიდან დისტანცირება დაიწყო, რაც 1966 წელს საფრანგეთის ნატოდან გამოსვლით დამთავრდა. 1995 წელს ფრანგებმა ისევ დაიწყეს ურთიერთობების აღდგენა, რაც 2009 წელს მათი ნატოს სრული წევრობით დამთავრდა. და განა ამან ნატო დაასუსტა და საფრანგეთი დააქცია?

იყო პოლიტიკური პროცესი, რომელიც დასრულდა ნატოს გაძლიერებით, კომუნისტური, აღმოსავლეთის ბლოკის, ვარშავის ხელშეკრულების დაშლით და დამარცხებით. იყო მაშინ უკმაყოფილებაც დე გოლის მიმართ, მაგრამ საქმე ასეთ ისტერიამდე არ მისულა.

ახლა მთავარია რას გადაწყვეტს დანარჩენი 27 ქვეყანა

– თქვენ მეკითხებით, რა მოხდება შემდეგ. ძალიან ბევრი რამეა დამოკიდებული ევროკავშირის წევრ დანარჩენ 27 ქვეყანაზე. არ მგონია ევროკავშირის ახალმა წევრებმა აღმოსავლეთ ევროპიდან ევროკავშირიდან გასვლაზე იფიქრონ. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, ბულგარეთი ჯერ კიდევ ბევრ სიკეთეს ელის ევროკავშირის წევრობიდან. ასეთივე პოზიცია ექნებათ ხორვატებს, სლოვენიელებს და ჩერნოგორიელებს, სავარაუდოდ ალბანელებსაც. თუმცა, ძნელი სათქმელია, რას მოიმოქმედებენ სლოვაკეთი, უნგრეთი და სერბეთი, მითუმეტეს ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია და განსაკუთრებით საბერძნეთი. აქ პროპაგანდა – აგიტაციით ევროსკეპტიკოსებს ვერ დაამარცხებ. უნდა გავიხსენოთ ევროპის ერთიანი კონსტიტუციის ისტორია. საფრანგეთმა და ნიდერლანდებმა რეფერენდუმზე თქვეს – არა და საერთო კონსტიტუცია მიღებული არ იქნა. რა თქმა უნდა, ასეთი მკვეთრი და ხმაურიანი ნაბიჯი მხოლოდ ისეთ ქვეყანას შეეძლო გაეკეთებინა, როგორიც დიდი ბრიტანეთია. რაც ევროკავშირის დღევანდელი ლიდერს – გერმანიას, საბერძნეთთან გამოუვიდა, გაკოტრების და დეფოლტის საფრთხის წინაშე მდგომი ბერძნები მკაცრი ეკონომიის, პენსიებისა და ხელფასების შემცირებაზე დაითანხმა, ზეწოლის მეშვეობით დიდ ბრიტანეთთან არ გამოვიდა.

ძველი პრობლემები და ახალი რეალობა

– არსებულ გამოწვევებს რამდენად გააღმავებს ბრიტანელების დემარში?

– პრობლემები, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დამძიმდება. ევროპა სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. პოლიტიკოსებმა რეალობის შეგრძნება დაკარგეს. დასავლეთი დაპირისპირებულია რუსეთთან, რომლისთვისაც, ბუნებრივია, მომხდარი დიდი გამარჯვებაა, მაგრამ რუსეთს იმდენი თავისი პრობლემა და თავსატეხი აქვს, რომ აქედან რაიმე ხელშესახებ სიკეთეს არ უნდა ელოდეს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაკარგა თავისი უმთავრესი მოკავშირე ევროკავშირში.

დომინანტური მდგომარეობა განიმტკიცა გერმანიამ, მაგრამ ასეთ დასუსტებულ ევროკავშირში, დომინანტური მდგომარეობით რამდენად და როგორ ისარგებლებს, ეს სხვა თემაა. ამ დროს დასავლეთს ფაქტობრივად დაპირისპირება აქვს თურქეთთან, ერდოგანი ის ლიდერი არ არის, ვინც შეეგუება გერმანიის ბუნდესტაგის მიერ სომხების გენოციდის აღიარებას. ამერიკულ პრესაში ბოლო პერიოდში უამრავი ანტიერდოგანური წერილი, მასალა და ინტერვიუ იბეჭდება. იქ უკვე ღიად აფიქსირებენ ერდოგანის მიერ სირიაში ჯიჰადისტების მხარდაჭერას. თუმცა, იქვე მიუთითებენ, რომ რუსული ავიაცია მათ მოკავშირე სირიის დემოკრატიული ოპოზიციის ძალებს ბომბავს. არავინ იცის, რამდენად გაამწვავებს ურთიერთობას დასავლეთთან ერდოგანი და არც ის იცის ვინმემ, რას უზამენ მილიონობით სირიელ ლტოლვილს ევროპელები, რომლებიც აქამდე თურქეთს ჰყავს შეფარებული.

დასჯიან თუ ვერა დიდ ბრიტანეთს

– მაინც რა რეაგირება ექნება დასავლეთს, უწინარეს ყოვლისა, დიდ ბრიტანეთთან მიმართებაში, გაძლიერდება თუ არა ზეწოლა, გამოყენებულ იქნება თუ არა რაიმე ფორმის სანქციები?

– ვფიქრობ, სანქციებამდე საქმე არ მივა. ისე თუ მარტინ შულცის მუქარა განხორციელდა და ბრიტანეთი, როგორც მოსალოდნელია გავიდა ერთიანი ევროპული ეკონომიკური სივრციდან, ეს სანქციები იქნება აბა რა. უამრავი სხვა პირდაპირი და ირიბი მეთოდის და საშუალების გამოყენებაც შეუძლია ერთიანი ევროპის იდეის მომხრეებს ბრიტანეთის წინააღმდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავისუფლებისთვის და თავისთავადი პოზიციისთვის ბრიტანეთის დასჯა ხეირს არავის დააყრის.

შეიძლება შოტლანდიის თემის გამწვავება, ჩრდილოეთ ირლანდიაში ვითარების დაძაბვა, ლონდონის მკვიდრთა უმრავლესობის მხარდაჭერით მანიპულირება, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ აქამდე საქმე არ მივა. თუმცა, მე მაოცებს ზოგიერთი ევროპელის და თუნდაც ჩემი თანამოქალაქე ქართველის პოზიცია, რომელთაგან ერთმა ამ დღეებში ბრძანა, რომ ქვეყნის მამავალს ბრბო არ უნდა წყვეტდესო. და ვინ არის ბრბო? დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 52%-ი? აქამდე ერთიან ევროპას, მთელ მსოფლიოში მშვიდობას, დემოკრატიას და პროგრესს რომ უჭერდნენ მხარს, ეს ინდივიდები, ხალხი და საზოგადოება იყო და როგორც კი ევროკავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი, ბრბოდ იქცა? აქვე დავაზუსტებ, მე პირადად ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრე ვარ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს, მაგრამ თუ ევრობიუროკრატია საქმიანობის სტილს არ შეცვლის, თავდაუზოგავად ვიბრძოლებ რეფორმებისა და გარდაქმნებისთვის ევროკავშირში.

ახლა ევრობიუროკრატიას, ევროელიტას და მათ თანამოაზრეებს საქართველოში ვურჩევ მომხდარის მიზეზები ღრმად და საფუძვლიანად გააანალიზონ და შესაბამისი დასკვნები გააკეთონ, თორემ ბრიტანელებივით ბევრი ევროოპტიმისტი და ბევრი სხვა ქვეყანა მოიქცევა.

განსაკუთრებით არ მესიამოვნა იმაზე აპელირება, რომ ინგლისმა და უელსმა მხარი დაუჭირა ევროკავშირიდან გასვლას, ხოლო შოტლანდიამ, ჩრდილოეთ ირლანდიამ და ლონდონმა დარჩენას. ახალგაზრდებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირს, ხოლო ასაკოვანმა ადამიანებმა და პროვინციელებმა – საშუალო კლასმა, სოფლელებმა და ასე შემდეგ, ევროკავშირიდან გასვლას. ამ კაი დედმამიშვილებს ელემენტარული ლოგიკური აზროვნების უნარი ხომ მაინც უნდა ჰქონდეთ.

ჩრდილოეთ ირლანდიაში მოსახლეობის 44% იყო მომხრე, შოტლანდიაში 38%, ლონდონში 40%, როგორ განა ეს ეს 40% ლონდონი არ არის, განა 44%-ჩრდილოეთ ირლანდია არ არის? როცა გვინდა უმრავლესობას ქვეყნებად და ქალაქებად ვაცხადებთ და როცა ამ უმრავლესობაზე ქვეყნის მასშტაბით ვმსჯელობთ, ისინი უკვე ბრბოდ ინათლებიან, როცა ხელს გვაძლევს, ახალგაზრდებს 30-35 წლამდე ჭკუას აზრს კი ვეკითხებით და ხმაც სრულფასოვანი აქვთ, მაგრამ ქვეყნის მართვას და ბედის გადაწყვეტას უფრო გამოცდილ ადამიანებს ვანდობთ. აღარაფერს ვამბობ უხუცესების ინსტიტუტზე, ძველ ყოფასა თუ ახალ დემოკრატიებში. კარგი რა, თავი დაანებეთ პოლიტიკურ მანიპულაციებს.

დონალტ ტრამპი – ,,ჩვენც დავიბრუნებთ ჩვენს ქვეყანას”

– შეცვლის თუ არა რეალურად ეს ცვლილება ვითარებას საერთაშორისო არენაზე?

– ამ კითხვაზე პასუხად დონალდ ტრამპის სიტყვებს მოვიტან. იგი რეფერენდუმის შემდეგ, უიკენდზე შოტლანდიაში ჩაფრინდა. რეფერენდუმის შედეგების კომენტირებისას, თქვა ზუსტად შემდეგი: ,,ეს-ეს არის ჩამოვედი შოტლანდიაში, სრული შოკია. ხმების მიცემით მათ დაიბრუნეს თავისი ქვეყანა, ისევე, როგორც ჩვენ დავიბრუნებთ ამერიკას”. ასე რომ, ჩვენ საინტერესო დროში ცხოვრება გველის.

ტრამპი ამერიკაში, ჯონსონი ბრიტანეთში, ლეპენი საფრანგეთში, ციპრასი საბერძნეთში, «პადემოსი» ესპანეთში, «ხუთი ვარსკვლავი» იტალიაში

– ასეთია სავარაუდო პერსპექტივათაგან ერთ-ერთი. ვერაფერს იტყვი, მეტისმეტად სახალისო მოზაიკაა. ჩვენ მხოლოდ ხალხის, ადამიანების, მოქალაქეების კეთილგონიერების იმედი შეიძლება გვქონდეს, იმედია პოლიტიკური ცნობიერების ლუმპენიზაცია მთელ მსოფლიოში არ მოხდება.

საქართველოს გზა ერთადერთია – ევროკავშირი

– ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ, თქვენი აზრით, ხომ არ დადგება საქართველოს სტრატეგიული ვექტორის ცვლილების საკითხი?

– არამც და არამც. მე კრიტიკულად განვიხილე მომხდარი ფაქტი და მისი კონტექსტი, რათა უცაბედად მოულოდნელი რეალობის წინაშე არ დავდგეთ და მერე არ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, თუ რა ვაკეთოთ. ერთი რამ უნდა გავაცნობიეროთ – ბრიტანეთის რეფერენდუმიც თითოეული ჩვენგანის პრობლემაა, დონალდ ტრამპის შესაძლო გამარჯვებაც აშშ-ს საპრეზიდენტო მარათონში, რადიკალი მემარცხენეების დაწინაურებაც ევროპის სამხრეთში და კონფლიქტების არეალში მოქცეული საქართველოც. ჩვენ უნდა ვიყოთ მოქნილები, ადეკვატურები, პოლიტიკა პოლიტიკოსებს და გონიერ ადამიანებს უნდა ვაკეთებინოთ, მაგრამ ევროინტეგრაციას და ჩვენს ევროატლანტიკურ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს, ისე როგორც რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას და მშვიდობიანი გზით ქვეყნის ტერიოტორიული მთლიანობის აღდგენას. აგერ მოდის არჩევნები და ისეთ ადამიანებს დავუჭიროთ მხარი, თანამედროვეობის ამ ურთულებს ლაბირინთში გზის გაკვალვა, რომ შეუძლიათ.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე