“მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში”
ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები, იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავისუფლების მოედანზე, ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის 25-წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები, რასაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მიაღწევს.
”გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს. წელს ჩვენი ქვეყანა თავისი დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს. ვულოცავ ამ დღეს მთელ საქართველოს, ჩვენს ყველა თანამემამულეს. დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ, ვისაც უდიდესი წვლილი მიგიძღვით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის განმტკიცებაში. განსაკუთრებით გილოცავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო. დღევანდელი დღე გამორჩეულად ამაღელვებელია წვევამდელებისთვის. დღეს თქვენ დადეთ ფიცი სამშობლოს წინაშე და გახდით ჩვენი ქვეყნის ჯარისკაცები. მე მჯერა, რომ თქვენ პირნათლად მოიხდით ვალს სამშობლოს წინაშე და არასოდეს დაივიწყებთ, რის ფასად მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ ეს დამოუკიდებლობა, არასოდეს დაივიწყებთ მათ, ვინც სიცოცხლე შესწირა ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობას. სამშობლოს სამსახური ყველაზე დიდი პატივია. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი იქნება და ყოველთვის გემახსოვრებათ, რომ თქვენს ზურგს უკან ჩვენი სამშობლო, ჩვენი საქართველოა.
დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცებს, განსაკუთრებით საერთაშორისო მისიების მონაწილე სამხედროებს, რომლებიც საქართველოს სახელმწიფოს იცავენ, იცავენ მშვიდობას მსოფლიოში. მადლობა მათ ქვეყნის ერთგულებისთვის და მსოფლიოში ქართველი ჯარისკაცების უშიშარ და თავდადებულ მეომრებად წარმოჩენისთვის. ამ 25 წლის განმავლობაში საქართველომ რთული გზა განვლო, დიდი მსხვერპლი გაიღო. პატივს მივაგებ სამშობლოსთვის დაღუპული გმირების ხსოვნას.
ჩვენს სამშობლოს ბევრი ტკივილი და გამარჯვება უნახავს, მაგრამ დღევანდელი დღე, დღევანდელი მიღწევები და პერსპექტივები იმის გარანტიაა, რომ ვიცხოვრებთ უკეთეს, ერთიან და ძლიერ საქართველოში. ჩვენს ქვეყანას წინ აქვს დიდი წარმატებები და გამარჯვებები თითოეული ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ წარმატებებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად მივაღწევთ, შევძლებთ ტკივილის დაძლევას და უკეთესი მომავლისკენ ერთად განვაგრძობთ გზას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.