სხვა

„მინდვრის დღე“ სოფელ განახლებაში – რა ხდება საპილოტე საძოვრებზე

ავტორი: მირანდა ფუტკარაია

სოფელი განახლება დმანისის მუნიციპალიტეტში გომარეთის პლატოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში , ზღვის დონიდან 1340 მეტრზე მდებარეობს. ის დმანისიდან 27 კილომეტრითაა დაშორებული.

ადგილობრივი მოსახლეობა ,ძირითადად , მესაქონლეობითაა დაკავებული. მათი შემოსავლის  მთავარი წყაროც ამ საქმიანობას უკავშირდება. ადგილობრივებისთვის   სოფელში არსებული საძოვრების სწორი მართვა უმნიშვნელოვანესია. მასზე დიდწილადაა დამოკიდებული  დატოვებენ თუ არა ისინი განახლებას.

სოფელი განახლება ერთ-ერთია იმ საპილოტე სოფლებს შორის, სადაც  პროექტი  სახელწოდებით ,„საქართველოს მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ განხორციელდა.

პროექტის ფარგლებში მიმდინარე წლის 21 მაისს „მინდვრის დღე „ მოეწყო. მასში  ადგილობრივმა ფერმერებმა,  გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ადგილობრივი საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლებმა და  ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა   და კონტროლირებადი ძოვების სადემონსტრაციო ნაკვეთი მოინახულეს.

პროექტში ჩართულმა  მხარეებმა ადგილზე უკვე განხორციელებული საქმიანობები შეაჯამეს, არსებული გამოწვევები განიხილეს და სამომავლო მიზნებზე ისაუბრეს.

სოფელ განახლებაში ნაკვეთმონაცვლეობითი ანუ კონტროლირებადი ძოვების სისტემა დაინერგა,  საძოვარი 8 ნაკვეთად დაიყო  და პირუტყვის ძოვება თანმიმდევრულად სხვადასხვა ნაკვეთზე ხდება.  ხაზგასასმელია ისიც,რომ  საძოვარი ელექტრო ღობითაა  შემოსაზღვრული.

პირუტყვს აძოვებენ რამდენიმე დღის განმავლობაში, ხოლო როდესაც ბალახის სიმაღლე შემცირდება (ძირითადად 4-5 სმ-მდე), პირუტყვი   ახალ ნაკვეთზე გადაჰყავთ, რათა გაძოვილ ნაკვეთზე ბალახოვან საფარს აღდგენის საშუალება მიეცეს.

კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე ექსპერტი ანზორ გოგოთიძე საერთო სარგებლობის საძოვარზე ნაკვეთმორიგეობითი ძოვების სისტემის დანერგვის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„ ჩვენ ვნერგავთ ნაკვეთმორიგეობითი ძოვების სისტემას  საერთო სარგებლობის საძოვარზე. ამის მიზანია, რომ გაუმჯობესდეს ადგილობრივი საძოვრის მდგომარეობა, პირუტყვის პროდუქტიულობა  და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა. წლების განმავლობაში არასწორი გაძღოლის სისტემის გამო ხდება საძოვრის დეგრადაცია, შესაბამისად საკვები საკმარისი არ აქვს ადგილობრივ საქონელს და მათი პროდუქტიულობაც დაბალია, რაც აისახება ადგილობრივი მოსახლოების ეკონომიკურ მდგომარეობაზე.  აქ ხდება იმ მეთოდებისა და მიდგომების  პილოტირება, რომელიც შესაძლებელია ,წარმატების შემთხვევაში, სხვა რეგიონებზეც გავრცელდეს“–   ანზორ  გოგოთიძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი.

პროექტი 2020 წელს დაიწყო. მის ფარგლებში სოფელ განახლებაში , ისევე როგორც სხვა საპილოტე სოფლებში,  საძოვრებით მოსარგებლეთა გაერთიანება დაფუძნდა.  საბოლოოდ, საქმიანობაში  აქტიურად ჩაერთვნენ ადგილობრივებიც.  ისინი  ამბობენ, რომ აღნიშნული პროექტის წარმატებით განხორციელება პირდაპირ კავშირშია მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან:

„ სოფელში ყველა  ჩართულია ამ საქმიანობაში. შედეგად, ეკონომიკური  მდგომარეობა უნდა გაგვიუმჯობესდეს. ახლა ჩვენს ფიზიკურ შრომასაც ვზოგავთ და წველადობაც უკეთესია.  არსებული ფართობი 60 სულ საქონელზეა გათვლილი. პროექტის დასრულების შემდეგ ამ საქმეს დამოუკიდებლად უნდა გავუმკლავდეთ. სხვა გზა არ გვაქვს. იმედი გვაქვს,  რომ ყველაფერი გამოგვივა”.  ეთერ გოგოჭური, სოფელ განახლებაში მცხოვრები.

სოფელ განახლებაში საპილოტე საძოვარზე აღდგენილ იქნა არსებული კაპტაჟის ტიპის წყალმიმღები ნაგებობა და მოეწყო პირუტყვის დასარწყულებლები, გამოიცვალა დაზიანებული მილსადენი, მოეწყო რკინის მოაჯირები დასარწყულებელ ნავამდე მისასვლელ გზაზე არსებულ ხიდზე.  ასევე დაგეგმილია პირუტყვისთვის  დროებითი საჩრდილობლების მოწყობა.

   

პროექტის „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“  ფარგლებში საძოვრების მართვის კუთხით   საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია შემუშავდა.

„ პროექტი ითვალისწინებს საძოვრების მდგრადი მართვის გზით მიწის დეგრადაციის შემცირებას და დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის მიღწევას.
თვითონ პროექტი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. მოიცავს საკანონმდებლო და  ინსტიტუციონალური ბაზის გაუმჯობესებას. საძოვრების მართვის კუთხით საძოვრების მდგრადი მართვის კონცეფცია შემუშავდა.  სხვადახვა სახელმწიფო უწყებები და სხვა დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, სამეცნიერო სექტორი, არასამთავრობო სექტორი და ა.შ, შეთანხმდნენ  თუ როგორ წარმოუდგენიათ საქართველოში საძოვრების მართვა. ამ დოკუმენტის საფუძველზე კი საძოვრების მართვის შესახებ კანონპროექტი მუშავდება.“ანა რუხაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვით ცენტრი, პროექტის მრჩეველი.

„საძოვრები საქართველოში მთლიანი ტერიტორიის,დაახლოებით  25%   და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების 50 % -ზე მეტია და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორი მართვა და გამოყენება. ის ასევე წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას მეცხოველეობისათვის. პროექტი რომელიც საძოვრების მდგრად მართვას ეხმიანება, ეს არის მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით. ის  2020 წელს  დაიწყო და  მიმდინარე წელს დასრულდება”.–   ჯიმშერ კოშაძე, პროექტის მენეჯერი.

პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.

კომენტარის დატოვება