სხვა

ოპოზიციური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ს პოზიციაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები სანქციებთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას ეხმაურებიან და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენ, პროდასავლური, დემოკრატიული ოპოზიციური პარტიები ვაფასებთ ამერიკის შეერთებული შტატების ურყევ და ქმედით ძალისხმევას საქართველოს კონსტიტუციის, სუვერენიტეტისა და თავისუფლების, ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის დაცვის საქმეში. აშშ-ს ამგვარი მხარდაჭერა საქართველოს თავისუფალი მოქალაქეების უწყვეტი, პრინციპული, მშვიდობიანი პროტესტის დამსახურებაა, რომელსაც ოლიგარქ ივანიშვილის მთავრობა ძალადობით პასუხობს. გვინდა მივმართოთ იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ რჩებიან რუსული რეჟიმის სამსახურში: იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტთ, ჩამოშორდეთ რუსულ რეჟიმს და შეუერთდეთ ქართველ ხალხს ჩვენი სამშობლოს ევროკავშირისა და ნატოში გაწევრიანებისთვის ბრძოლაში, კიდევ გრჩებათ შანსი, დაიცვათ საკუთარი თავი და ოჯახები საერთაშორისო სანქციებისგან. გადმოდით სიმართლის მხარეს. ამ შემთხვევაში მზად ვართ ვიმოქმედოთ ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, რომ ხელი შევუწყოთ თქვენი და თქვენი ოჯახების განრიდებას სანქციების მძიმე შედეგებისგან. საქართველო ეკუთვნის არა რუს ოლიგარქს, არამედ თითოეულ ჩვენგანს! კი ევროპას, არა რუსულ რეჟიმს!” -აღნიშნულია ოპოზიციური პარტიების განცხადებაში.

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი პარტიები: „ახალი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „დროა“, „გირჩი“, „ლელო“, „ნაციონალური მოძრაობა“ და „რესპუბლიკური პარტია“.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს საქართველოსთვის სავიზო შეზღუდვის ახალ პოლიტიკას, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, რომლებიც პასუხისმგებლები ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, ასევე მათი ოჯახის წევრებზე. ეს მოიცავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების აღკვეთაზე ძალადობის ან დაშინების კამპანიის გზით. ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღესვე იწყებს შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველ გადახედვას.

 

კომენტარის დატოვება