საზოგადოება

მოქალაქეები “დაუბეგრავი მინიმუმით” ვეღარ ისარგებლებენ

ბოლო ორი წლის განმავლობაში, 1-ლი აპრილიდან იმ მოქალაქეებს, რომელთა მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებოდა 6 000 ლარს, უფლება ჰქონდათ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან “დაუბეგრავი მინიმუმი” გამოექვითათ.

საქართველოს მოქალაქეები წელს “დაუბეგრავი მინიმუმის” დაბრუნებას ვერ შეძლებენ.

როგორც შემოსავლების სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, აღნიშნული ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში ორი წლის ვადით იყო განსაზღვრული და პროექტი მხოლოდ 2013-2014 წლებს მოიცავდა.

“დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნების შესახებ ცვლილება ორი წლის ვადით იყო განსაზღული. როდესაც 2013 წელს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილება შევიდა, იქვე იყო განსაზღვრული ამ პროექტის მოქმედების ვადა, შესაბამისად მაშინდელი ცვლილება 2013 და 2014 წლებს შეეხებოდა. თანხები გაცემულია და პროექტი დასრულებულია”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, თუ პიროვნების მიერ მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატებდა 6 000 ლარს, უფლება ჰქონდა შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი დაექვითა და აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება მოეთხოვა.

“კერძოდ, თუ პირის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდე იყო, მოცემულ შემთხვევაში უფლება ჰქონდა მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან 360 ლარი დაებრუნებინა, ხოლო თუ 1800 ლარამდე იყ თანხა, დაბრუნებას ექვემდებარებოდა (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი.

ამ მიზნით, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შეევსოთ დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით და გაერკვიათ, სარგებლობდნენ თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 2014 წელს კალენდარული წლის მიხედვით დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე ფიზიკურ პირთა (როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში დასაქმებული პირები) განსაზღვრა მათ მიერ განხორციელებული საგადასახადო ანგარიშგების ან/და საგადასახადო აგენტ(ებ)ის მიერ შესაბამისი საანგარიშო პერიოდ(ებ)ის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადების შესახებ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე მოხდა.

ipress.ge