მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები – საია
მოვუწოდებთ შრომის ინსპექციას დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები – ამის შესახებ განცხადებას „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ავრცელებს.
“ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომლების გაფიცვა 2024 წლის 12 ივლისიდან მიმდინარეობს და მასში, პროფესიული კავშირის “ევოუნიონის” მიხედვით, 4600-ზე მეტი დასაქმებული მონაწილეობს.
კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას.
მოვუწოდებთ:
„შპს “ევოლუშენ ჯორჯიას” , აქტიურად ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით;
შრომის ინსპექციას, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ შრომის კანონმდებლობის დარღვევის შესაძლო ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე;
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, დროულად შეისწავლოს “ევოლუშენ ჯორჯიას” მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტები და ჰქონდეს ეფექტიანი რეაგირება მათზე.
გაფიცვის უფლების განხორციელბისთვის უკანონოდ ხელის შეშლა, ან/და პირის იძულება, თავი შეიკავოს გაფიცვისგან, წარმოადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს”, – ნათქვამია განცხადებაში.