05/05/2024
Latest:
საზოგადოება

“NDI-ის კვლევის შედეგები შესაძლოა არარელევანტური იყოს”

 

NDI-ის კვლევის შედეგების შეფასება ექსპერტ ვაჟა ბერიძეს ვთხოვეთ.

,,რამდენიმე დღეა, რაც გამოქვეყნდა NDI-ის კვლევის შედეგების ერთი ნაწილი. დღეს, როცა მე და თქვენ ვსაუბრობთ, გასაჯაროვდა იმავე კვლევის პოლიტიკური ნაწილი. ბუნებრივია, ასე სახელდახელოდ საფუძვლიანი ანალიზის გაკეთება და დასკვნების გამოტანა ძნელია, მითუმეტეს, როცა მე ხელთ არ მაქვს კვლევის შედეგები სრულად.

წინასწარი შთაბეჭდილება, ვფიქრობ შეიძლება გითხრათ. ჩემი აზრით, NDI სოლიდური ამერიკული ორგანიზაციაა, რომლის კვლევების მიმართ, ისევე როგორც IRI-ს კვლევების მიმართ. NDI-ის კვლევების მცდარობა თვალსაჩინო იყო 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შედეგებთან მიმართებაშიც. მათ მიერ ნაწინასწარმეტყველები ,,ნაციონალების” 47%-ი, ,,ოცნების” 10%-ის წინააღმდეგ არათუ არ გამართლდა, არამედ აბსოლუტურად მცდარი აღმოჩნდა. როცა სოლიდური ორგანიზაციის კვლევა ასეთ ცდომილებას იძლევა, ორგანიზაციამ კონტრაქტორთან ურთიერთობაზე უარი უნდა თქვას, უფრო მეტიც, საერთოდ უნდა შეწყვიტოს საზოგადოებრივი აზრის მონიტორინგი. გამოდის, რომ ,,კავკასიის რესურს ცენტრი”, რომელიც თავის დროზე სწორედ NDI-ის მომსახურე სტრუქტურად შეიქმნა, ,,ნაციონალების” ლოცვა-კურთხევით, აშკარად აყალბებს კვლევის შედეგებს. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ბაზრიდან და არენიდან გაქრა სოციოლოგიური და მარკეტინგური კვლევების ქართული კომპანიები, IPM და სხვები. ზოგს რეპუტაცია შეელახა, ზოგი წინა ხელისუფლებამ გააჩუმა სარფიანი შემოსავლების წყაროების მიჩენით, ზოგი გაკოტრდა და გაქრა. აი, ეს არის სავალალო, ის, რომ ჩვენ არ გვყავს ავტორიტეტული, პროფესიონალებით დაკომპლექტებული, მიუკერძოებელი სოციოლოგიური კვლევების კომპანიები, რომლებსაც საზოგადოება ენდობოდა და ჯანსაღი კონკურენციის პირობებში ერთმანეთსაც გააკონტროლებდნენ.

რახან ამერიკელები ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან და ჩვენ ერთგულნი ვართ ქვეყნის ევროატლანტიკური ინტერგაციის კურსის, ჩვენთვის მაინც საყურადღებოა ამერიკული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები. თქვენ მეკითხებით ბოლო კვლევის თაობაზე. ერთი შეხედვით ჩანს, რომ იგი შესაძლოა, ფალსიფიცირებული იყოს. იმდენად არაადეკვატურია ზოგიერთი შედეგი, აღარაფერს ვამბობ შეკითხვების დასმის ყაიდასა და სტილზე, რაც საქმეში ჩახედული ადამიანებისთვის ცხადია, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პასუხების ხასიათს და, საბოლოო ანგარიშით, შედეგსაც. ამიტომ მიმაჩნია, რომ NDI-ის ბოლო კვლევა უფრო საზოგადოებრივი აზრის გარკვეული მიმართულებით ფორმირებას ისახავს მიზნად, ვიდრე გვაძლევს საზოგადოების განწყობის რეალურ სურათს.

მოდით ჩავთვალოთ, რომ კვლევა კეთილსინდისიერადაა შესრულებული და შედეგებიც არ არის ფალსიფიცირებული. სხვათაშორის, ასეთივე მიდგომას ვურჩევ ,,ოცნებას” და სხვა პოლიტიკურ ძალებს. ყურადღება უნდა მიექცეს, იმ გარემოებას, რომ გამოკითხულთა 71%-ის სიმპათიები ამ კვლევის შედეგად ვერ გახდა ცნობილი. 59%-ს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პარტიას დაუჭერს მხარს. კარგად და ხმაურით გაპიარებული მაჩვენებლები ,,ნაციონალური მოძრაობის” და ,,ოცნების”, თუ ისინი – 13% (,,ნაციონალები”) და 11% (,,ოცნება”) იმ 28%-იდანაა გამოთვლილი, ვისაც (გამოკითხულთა 28%-ს) გარკვეული აქვს თავისი სამომავლო არჩევანი, თუ ვის მისცემს ხმას ერთი წლის შემდეგ, გამოდის რომ ეს ,,ნაციონალების” 13% და ,,ოცნების” 11%, 28%-ის 13% და 11%ია. მაშინ კვლევა უკვე არარელევანტურია და მის შედეგებზე მსჯელობა აზრს კარგავს. მითუმეტეს, როცა ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც ეშმაკურად და ელინცურად უსვამს კითხვას რესპოდენტს – თქვენი აზრით ვინ გაიმარჯვებსო მომავალ საპარლამენტო არჩევნებში, ამ კითხვის პასუხად 20%-ით ,,ოცნება” იმარჯვებს და მნიშვნელოვნად უსწრებს მეორე ადგილზე გასულ ,,ნაციონალებს”. არც ის მგონია შეესაბამებოდეს სინამდვილეს, რომ “ბურჯანაძე-დემოკრატები” რადარებიდან გაქრა. ეს უფრო პასუხია ამერიკული პოლიტიკური ისტებლიშმენტის ახალ მესიჯზე ქართული ელიტისადმი – არ დაუშვან პარლამენტსა და მთავრობაში პრორუსული ძალები, როგორებადაც ისინი ,,ნაციონალ-ინფორმატორებზე” და ,,იუესაიდის” ნაკვებ ქართულ-ამერიკულ არასამთავრობოებზე დაყრდნობით ბურჯანაძის პარტიასა და ,,პატრიოტთა ალიანსს” მოიაზრებენ. თუმცა, ვინ-ვინ და ამერიკელებმა კარგად იციან ხალხის რეალური განწყობა საქართველოში. ის, რასაც NDI და IRI  არ ასაჯაროებენ, კარგად იციან ამერიკის საელჩოში და შესაბამისად აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში. მათი და ჩვენი ამოცანა ფაქტობრივად იდენტურია: ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ საქართველო, როგორც სტაბილური და საიმედო მოკავშირე, ჩვენ ვცდილობთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ეკონომიკის ამუშავებას. თუმცა, მხარეებს არ ესმით, როგორ უნდა დალაგდეს ძალთა შეფარდება მომავალ პარლამენტსა და მთავრობაში, თუკი დღეს, დღეის სიტუაციით რეიტინგშერყეული ,,ქართული ოცნება” მაინც იგებს მომავალ არჩევნებს (სახელისუფლო რესურსის წყალობით 25-30%-ის ფარგლებში), ..ნაცმოძრაობა” მხოლოდ 11-12%-ს აგროვებს, ხოლო პრორუსებად შერაცხულები ერთად, დღეის მდგომარეობით 25-30%-ს აგროვებენ (,,პატრიოტთა ალიანსი”, ბურჯანაძე-დემოკრატები” და ისინი, ვინც არენაზე შეიძლება შემოვიდეს – ლევან ვასაძე, პაატა ბურჭულაძე და ასე შემდეგ). ის 71%, ვისი პოლიტიკური სიმპათიებიც ცნობილი და გამოკვეთილი არ არის და ის 55%-იც, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას, ძნელია ,,ნაციონალური მოძრაობისკენ” ან ,,ახალი პოლიტიკური ცენტრისკენ” (ჯაფარიძე, კუბლაშვილი და სხვანი) შემობრუნდნენ. ცხადია, გამოკითხვის ასეთი ვარიანტის უკრიტიკოდ მიღების შემთხვევაში ერთი-ორი ახალი პოლიტიკური ძალისთვის სარბიელი არსებობს. თუმცა, არ ჩანს ვისი ფულით მოხდება ეს და რომელი პერსონალიები უწინამძღვრებენ ახალ ძალებს, რადგან დრო მომავალ არჩევნებამდე ძალიან ცოტაა საიმისოდ, რომ ახალი კონკურენტუნარიანი სუბიექტები ჩამოყალიბდეს.

ასე რომ, ეს კვლევა, თუ მას უტყუარ მოცემულობად მივიღებთ, სერიოზული შესწავლის საგანი უნდა გახდეს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ჩავთვლით, რომ ეს დასავლეთის ხედვას ასახავს დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ვითარების, ამ თვალთახედვითაც ძალიან საინტერესო მასალას წარმოადგენს, როგორც სპციალისტებისთვის, ისე ჩვენი თანამოქალაქეებისთვის”, – ამბობს ვაჟა ბერიძე.

ესაუბრა გიორგი კაპანაძე