საზოგადოება

ნუ ენდობით გაურკვეველი წარმომავლობის ვაკანსიებს

სტატისტიკას თუ ვენდობით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 2015 წელს 12%-ს შეადგენდა.  საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომი საქართველოს “ბნელი წლები” შესანიშნავ სათბურად იქცა მრავალი თაღლითისა და აფერისტისათვის. იმ პერიოდში, როდესაც სამსახურიანი ადამიანი ლამფით საძებარი იყო, დაიბადნენ კომპანიები, რომლებიც ვაკანსიას ვაკანსიაზე აცხობდნენ. სასოწარკვეთილი და მშიერი მოსახლეობა კი მშვენიერი სამიზნე გახლდათ სხვადასხვა “ქსელური მარკეტინგისა” თუ “ოფისებისთვის”. მიუხედავად იმისა, რომ ის დრო დიდი ხნის წინ გავიარეთ, აღნიშნული “კომპანიები” კვლავაც ცოცხლობენ და წარმატებით საქმიანობენ.

“ვეძებთ თანამშრომლებს ოფისში სამუშაოდ”; “კომპანიას ესაჭიროება კადრები, ასაკი 16-დან პლიუს უსასრულობამდე”, “გვესაჭიროება თანამშრომლები ოფისში სამუშაოდ – ხელფასი 450-700 ლარი პლიუს ბონუსები”… მსგავსი ტიპის განცხადებები მრავლადაა როგორც ინტერნეტში, ისე კორპუსის სადარბაზოებში, თითქმის ყოველი მოსახლის ცხვირწინ. ყველაფერი შესაძლებელია, შეიძლება არსებობს კომპანიები, რომლებსაც ძალიან უჭირთ საქართველოში უმუშევარი ადამიანის პოვნა. თუმცა, ეს ყოველივე ისეთი ვარდისფერი არაა, როგორც რიგით გამოუცდელ ობივატელს შეიძლება ეგონოს.

ასეთი “ოფისები” ძირითადად კორპუსის ბინებშია მოწყობილი. გავრცელებული განცხადებებიდან მრავალი მსურველის ზარი შესდით, შესაბამისად დასაქმების მსურველთა დიდი რიგები უდგათ კართან. იქ ყველა ტიპის ადამიანს შეხვდებით: ახალგაზრდები, რომლებიც ორი დიპლომისა და 10 წლიანი სამუშაო გამოცდილების არქონის გამო დიდი მონდომებით ეჭიდებიან ყოველ შესაძლებლობას, რადგან ხშირ შემთხვევაში ალტერნატივა მხოლოდ რომელიმე დიდ სუპერმარკეტების ქსელში 270 ლარად მონური მუშაობაა; ასაკოვანი ხალხი, რომლებიც ოდესღაც “ჩარეცხეს” და არასასურველ კადრებად მიიჩნიეს, უიმედოები, რისკიანები და ა. შ. ზოგჯერ რამდენიმე ათეული ადამიანი ელოდება “გასაუბრებას”, თუმცა საინტერესო ფაქტია, რომ ზოგს განცხადების სხვა ვარიანტი აქვს ხოლმე წაკითხული. მენეჯერის, ოფისში დამხმარის, ფინანსისტის და სხვა ბევრი რამის ვაკანსიაზე მისული ადამიანები საბოლოოდ ერთ გაქუცულ კართან იკრიბებიან.

ვაკანსიის პირობები საკმაოდ ჩახლართულია. ზოგჯერ მსურველს ხურდასაც ატოვებინებენ, ისე პროცედურისათვის. შემდგომ ეტაპზე სერიზული სახით ესაუბრებიან მათი კომპანიის არსის შესახებ, შემდეგ მცირე პრეზენტაციასაც მართავენ მსხვერპლის უკეთ “დასაკერად”. მცირე გასაუბრებისა და არაფრისმთქმელი სიტყვების რახუნის შემდეგ ასკვნიან, რომ კანდიდატი შესანიშნავია და სრულიად შეეფერება ვაკანტურ ადგილს (ძირითადად, 100 კაციანი რიგიდან ასივე აკმაყოფილებს მათ მოთხოვნებს). შემდეგ აფორმებენ ხელშეკრულების მსგავს რაღაც ფურცლებს და მოდის ეტაპი სახელფასო ბარათის დამზადების, რომლის ფულიც რა თქმა უნდა, კანდიდატის გადასახდელია, ეს თანხა 30-40 ლარის ფარგლებშია ხოლმე. თანხის გადახდის შედმგომ ეუბნებიან, თითქოს 1-2 კვირაც და ჩასვამენ შტატში. ხშირ შემთხვევაში ეს ორი კვირა შეიძლება წლობით გაიწელოს, ან აწ უკვე “თანამშრომელს” შეტენიან რაიმე პროდუქტს, მაგალითად კოსმეტიკა ან მსგავსი, თანაც თანხის წინასწარი გადახდით და ავალებენ გაყიდოს, მოგების წილი კი მას დარჩება. ყოველივე ამის შედმგომ “თანამშრომელი” იძულებული ხდება შეეშვას ამ საქმიანობას და სხვა რამ სცადოს. კომპანიას კი შეტყაპუნებული რჩება “სახელფასო ბარათის” ფული და სხვა გამოცინცლული თანხებიც. ასეთ მახეში გაბმული ადამიანები თავიანთ ისტორიებს ინტერნეტშიც ავრცელებენ ხოლმე, რათა სხვამაც გაიგოს და მორიგი მსხვერპლი არ გახდეს, გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

“შარშან საბურთალოზე, თუ არ ვცდები პეკინზე, ერთ-ერთ კორპუსში მსგავსი “სამსახური” არსებობდა. საქართველოს ბანკში თანხა უნდა დაერიცხა ერთ-ერთ “მსხვერპლს”. მოკლედ, გამოიჭირეს სიყალბეში იმ ოფისის მმართველები, დაიჭირეს… სოლიდური თანხა უპოვეს.

“თქვენ ხართ ის ბედნიერი ვინც 700 კაცში ავირჩიეთ” ამ სიტყვებით ატყუებდნენ სტუდენტებს. ამ სიტყვებით უზომოდ გახარებული გოგონა შემხვდა, რომლის დედას სამსახურის დაწყების შესახებ მობილურით აგებინებდა. კიდევ ბედავენ ბავშვების მოტყუებას. აფერისტები მომრავლდნენ სამწუხაროდ”.

“ხალხი მწერს, რომ ისევ ისე ატყუებენ ხალხს და რამდენიმე ოფისია თბილისშიო გახსნილი მსგავსი შემოთავაზებით და ესე ახდევინებენ ხალხს ფულებს, როდემდე გაგრძელდება ეს, ნუ კაი, ხალხს უჭირს და რისკავენ, სხვა გზა არა აქვთ კრედიტების და ვალების გადამკიდე.

მაგრამ ეს უსინდისო მძარცველი ხალხი როდის უნდა შეაჩეროს ვინმემ, რამემ?”

ფაქტია, რომ აღნიშნული “ბიზნესი” კვლავაც გუგუნებს და ძველებურად “ასაქმებენ” ხალხს. ერთ-ერთი მსგავსი წარმონაქმნის ოფისი თბილისის მერიის წინაც იყო განთავსებული და ყოველდღიურად უამრავრი მსურველი აწყდებოდა. თუმცა ქვეყანაში, რომელშიც პოლიციის განყოფილების გვერდით ბანკს ძარცვავენ ხოლმე, ესეთი რამ არაა გასაკვირი.

ბოლო პერიოდში უკვე სხვა ენებზე დაწერილი განცხადებებიც გამოჩნდა ქალაქში, რომლებიც საოფისე სამუშაოს სთავაზობს ყველა გამვლელს. ალბათ უცხო ენა სხვა სოლიდურობას ანიჭებს ასეთ წარმონაქმნებს და უფრო მიმზიდველი ანკესია ვაკანსიათა ზღვაში მცურავი მსურველისთვის. სახელმწიფოს უმოქმედობა ასეთ ფირმებს სრულ თავისუფლებას აძლევს და ისინიც მშვენივრად იყენებენ ამას. ამიტომ მათ ბადეში არ გაბმის ერთადერთი საშუალება მხოლოდ მოქალაქეთა გონიერება და სიფრთხილეა, წვეთ-წვეთობით ზღვა ჩნდება, წართმეული 30-30 ლარით კი ოკეანე.

ვაჩე ხრიკული