საზოგადოება

Stadler-ის ელექტრომატარებელი მხოლოდ ურეკში, ქობულეთსა და ბათუმში გაჩერდება

შვეიცარული კომპანია Stadler Bussnang AG-ის 2-სართულიანმა ელექტრომატარებელმა თბილისი-ბათუმის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.

“საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, მატარებელი მხოლოდ ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება.

“რეისები შესრულდება ყოველდღე, დღეში ორჯერ – 9:10 და 18:20 საათზე“ – განაცხადეს “საქართველოს რკინიგზაში”.

ელქტრომატარებელი თბილისიდან შავი ზღვის მიმართულებით შეჩერების გარეშე იმოძრავებს და მხოლოდ ზღვისპირა კურორტების სადგურებში – ბათუმში, ქობულეთსა და ურეკში გაჩერდება. “როგორც ცნობილია, ოთხივე ერთეულის ღირებულება თავისი ნაწილების მარაგით 40 მილიონ ევროზე ნაკლებია, თუმცა ეს მგზავრობის ბილეთის ფასზე გავლენას არ იქონიებს და ფასი უცვლელი დარჩება: მეორე კლასი – 23 ლარი, პირველი კლასი – 40 ლარი, ბიზნესკლასი – 55 ლარი”, – აცხადებენ “საქართველოს რკინიგზაში”.

Stadler Kiss მოდელის მატარებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებაზეა გათვლილი. მათთვის მატარებელში არის ლიფტები და სველი წერტილები. გარდა ამისა, საპირფარეშოში ჩვილ ბავშვთა მოვლისათვის საჭირო სპეციალური მაგიდაა განთავსებული.

”საქართველოს რკინიგზის” ინფორმაციით, Stadler Kiss მოდელის მატარებელი ევროპის ყველაზე მაღალი სტანდარტების მოთხოვნებს აკმაყოფილებს. აღნიშნული მოდელის მატარებელი შვეიცარიაში, ბელგიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში კურსირებს.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი