ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5 % შეადგინა
2016 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ წინა თვესთან შედარებით 0,5 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე) -0,2 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი 17,1 პროცენტით გაიზარდა.
„საქსტატის“ მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების ზრდა დაფიქსირდა შაქრის, ჯემის და სხვა ტკბილეულის (5,3 პროცენტი), რძის, ყველისა და კვერცხის (3,0 პროცენტი) და ბოსტნეულისა და ბაღჩეულის (1,8 პროცენტი) ქვეჯგუფებზე. ამასთან, ფასები შემცირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე (-9,6 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,20 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების მნიშვნელოვანი მატება დაფიქსირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (8,6 პროცენტი);
ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 3,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაში 0,08 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ფეხსაცმლის ქვეჯგუფზე (10,2 პროცენტი) წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
მოცემულ პერიოდში ფასების 6,7 პროცენტიანი კლება დაფიქსირდა ტრანსპორტის ჯგუფზე, რაც -0,79 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში. ფასები, ძირითადად, შემცირდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-16,1 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8,8 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა: ფასები შემცირდა 3,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,25 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება დაფიქსირდა გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობის, მაცივრების და სხვა საყოფაცხოვრებო საგნების ქვეჯგუფზე (-7,6 პროცენტი) და ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელსა და მომსახურებაზე (-2,9 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 10,9 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,67 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმის (17,9 პროცენტი), ასევე ალკოჰოლური სასმელების (5,6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.