საზოგადოება

პენსია ყოველწლიურად ინფლაციის გათვალისწინებით მოიმატებს

საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოიმატებს. ამას საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს, რომელსაც ხელისუფლება ამუშავებს. როგორც საპენსიო რეფორმის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბაზისო პენსია ერთი მხრივ მიბმული იქნება ინფლაციაზე, მეორე მხრივ კი ეკონომიკურ ზრდაზე და ყოველწლიურად პენსიის მატება ამ პარამეტრების გათვალისწინებით მოხდება.

„ჩვენი მიზანია, რომ პენსიონერების სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. ამიტომაც შემოგვაქვს მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს სოციალურ პენსია. კონცეფციის თანახმად, შემუშავდება ინდექსაციის მექანიზმი, რომლის თანახმადაც სოციალური პენსია მინიმუმ მოიმატებს ინფლაციის დონესთან ერთად. დღევანდელი სისტემის თანახმად, პრაქტიკულად პენსიონერი დაუცველია ინფლაციური მომენტებისგან და გაურკვეველი და ბუნდოვანია, რითაც ხდება არსებული პენსიის მატება. ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მეთოდის შემოღება. ეს უზრუნველყოფს პენსიონერების დაცვას. პენსიის მინიმალური ზრდა უნდა შეადგენდეს ინფლაციას. ხანდახან იქნება მეტი, ხან ნაკლები ზრდა. როდესაც ეკონომიკური ზრდა იქნება მაღალი, იმ წელს პენსიის ზრდა იქნება, შედარებით მაღალი, როცა იქნება მოკრძალებული ზრდა, მინიმუმ ინფლაციის დონეზე იქნება ზრდა“,

– განმარტა ოთარ ძიძიკაშვილმა.

commersant.ge