09/05/2024
Latest:
საზოგადოება

დიმიტრი ქუმსიშვილი ჩინეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

დიმიტრი ქუმსიშვილთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე, ბიზნესმენები ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბეჟუაშვილი

ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის უმსხვილესი კორპორაციის „CEFC China“-ის თავმჯდომარეს იე ძიან მინს შეხვდა. შეხვედრა შანხაიში ჩინური კორპორაციის შტაბ–ბინაში გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ბიზნეს და საინვესტიციო გარემოსა და ყურადღება გაამახვილა ჩინური ინვესტორების დაინტერესების მნიშვნელოვან ზრდაზე საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებით. მისი განცხადებით, ჩინური კომპანიები უკვე წარმატებულად საქმიანობენ საქართველოში, ისეთ სექტორებში როგორიცაა: მშენებლობა, გზები და ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, საბანკო სფერო და სხვა. საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურაში ჩინეთი მეოთხეა ქვეყნის უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანათა შორის, ხოლო ექსპორტის მხრივ კი – მეორე. ჩინეთს საქართველოს მთლიან ექსპორტში 9-პროცენტიანი წილი უკავია.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა ჩინური კორპორაციის ინტერესებზე საქართველოს ეკონომიკის მიმართ. გაირკვა, რომ შანხაის უმსხვილესი კორპორაცია „CEFC China“-ი საქართველოში რეგიონული ოფისის გახსნას აპირებს, რომლის მეშვეობითაც განახორციელებს საქმიანობას არა მხოლოდ აღნიშნულ რეგიონში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. გარდა ამისა, უშუალოდ საქართველოში „CEFC China“-ი დაინტერესებულია განახორციელოს ინვესტიციები საბანკო სექტორში, ენერგეტიკასა და ტურისტულ ბიზნესში.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ქართული ღვინის ექსპორტის საკითხზე ჩინეთში, რომელიც ყოველწლიურად მატულობს. ოფიციალური სტატისტიკით, 2016 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთმა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში მე-4 ადგილიდან მე-3 ადგილზე გადაინაცვლა ისეთი ტრადიციული ბაზრების შემდეგ, როგორიცაა რუსეთი და უკრაინა. საქართველოდან ჩინეთში წლის განვლილ ნახევარში ექსპორტირებულია 1,9 მლნ ბოთლი ღვინო (0,75 ლ), ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 148%-ს მიაღწია.

ასევე ითქვა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველო ღირსეულად იქნას წარმოდგენილი შანხაის რეგიონის ღვინის ბაზარზე, რომელიც ამ პროდუქტის ერთერთი მნიშვნელოვანი მომხმარებელია.

შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება ჩინეთთან მიმდინარე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ. ითქვა, რომ დიალოგი ქვეყნებს შორის ამ საკითხზე წარმატებულად მიმდინარეობს და მისი გაფორმება, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე იქნება შესაძლებელი.

დიმიტრი ქუმსიშვილმა მსხვილი ჩინური კორპორაციის „Er Shang Group“-ის პრეზიდენტთან სუნ ჯისაც შეხვედა. შეხვედრა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე საქართველო–ჩინეთის ბიზნეს–ფორუმის ფარგლებში გაიმართა. საქართველოში წარმოებული აგროსამრეწველო პროდუქციის ჩინეთში დისტრიბუციის შესაძლებლობებზე ისაუბრა საქართველოს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

შეხვედრას დაესწრნენ ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების მოადგილეები ქეთევან ბოჭორიშვილი და ლევან დავითაშვილი. აგრეთვე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, საქართველოს ელჩი ჩინეთში დავით აფციაური და ქართველი ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, რომლის კომპანიამ „შილდა თრეიდმა“ ჩინურ კორპორაციასთან „Beijing Er Shang“ ბიზნეს–ფორუმის მსვლელობისას ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

შეხვედრაზე დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა საქართველოს ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატზე, რომელიც აისახა კიდეც საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში. დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინური კორპორაციის ხელმძღვანელები საქართველოში მოიპატიჟა საქართველოს საწარმოო შესაძლებლობების ადგილზე შესასწავლად.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კორპორაციას „Er Shang Group“-ს, რომელიც ჩინეთში თავად არის სურსათის ერთერთი უმსხვილესი მწარმოებელი, გადამამუშავებელი და დისტრიბუტორი, დიდი ინტერესი აქვს საქართველოსთან ითანამშრომლოს. მათ შორის, ქართული ღვინის „Er Shang Group“-ის მფლობელობაში არსებული სარეალიზაციო ქსელის მეშვეობით. თუმცა ღვინის გარდა, ჩინური კორპორაცია სხვა ქართული აგროსამრეწველო პროდუქციითაც ინტერესდება.

შანხაის ბიზნეს–ფორუმმა თავი მოუყარა ჩინეთის, განსაკუთრებით კი, შანხაის პროვინციაში მომუშავე 100–ზე მეტი მსხვილი კორპორაციის წარმომადგენელს. მათთვის პრეზენტაციები გააკეთეს საქართველოს 5 მინისტრის მოადგილეებმა, სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებმა და სახელმწიფო და კერძო საინვესტიციო ფონდების დირექტორებმა.