04/05/2024
Latest:
საზოგადოება

,,პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში უნდა მოდიოდეს მინიმუმ 8 წლით, რათა მას ჰქონდეს გონივრული ვადა დასახული მიზნების განსახორციელებლად”

თემურ ჭყონია ბიზნესმენია, რომელსაც სამი სხვადასხვა ხელისუფლების პერიოდში მოუწია ბიზნესის კეთება. ,,კოკა კოლას” და ,,მაკდონალდსის” შემდეგ, ახლა უკვე ,,კასტელს”, ,,ზანდუკელს” და კიდევ რამდენიმე კომპანიას ფლობს. როგორ აფასებს ის ეროვნული ვალუტის გაუფასურების საპასუხოდ, მთავრობის მიერ შემუშავებულ 10 პუნქტიან გეგმას, რამდენად მნიშვნელოვანია რეინვესტირებული მოგების გადასახადის რეფორმა, რა მიმართულებით სჭირდება ბიზნესს ხელშეწყობა და რა გეგმები აქვს უახლოეს პერიოდში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გაზეთი ,,ბანკები და ფინანსები” ბიზნესმენ თემურ ჭყონიას ესაუბრა.

გთავაზობთ ერთ-ერთ მონაკვეთს ინტერვიუდან, სადაც ჭყონია არჩევნების შედეგებზე და პოლიტიკურ მოლოდინებზე საუბრობს.

– საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ,,ქართულ ოცნებას” სრული მხარდაჭერა გამოუცხადა, თქვენი აზრით რა გახდა ამის მიზეზი და რა მოლოდინები გაქვთ მთავრობისგან?
– ,,ქართული ოცნების”გამარჯვების ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ 4 წლის განმავლობაში რაც ხელისუფლებაში არიან, უარყოფითი განწყობა მათ მიმართ ნაკლებად იყო, ეს კი არჩევნებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამომრჩეველს მთავარია არ ჰქონდეს უარყოფითი განწყობა და შემდეგ დადებითის მოპოვება არ არის რთული. ასევე, მთელი საარჩევნო პროცესი მიჰყავდა გიორგი კვირიკაშვილს, ხალხი მის მიმართ დადებითადაა განწყობილი, თვითონაც პოზიტიური პიროვნებაა, დასავლური ტიპის ლიდერია თავისი საუბრით და მიდგომით, რაც გამარჯვების კიდევ ერთი მოტივი გახდა.

როგორც წესი, საარჩევნოდ ადამიანების განწყობა მიმართულია პიროვნებების მიმართ და არა საარჩევნო პროგრამებისკენ, რაც ბუნებრივია ჩვენი ამომრჩევლის ყველაზე დიდი მინუსია. მაგრამ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავად პროგრამებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს. პარტიებმა იციან, რომ პროგრამების დემონსტრირება და სწორი წარდგენა, დიდი შედეგის მომტანი არ არის, ამიტომ მას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს მინდა გავუსვა ხაზი, მე მიმაჩნია რომ ერთი და იგივე ხელისუფლებას ორი ვადით უნდა ვირჩევდეთ. 8 წელი მაინც უნდა იყოს ერთი გუნდი ხელისუფლებაში, ვინაიდან, ხელისუფლების ხშირი ცვლილება, საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის არის ცუდი.

სწორედ ამიტომ უნდა გაემარჯვა ,,ქართულ ოცნებას”. მათ რა პროგრამები, მიზნებიც ჰქონდათ დასახული არ შეიძლება შესრულებულიყო მოკლე ვადაში. 8 წელი კი საკმარისი დრო არის იმისათვის, რომ ხელისუფლებამ შეძლოს მისი პროგრამების გახორციელება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ პოლიტიკური გუნდი ხელისუფლებაში უნდა მოდიოდეს მინიმუმ 8 წლიანი ვადით.
თუნდაც გადავავლოდ თვალი წინა წლებს, ჩვენ 25 წელია ვსაუბრობთ, რომ თავისუფალი საბაზრო ეკონომიკა გვაქვს, მაგრამ წინსვლა საკმაოდ მცირეა. ამის უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ყოველი გამარჯვებული პარტია, ყველაფერს იწყებს ნოლიდან. არადა, მნიშვნელოვანია, რომ ახალი პარტიის მოსვლის შემდეგ, გაკეთდეს ანალიზი, კარგი რაც ჰქონდა წინა ხელისუფლებას ის ყველაფერი დარჩეს და გაგრძელდეს, ხოლო რაც ცუდია ის მოისპოს. ნოლიდან საქმის დაწყება ყოველთვის გაუმართლებელია.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ გაზეთ ,,ბანკები და ფინანსების” #487 ნომერში