02/05/2024
Latest:
საზოგადოება

პრემიერმა მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა წარადგინა

ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწოდებული ვართ ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს განვითარების და გაუმჯობესების საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისში დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეებს ქვეყნის განვითარების პრიორიტეტები და მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმა გააცნო.

პრემიერ–მინისტრის განმარტებით, ამჟამად საქართველოში დონორი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსებული 400-ზე მეტი პროექტი ხორციელდება, რომელთა ჯამური ღირებულება 6 მილიარდ ლარს აღემატება.

“საქართველოსთვის ფასდაუდებელია თქვენი მხარდაჭერა, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდეს დიდ ევროპულ ოჯახს, სადაც ადამიანის თავისუფლება, მისი უფლებები და კანონის უზენაესობა მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს; გახდეს მოწინავე ქვეყანა სიღარიბის გარეშე, სადაც თითოეულ მოქალაქეს ღირსეული ცხოვრების საშუალება მიეცემა”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის ძირითადი პრიორიტეტებია: ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის რეფორმები და სამუშაო ადგილების შექმნა; განათლების რეფორმა, რომელიც ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება ორიენტირებული; რეგიონებისა და ინფრასტრუქტურის განვითარება და მმართველობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო უწყებების ეფექტიანობას და მეტ გამჭვირვალობას.

“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ განვითარების ახალი დღის წესრიგის სათავეებთან ვდგავართ. შარშან სექტემბერში, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, მიღებულ იქნა გლობალური მდგრადი განვითარების მიზნები, რომელსაც საქართველოც შეუერთდა. ჩვენ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი, მოწოდებული ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ სამყაროს განვითარების და გაუმჯობესების საქმეში. უფრო მეტიც, მდგრადი განვითარების 17-ვე მიზანი ეროვნულ დონეზე ჩვენი მიზნებიცაა, რომლის მიღწევაც პირველ რიგში, ჯერ საქართველოს წინსვლასა და აყვავებას მოიტანს. უახლოეს პერიოდში, ჩვენ ვიმუშავებთ მოსახლეობის დაგროვილი პრობლემების გადაჭრაზე, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი მოსახლეობის ყველა ჯგუფის კეთილდღეობას”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ უფრო ღია და ეფექტიანი მმართველობის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში სამთავრობო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაცია და მმართველობაში სამოქალაქო ჩართულობა.

გიორგი კვირიკაშვილმა ფორუმის მონაწილეები ივნისში ბათუმში დაგეგმილ მე-8 მინისტერიალის კონფერენციაზე მოიწვია.

დონორების ყოველწლიური საკოორდინაციო ფორუმი ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას უწევს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია.

დონორების ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმს საქართველოს მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.