პროდასავლური ძალების მითიურ მარცხზე მითიურ პრორუსულობასთან მიმართებაში
დასავლელი პოლიტიკოსები თუ ანალიტიკოსები დიპლომატიურად და მოზომილად გვაპარებენ, რომ «თავისუფალი დემოკრატებისა» და «რესპუბლიკელების» მარცხმა დასავლეთის ქვეყნებში ცალკეული პიროვნებები გააკვირვა, მაგრამ ამ ფაქტს არ გაუოცებია ისინი, ვინც ქართულ პოლიტიკაში კარგად ერკვევა.
ჰერიტიჯის ფონდის მკვლევარი ლუკ კოფი აცხადებს, რომ ზოგიერთი გამოკვეთილად პროდასავლური პარტიის (მათ შორის, «რესპუბლიკელებისა» და «თავისუფალი დემოკრატების») შეუსვლელობა პარლამენტში გულდასაწყვეტია, მაგრამ იგი არ მიიჩნევს, რომ ამით ქვეყნის დასავლურ კურსს საფრთხე მიადგება.
ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იალოვიცი კოფის შეხედულებას ეთანხმება და აცხადებს, რომ ისურვებდა, ეს ორი პარტია პარლამენტში შესულიყო, მაგრამ პარლამენტს გარეთ მათი დარჩენის მიუხედავად, ქვეყნის ტრაექტორია, სავარაუდოდ, უცვლელი დარჩება.
ამერიკელი ანალიტიკოსი ლინკოლნ მიტჩელი კი სამწუხაროს უწოდებს იმ ფაქტს, რომ «რესპუბლიკელებმა» და «თავისუფალმა დემოკრატებმა» 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს და პარლამენტში ვერ შევიდნენ. ანალიტიკოსის თქმით, ორივე პოლიტიკურ ძალას პროცესებისთვის უფრო რეალურად უნდა შეეხედა და უკეთესი იქნებოდა, თუკი ისინი კენჭს ერთი ბლოკის სახით იყრიდნენ.
რატომ ზომავენ გამუდმებით ქართველი ამომრჩევლის განწყობას პრორუსული და პროევროპული საზომით, მაშინ, როცა ეს საზომი პირობითია და ჩვენში ხშირად ეს ცნებები აღრეულია ერთმანეთში? ამის შესახებ ექსპერტი ვაჟა ბერიძე საუბრობს.
– დასავლეთში აღიარებენ, რომ «ქართულმა ოცნებამ» არჩევნები პროდასავლური პლატფორმით ჩაატარა, მაგრამ მაინც უკვირთ მკვეთრად გამოხატული პროდასავლური ძალების მარცხი. რა შეცდომა დაუშვა დასავლეთმა და რატომ ვერ განსაზღვრა, რომ პროდასავლური ლიდერების დადებითი იმიჯი სულაც არ ნიშნავს მათი პარტიების მაღალ რეიტინგს?
– დასავლეთში ძალიან ბევრი მაღალი რანგის პროფესიონალია, რომლებიც პოლიტიკურ პრობლემურ საკითხებზე მუშაობენ და, მათ შორის, არიან მიტჩელი, კოენი, იალოვიცი. ესენი გამოცდილი დიპლომატები და ანალიტიკოსები არიან, მაგრამ ეტყობა, ძალიან შორს არის ვაშინგტონი გეოგრაფიულად საქართველოსგან, რადგან ზოგჯერ დასავლელი დიპლომატების ხედვები რეალობას აცდენილია, უფრო სასურველის ფარგლებში მიმოიქცევა და ტრიალებს.
“ევროპული არჩევანი გაკეთებულია, იგი გადახედვას არ ექვემდებარება და საქართველოს დამოუკიდებლობასთან, მის ეროვნულ ინტერესებთან თავსებადია”
აბსოლუტურად მიუღებელია კლიშეებით აზროვნება და პოლიტიკური ჯგუფების გაზომვა ისეთი ტერმინებით, როგორიცაა «პროდასავლური» და «პრორუსული» პოლიტიკა და ხედვები. როგორც ცხოვრებამ დაადასტურა, ეს უაღრესად პირობითია და გულისხმობს, რამდენად ემთხვევა ამა თუ იმ პოლიტიკური ძალის ინტერესი იმავე შეერთებული შტატების ადმინისტრაციის და პოლიტელიტის ინტერესებს. როცა უნდათ, მაშინ პროდასავლურია ხედვა, ხოლო, თუ ასე არ დაინახეს ამა თუ იმ ძალის საქმიანობა, მაშინ ის უეჭველად პრორუსულია, რადგან პროდასავლურისა და პრორუსულის გარდა ხედვა თურმე არ არსებობს.
ჩვენმა ხალხმა არჩევანი უკვე გააკეთა. ეს ევროპული არჩევანია, იგი გადახედვას არ ექვემდებარება, რადგან ყველა სხვა ალტერნატივისგან განსხვავებით, საქართველოს დამოუკიდებლობასთან და მთლიანობასთან თავსებადია.
რეალურად, დასავლეთი თავგამოდებულად უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, როგორც დისიდენტს, მოაზროვნესა და მოღვაწეს. თუმცა, როგორც კი გამსახურდიამ გადადგა ისეთი ნაბიჯები, რომელიც ამ კლიშეებში არ თავსდებოდა, ის წამსვე მოინათლა დინების წინააღმდეგ მოცურავედ და, შესაბამისად, აქ ისეთი პროცესები განვითარდა, რომლებიც დასავლეთს დიდად არ გაუპროტესტებია. ასე იყო შევარდნაძის დროსაც, რომლის პროდასავლურობას განსაზღვრავდა მისი წარსული მოღვაწეობა საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე და ის, თუ რამდენჯერ შეხვდებოდა შევარდნაძე აშშ-ის ელჩს – ბრაუნს და რამდენჯერ რუსეთის ელჩს. მერე იყო სააკაშვილი, რომელიც არც ერთ პრინციპულ საკითხში არ ეთანხმებოდა დასავლურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების სტანდარტს, დემოკრატიის ხარისხს, სრულიად უაზროდ წამოიწყო 2008 წლის ავანტიურა, როცა წამოეგო ცხინვალის ტერიტორიაზე შეიარაღებული ფორმირებების პროვოკაციებს, რომლებიც ბომბავდნენ და თავს ესხმოდნენ ქართულ სოფლებს და ეს რატომღაც ყველას ავიწყდება. სააკაშვილმა დაიწყო იქ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა, რომელიც რუსული აგრესიით და ჩვენთვის მიუღებელი რეალობით დასრულდა.
“საქართველოს ისტორია, სამწუხაროდ, კოლაბორაციონიზმის ისტორიაა”
ახლა რომელ მკვეთრად გამოხატულ პროდასავლურ ძალთა მარცხზეა საუბარი, როდესაც «ქართული ოცნება» დომინირებს ამ არჩევნებზე? ასეთია ქართველი ხალხის ვერდიქტი, იმის მიუხედავად, თუ რამდენი პროცენტი მივიდა ამ არჩევნებზე, რამდენმა მისცა ხმა ელექტორატის საერთო რაოდენობიდან. ეს კიდევ სხვა თემაა და სხვა სამსჯელოა, მაგრამ გაიმარჯვა «ქართულმა ოცნებამ», რომელშიც, ორიგინალობით გამორჩეული ცალკეული პირების გარდა, პრორუსული არც არავინაა. მართალია, თოფაძეს სხვა ხედვები აქვს, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ის თოფაძეც არ არის თავგამოდებული პრორუსი. არის კიდევ რამდენიმე ჯგუფი, მე მათ ვერ ვუწოდებ მარგინალურს, მაგრამ ეს ჯგუფები რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრენი არიან. განა ამერიკელი ანალიტიკოსები და ჩვენი პარტნიორები მოლაპარალებების დროს იმას არ გვირჩევენ, რომ რუსეთთან ურთიერთობა დავალაგოთ.
– იქნებ, პრორუსულ ძალად “პატრიოტთა ალიანსს”მოიაზრებენ?!
– რომელ პრორუსულ ძალაზეა საუბარი, როცა სულ რაღაც ექვსკაციანი ჯგუფით შევიდა პარლამენტში «პატრიოტთა ალიანსი» და ისინი კატეგორიულად ამბობენ, რომ არ არიან პრორუსულები. პირველსავე დაძახილზე გარბიან ვაშინგტონში და ბრიუსელში, ამით ამაყობენ და შეიძლება, ნაციონალებზე მეტად უხარიათ ვაშინგტონი და ბრიუსელი რომ ელაპარაკება. რაც შეეხება რადიკალურ განწყობებს, ასეთი განწყობა ქართულ საზოგადოებაში არსებობს, არის გარკვეული შეშფოთება თურქული ექსპანსიის გამო, რომელიც მე არ მიმაჩნია სახიფათოდ, თუ ჩვენ გონივრულ პოლიტიკას გავატარებთ და გონივრული ურთიერთობა გვექნება თურქეთის ამჟამინდელ და ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც თურქი ხალხი აირჩევს. ჩვენი ხალხის ნაწილს მიაჩნია, რომ რუსეთთან უფრო აქტიური და მჭიდრო კონტაქტები უნდა დავამყაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მათ ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორია. არის, ასევე, ნოსტალგია იმ ადამიანებს შორის, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროს ახალგაზრდები იყვნენ და დღეს უკვე მათი მოხუცებულობის პერსპექტივა სავალალოა. ამ ჭაღარა ხალხს ხომ უნდა ჰქონდეს თავისი ხმა პარლამენტში? ე.წ. ქართველი რადიკალების განცხადებები, ირმა ინაშვილისა და დავით თარხან მოურავის აზრები არ შეიძლება რადიკალურად იყოს მიჩნეული, რადგან ,,სირიზას” და ციპრასის – საბერძნეთში, ,,პეგიდას” ხელმძღვანელების – გერმანიაში, მარი ლეპენის რიტორიკა არანაკლებ რადიკალურია.
“ხშირად პროდასავლურობა პრორუსულობას სულაც არ გამორიცხავს”
ისინი თავიანთი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებსა და ევროსტურუქტურებში არიან წარმოდგენილები და ჩვენთან ,,პატრიოტები” რატომ უნდა იქნან მიჩნეული კეთროვანებად? აღარაფერს ვიტყვი «ქართული ოცნების» მთავარ პასუხისმგებელ პიროვნებაზე, ბიძინა ივანიშვილზე, რომელსაც თავისი აქტივების მეტი წილი დასავლეთის ბანკებში აქვს ჩადებული და საფონდო ბირჟებზე განთავსებული. ჩემი აზრით, ესეც გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა ანტიდასავლური ნაბიჯები გადადგას. ის, რომ თურმე ივანიშვილმა რუსეთში იშოვა ფული და ამიტომ შეიძლება გამარჯვებული ძალის პროდასავლურობა ეჭვქვეშ დადგეს, საფუძველს მოკლებულია. «ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ», ოღონდ არ დაკარგოს პრივილეგიები, მზად არის იკეკლუცოს და რადიკალური განცხადებები გააკეთოს, თითქოსდა, თავისი პროდასავლურობის შეუცვლელობის დასამტკიცებლად. ცალკეული დასავლელი ანალიტიკოსები და ექსპერტები, პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები აქ რომ ჩამოდიან, ისეთი ხალხი ხვდება მათ და ესაუბრება, რომ რეგიონში რეალურად არსებულ ვითარებას არავინ აწვდის, არავინ შედის მათთან სრულფასოვან დიალოგში. აქედან გამომდინარე, დასავლეთს არ აქვს რეალური წარმოდგენა ქართული პოლიტიკური სპექტრისა და ხალხის განწყობაზე.
ბუნებრივია, რუსული დილემა, ამერიკასა და დასავლეთთან ჩვენი მეგობრული ურთიერთობის მიუხედავად, სააკაშვილის ავანტიურის მერე, გადაჭრის თვალსაზრისით, უკან წავიდა და არა – წინ. გარდა ამისა, ჩვენ არ ვიცით, არც ერთი მსხვილი ამერიკული და ევროპული ინვესტიცია საქართველოში. უფრო მეტიც, ჩვენ ისე ჩაგვიარა დეინდუსტრიალიზაციამ და ახლა, ალბათ, ისე ჩაგვივლის რეინდუსტრიალიზაცია, რომ აქედან სიკეთე არაფერი მიგვიღია და გაჩანაგებულია ქვეყნის ეკონომიკა, ერთი-ორი ტურისტი თუ შემოეხეტება საქართველოში. კონკრეტულად აშშ-ის ან ევროპის მიმართ კრიტიკული განწყობა ჩვენში არავის აქვს, არამედ ეს განწყობა აქვთ ე.წ. შინაარსიდან გამომდინარე. ამიტომ არსებითად ჩვენში არც ერთი პოლიტიკური ძალა თავს არ მიიჩნევს პრორუსულად.
– როცა საუბრობთ, რომ დასავლეთიდან საქართველოში მსხვილი ინვესტიციები არ შემოდის, ამას რით ახსნით? იქნებ,ინვესტიციებით რომ შეეწყოთ ხელი, ამით მაინც შეძლებდნენ საზოგადოების იმ ნაწილის გადაბირებას, ვისაც დღემდე პრორუსული განწყობა შერჩენია?
– სამწუხაროდ, მხოლოდ ინვესტიციები საამისოდ არ იკმარებს.
– ანუ, დასავლეთი მხოლოდ არასამთავრობოებით და მათთვის გაცემული გრანტებით შემოიფაგლება?
– დიახ, მხოლოდ არასამთავრობოებით, რადგან კარგად გამოკვებილი არასამთავრობოები მიაჩნიათ თავის დასაყრდენად. არასამთავრობო სექტორი მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტელექტუალური პოტენციალი უფრო სხვაგან დევს საქართველოში, ვიდრე იმ ათიოდე არასამთავრობო ორგანიზაციაში. ამ რეალობას ისინი ან ვერ ხვდებიან, ან არ სურთ, მიხვდნენ. ამ დროს საუბარია იმაზე, თურმე რა გვეშველება, რომ ცალკეული ძალები ვერ მოხვდნენ პარლამენტში. რა თქმა უნდა, ცუდია, ისეთი გამოცდილი პოლიტიკოსები, როგორებიც ჰყავთ «თავისუფალ დემოკრატებს», «რესპუბლიკელებს» და სხვებს, გაამდიდრებდა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ რეალურად წლები გადის, ისინი პოლიტიკაში არიან და ვერ ისწავლეს გზა ხალხის მისამხრობად. პოპულისტები რომ არ არიან, კარგია, მაგრამ რეიტინგიც საჭირო რამ არის პოლიტიკაში.
“ქართველი ხალხისთვის აღვირახსნილი პროდასავლურობა მიუღებელია”
– ანუ, ცნობილი ადამიანის ლიდერობა ხალხის მიმხრობის საწინდარი არაა?
– ცნობილი ადამიანის ლიდერობა ხალხის მხარდაჭერას არ ნიშნავს. მათ ხალხის მხარდაჭერა ვერ მოიპოვეს და ახლა რა ვქნათ, როდემდე ვაყალბოთ არჩევნები ამ ბედკრულ ქვეყანაში?! 25 წელი ვაყალბეთ ეს არჩევნები, იყო რამდენიმე არჩევნები, როცა არჩევნებზე მხოლოდ ამა თუ იმ პიროვნების მხარდამჭერი ელექტორატი მიდიოდა, ეს იქნებოდა შევარდნაძე თუ სააკაშვილი.
– კლასიკური გაგებით, ჩვენთან პროდასავლური და პრორუსული ცნებები არც არსებობს, ჩვენთან უფრო ამ ცნებების აღრევაა. თქვენ შევარდნაძე ახსენეთ და თავის დროზე თბილისში ხმები ვრცელდებოდა, რომ შევარდნაძემ მარგარეტ ტეტჩერს მიართვა საყურეები, თქვენი თვალების ფერიაო. თუმცა, იმის მიუხედავად, ის რამდენჯერ შეხვდებოდა დასავლელ ლიდერებს, ეს არ აფერმკრთალებდა მის საბჭოურ წარსულს.
– ამიტომაც პროდასავლურობის და პრორუსულობის კლიშეებად გადაქცევის მომხრე არ ვარ. ხშირად პროდასავლურობა ე.წ. პრორუსულობას სულაც არ გამორიცხავს. ჩვენ 200 წლის განმავლობაში დაპყრობილნი ვიყავით და სხვადასხვა ხასიათის დამოკიდებულება გვქონდა რუსეთთან. რუსეთის იმპერიის სუბიექტური სწრაფვისა და მიზანდასახულობის მიუხედავად, რომელთაც მხოლოდ ქართველობის ასიმილირება და საქართველოს ერთ-ერთ გუბერნიად გადაქცევა ჰქონდათ განზრახული, მაინც შემოვიერთეთ დაკარგული ტერიტორიების ნაწილი. ეს ტერიტორიები რუსეთმა სათავისოდ დაიპყრო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჩვენ ამით საქმე გაგვიკეთდა. საქართველოს ისტორია, სამწუხაროდ, კოლაბორაციონიზმის ისტორიაა, რადგან მხოლოდ 5-6 საუკუნე თუ ვიყავით ერთიანი და დამოუკიდებელი, ამ სიტყვის დღევანდელი გაგებით. რომელიმე ძლიერი იმპერიის გავლენის ქვეშ ვაგრძელებდით ჩვენს შიდა ცხოვრებას, როგორც ეკონომიკურს, ისე სულიერს და, ამავე დროს, ვინარჩუნებდით ეროვნულ თვითმყოფადობას. ეს ჩვენი ისტორიაა და ახლა რომ გავიყოთ მარგინალურ პრორუსულებად და რესპექტაბელურ პროდასავლელებად, ეს შეცდომა იქნება. როგორმე უნდა გავაგებინოთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში, რომ საქართველოს შემთხვევაში ასე საუბარი მიუღებელია. თუ აზერბაიჯანს საშუალება აქვს, იყოს დასავლეთის პარტნიორიც რეგიონში (განსაკუთრებით, ენერგეტიკული პროექტების კონტექსტში) და, ამავე დროს, ლაპარაკობდეს რუსეთთან, ახალი ენერგეტიკული ხაზი (რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი) იქმნებოდეს, ჩვენ არ გვაქვს ამის უფლება? აზერბაიჯანის მაგალითს დასავლეთი მისთვის საზიანოდ ხომ არ მიიჩნევს? მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას დემოკრატიის თვალსაზრისით სერიოზიული ხარვეზები აქვს. ამ დროს როგორ შეიძლება საქართველოში ილაპარაკონ პროდასავლური ძალების მითიურ მარცხზე მითიურ პრორუსულობასთან შედარებით?! ამ არჩევნების მთავარი ფაქტორი ხომ სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობა იყო?! ამ არჩევნებით სააკაშვილმა გადაწყვიტა საქართველოში მობრუნება, რამაც ნაციონალების მომხრეების მობილიზება გამოიწვია, მაგრამ, ამავე დროს, ელექტორატის 10-15% მოუმატა მმართველ პარტიას. შეშფოთებული მოქალაქეებისა, რომელთა ასეთი პერსპექტივა სშფოთებთ. ამანაც დაადასტურა, რომ აღვირახსნილი პროდასავლურობის მოწინააღმდეგეა ქართველი ხალხი. ჩვენი ხალხი დასავლეთის ერთგული სტრატეგიული პარტნიორია, მაგრამ ეს იმისთვის კი არ უნდა, რომ თვითმკვლელობის აქტი ჩაიდინოს და პროდასავლურობის ძახილით დაიშალოს, გაღატაკდეს და მოკვდეს, გაქრეს მსოფლიო არენიდან.
“ქართული ოცნება”, დარწმუნებული ვარ 4 წლის შემდეგ ხელისუფლებიდან წავა”
ეს იმისთვის უნდა, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესების წინაშე მდგარი პრობლემები გადაწყვიტოს – ეს არის ეკონომიკის ამუშავება, სოციალური პრობლემების მოგვარება, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიგვაჩნია, რომ ამას დასავლეთის მხარდაჭერით მოვაგვარებთ, რასაც 25 წელია ველოდებით და ხელშესახები მიღწევები არ ჩანს. თუმცა სუვერენიტეტის ხარისხში, რაც ჩვენ გვაქვს, დასავლეთს დიდი წვლილი მიუძღვის. ქართველი ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც საიდანღაც მითითებებით გააკეთებს თავის არჩევანს. ხვალ შეიძლება, «ოცნება» არ აირჩიონ, დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ «ოცნება» ხელისუფლებიდან წავა, ასე სჭირდება დემოკრატიულ პროცესს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ეს ოთხი წელი მას სერიოზული ამოცანები აქვს გადასაწყვეტი და დასამტკიცებელი, რომ არაფორმალური მმართველობის ნიშნები აღარ იარსებებს და ეს პოლიტიკური ძალა დამოუკიდებლად იტვირთავს ქვეყნის მართვას, სავარაუდოდ, პრემიერ კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით. მე მჯერა, რომ ეს ოთხი წელი წარმატებული იქნება, თუმცა მიმაჩნია, რომ 3-4 წელიწადში ამქვეყნიურ სამოთხეს საქართველოში ვერ ვიხილავთ.
ავტორი: მანანა ნოზაძე
წყარო: for.ge