28/04/2024
Latest:
საზოგადოება

“მედიკამენტების ბაზარზე ფასების კლების ტენდენცია აპრილის თვეში შეჩერდა”

აპრილის თვეში მარტთან შედარებით “ფანასკერტელის ინდექსი” 0,27%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მედიკამენტების ბაზარზე ფასები თითქმის უცვლელია და ამ მიმართულებით ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. კვლევასთან დაკავშირებით, ვესაუბრებით “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას” პრეზიდენტ შოთა გულბანს, რომელიც უკვე მე–6 თვეა პროექტს ხელმძღვანელობს, რაც ყოველთვიურად, ორგანიზაციის მიერ შემუშავებული “ფანასკერტელის ინდექსის” მეშვეობით, მედიკამენტებზე ფასების მონიტორინგს გულისხმობს.

რატომ გადაწყვიტეთ ამ კვლევის დაწყება და რით არის ის საინტერესო და მიმზიდველი ამ სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის?

– მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 30%–ს, რაც შეადგენს 1,3–დან 2,1–მდე მილიარდ ადამიანს, ჯერ კიდევ არ აქვთ სიცოცხლისთვის აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომა. მაგალითად ინდოეთში, მოსახლეობის დაახლოებით 65%–ს არ აქვთ რეგულარული წვდომა მედიკამენტებზე. მთელს აფრიკაში, თითქმის მოსახლეობის ნახევარი ანალოგიური პრობლემის წინაშე დგას. გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, იმის გამო, რომ მედიკამენტებზე არსებული ფასები გადამწყვეტ როლს თამაშობენ მათზე ხელმისაწვდომობის პროცესში, ეს პრობლემა ჩვენს ქვეყანაშიც საკმაოდ მასშტაბურია. უმეტეს შემთხვევაში პენსიონერები თავიანთი შემოსავლის ძირითად ნაწილს საჭირო მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. სახელმწიფომ დაიწყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განხორციელება, რაც ვფიქრობ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია ჯანდაცვის სფეროში, თუმცა მედიკამენტებზე წვდომა ამ კუთხით კვლავ შეზღუდულია. შესაბამისად ეს სფერო, მისი სოციალური მნიშვნელობიდან გამომდინარე ყოველთვის იყო აქტუალური და ჩვენი დაინტერესებაც ვფიქრობ ბუნებრივია, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ “აფბას” ფარმაცევტული ბაზრის კვლევის საკმაოდ ფართო გამოცდილება გააჩნია.

რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, თუ ვინ შეიძლება იყოს კვლევის შედეგების მიზნობრივი აუდიტორია, რა თქმა უნდა, ყველა ის კომპანია, სახელმწიფო სტრუქტურა თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ვისაც პირდაპირი ან ირიბი შეხება აქვს მედიკამენტების ფასებთან და დაინტერესებულია, თუ როგორია ვითარება ამ ბაზარზე, კერძოდ როგორ იცვლება ფასები თვიდან თვემდე, არა მარტო 200 დასახელების ყველაზე მოთხოვნად მედიკამენტზე, არამედ ისეთი მედიკამენტების ჯგუფებზე, რომლებიც შედის პირველადი დახმარებისთვის საჭირო მედიკამენტთა სიაში, ასევე ტურისტისთვის და ჩვილი ბავშვისთვის საჭირო მედიკამენტების ჯგუფებში, და კიდევ სხვა მრავალი ჩაშლილი მიმართულებით ვაწვდით ინფორმაციას საზოგადოებას, თუ როგორ იცვლება ფასები მედიკამენტებზე. ამას ჩვენს პარტნიორ ორგანიზაცია – “ჯანდაცვის პლატფორმასთან” ერთად ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მოცვადი გავხადოთ მედიკამენტების რაოდენობა.

თქვენი ბოლო კვლევის მიხედვით, “ფანასკერტელის ინდექსი” თითქმის არ შეცვლილა, რაზე მეტყველებს ეს ფაქტი და როგორია თქვენი მოლოდინები მედიკამენტების ბაზარზე ფასების ცვლილებების მიმართულებით?

ინდექსი თითქმის არ შეცვლილა, მხოლოდ 0,27%–ით შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ბაზარზე რაიმე სახის მნიშვნელოვანი ძვრები, რასაც შეეძლო პირდაპირი ან ირიბი გზით ფასებზე ზეგავლენა მოეხდინა, არ მომხდარა. ზოგადად ფასებზე რა ახდენს გავლენას? ეს არის კომპანიების გადაწყვეტილებები და მათი სტრატეგიები მომხმარებელთა გადასაბირებლად, რაც ძირითადად კონკურენტული ფასის შეთავაზებით გამოიხატება, ასევე სახელმწიფოს ირიბი ჩარევა და ეროვნული ვალუტის კურსი, რომლის გაუფასურება ან გამყარება შედეგად იწვევს იმპორტირებული მედიკამენტების გაძვირებას ან გაიაფებას, ასეთი კი საქართველოში მრავლადაა.

ვფიქრობ, ჩვენმა კვლევამ საკმაოდ საინტერესო ტენდენცია აჩვენა. კვლევის დასაწყისში, 6 თვის უკან, რასაც დროში დაემთხვა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ძლიერი იმპორტიორი კომპანიის გამოჩენა, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორი რეაგირება მოყვა ამას არსებული კომპანიების მხრიდან, აქტიური კამპანია, ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა მოქალაქეების პირად ნომრებზე, რომ მათთან უკვე ყველაზე იაფად არის შესაძლებელი მედიკამენტების შეძენა. ეს იმას ნიშნავს, რომ კონკურენტული გარემოს ფორმირება ფასების კლებას განაპირობებს. ამ პროცესების პარალელურად ჩვენმა ყოველთვიურმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მედიკამენტებზე ფასები მართლაც იაფდებოდა, რაც “ფანასკერტელის ინდექსის” კლებას განაპირობებდა,  სანამ სიტუაცია შედარებით არ დასტაბილურდა და კომპანიები შეეგუვნენ, რომ ბაზარზე ახალი მოთამაშე იარსებებდა. მსგავსი მაგალითები ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წარსულშიც მრავლად ყოფილა. პლუს ამას, გვერდს ვერ ავუვლით ლარის ბოლოდროინდელ გამყარებას, რომელმაც ფასების შემცირებაზე დადებითად იმოქმედა.

რაც შეეხება მოლოდინებს, ვფიქრობ და გამოკვლევებიც ადასტურებს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს აქვთ რესურსი, რომ ფასები შეამცირონ, ჩვენ ამის ნათელი მაგალითი ვიხილეთ გასულ თვეებში, იმედი ვიქონიოთ, რომ ტენდენცია შენარჩუნდება.

ბაჩანა ჯინჭარაძე