17/05/2024
Latest:
მსოფლიო

“ქართველი ხალხი სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს”

ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური და კეთილმეზობლური იყოს, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ქართველი ჟურნალისტის კითხვის – თუ რა პერსპექტივები არსებობს ომხრივ ურთიერთობაში 2016 წელს – საპასუხოდ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლავროვმა აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს.

“ჩვენ მომხრე ვართ, რომ საქართველოსთან ურთიერთობა ნორმალური იყოს. ქართველი ხალხი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი შეცდომებისთვის არ უნდა იხდიდეს საფასურს რუს მეზობლებთან ურთიერთობაში”, – განაცხადა ლავროვმა.
მისივე თქმით, დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთ-საქართველოს შორის მოსკოვის ინიციატივით არ შეწყვეტილა.

ლავროვმა აგვისტოს ომზეც გაამახვილე ყურადღება და მიხეილ სააკაშვილი “საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაში” დაადანაშაულა.

მისი თქმით, “აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების” გარდა, რუსეთს “სხვა გამოსავალი” არ ჰქონდა.

“ეს იყო მიხეილ სააკაშვილის კრიმინალური პოლიტიკის შედეგი. ის პროვოკაციებითაა ცნობილი, რომლის ნაწილი მისი ინიციატივით, ნაწილი კი შეკვეთით ხდება”, – აღნიშნა ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვი კმაყოფილია ჟენევის დისკუსიების გაგრძელებით და არსებობს იდეები, რომელიც ფორმატის ყველა მონაწილეს მისცემს შესაძლებლობას, ხელი მოაწეროს შეთანხმებას, რომელიც არ დაუშვებს “რეგიონში რეციდივების გამეორებას”.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველო, გაეროში ყოველწლიურად ლტოლვილების შესახებ “ცალმხრივი” რეზოლუციის შეტანისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, მოსკოვი მზად არის, ამ რეზოლუციაზე გაეროში იმსჯელოს, თუმცა აფხაზებისა და ოსების მონაწილეობით.

რუსეთის პირველმა დიპლომატმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზებს და ოსებს “ამერიკელი კოლეგები” ვიზებს არ აძლევენ, რის გამოც მან ამერიკული მხარე ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა და პარალელი გაავლო კოსოვოსთან, რომლის მოქალაქეებს “ვიზების მიღების საკითხში პრობლემებს არავინ უქმნის”.

რაც შეეხება საქართველო-რუსეთის ურთიერთობის პერსპექტივებს, სერგეი ლავროვის შეფასებით, “ეს ურთიერთობა ახლა გაყინვის სტადიიდან გამოდის”.

როგორც მან აღნიშნა, დამყარდა კონტაქტები ქართულ-რუსულ უწყებებს შორის რიგ სფეროში, მათ შორის ფიტოსანიტარულ და სავაჭრო სფეროებში.

რაც შეეხება “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს, სერგეი ლავროვის შეფასებით, ეს არის “პრაგმატული პროცესი” და მოლოდინი, რომ მოლაპარაკებები ჩაიშლება, უადგილოა. მისი თქმით, საქართველოს მოლაპარაკებები “გაზპრომთან” აწყობს სომხეთსაც.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პანკისის ხეობაში “ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა” და სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი დააწესა.

მისი თქმით, პერიოდულად ვრცდელდება ინფორმაცია, რომ პანკისის ხეობაში “ისლამური სახელწმიფოს” მებრძოლებს საწვრთნელი ბაზები აქვთ.

რაც შეეხება უვიზო რეჟიმის დაწესებას რუსეთ-საქართველოს შორის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვი “პერსპექტივაში მზად არის, უვიზო რეჟიმზე წამოვიდეს”, თუმცა ამაზე მსჯელობა უცნაური იქნებოდა, როცა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს.

სერგეი ლავროვმა ასევე კარასინი-აბაშიძის ფორმატზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ შორის სანდო ურთიერთობაა დამყარებული, რაც საშუალებას აძლევს, ყველა საკითხზე ისაუბრონ.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ქართველ კოლეგასთან ურთიერთობის დაწყების მზადყოფნა გამოთქვა და შეახსენა ჟურნალისტებს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომლის თანახმადაც, ის მზად არის, საქართველოს პრეზიდენტს შეხვდეს.
“სხვათა შორის, მზად ვარ ჩემს ქართველ კოლეგასთან კონტაქტისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია სხვა კონტაქტებიც. პრეზიდენტმა პუტინმა, როცა ამაზე ჰკითხეს, ასეთი შესაძლებლობა არ გამორიცხა”, – განაცხადა ლავროვმა.

kvira.ge